"ქალაქის მერი რომ ხარ და ნახევარი ქალაქი გაყინული დადის, დამწუხრებული სახით გამოჩნდი მაინც!" - კვირის პალიტრა

"ქალაქის მერი რომ ხარ და ნახევარი ქალაქი გაყინული დადის, დამწუხრებული სახით გამოჩნდი მაინც!"

"როგორც ინსტიტუტში აბარებინებდნენ კომუნისტების დროს, ისე ჩააბარებინეს ჭიღვარიას მერიაში და არის ასე - სანამ ვიქნები, ვიქნებიო. კარგი მომლხენი ბიჭია და იქეიფოს, დრო ატაროს, მაგრამ ჩვენს ნერვებზე ნუ ისეირნებს"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ ქუთაისში ბუნებრივი აირისა და დენის გათიშვა გააპროტესტა, მერიასთან შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება დააპირა, თუმცა, სამართალდამცველებმა შეშა ჩამოართვეს და განუმარტეს, რომ იქ ცეცხლის დანთება არ შეიძლება. რა ხდება ქუთაისში? - ამ კითხვით გოგი წულაიას დავუკავშირდით.

- ცენტრალური გაზის გამანაწილებელი მილი, რომელიც ქუთაისში შემოდის და აბონენტთა უმრავლესობა მარაგდება, დაზიანდა. ამათაც გადაკეტეს და 47 000 აბონენტი გაზის გარეშე დატოვეს. თოვლია, ყინვაა და, ბუნებრივია, მოსახლეობამ გათბობისთვის სხვა გზა მოძებნა - ელექტროღუმელები ჩართო, ტრანსფორმატორებმა დატვირთვას ვერ გაუძლო, ხაზები დაიწვა და მოსახლეობა დენის გარეშე დარჩა.

- დღეს როგორი სიტუაციაა? - ბევრს გაზი ახლაც არა აქვს, დენი კი წყვეტით. აბონენტები გადასახადს რომ ვიხდით, იქიდან ნაწილი ინფრასტრუქტურის განახლებისთვისაც არის გათვალისწინებული, თუმცა კაპიკი არ დაუხარჯავთ! მაღაზიებში პური გამოილია, 7 საათის შემდეგ სანთლით ვერ იპოვიდი, თუმცა სანთელიც სადღაა. ქალაქი პანიკამ მოიცვა, შეშინებულები ყველაფერს ყიდულობდნენ, რადგან არ ჰქონდათ ხელისუფლების იმედი, რომ გამოასწორებდნენ სიტუაციას. გადავწყვიტე, პერფორმანსი ჩამეტარებინა - მერიის წინ მიმეტანა შეშა და ცეცხლი დამენთო. მინდოდა, მეთქვა, უპატრონოდ მიტოვებული მოსახლეობა ასე მაინც გაათბეთ-მეთქი, მაგრამ ესეც მეორე ტრაგედიაა - ტელეფონები ისმინება და, მერიასთან სამი კაცი რომ მივედით, 30 პოლიციელი დაგვახვედრეს. ვერ ხვდებიან, რომ ამით მეტი ადამიანის ყურადღება მიიქციეს.

- ამას რა შედეგი მოჰყვა? - პროცესები დაჩქარდა. თუკი მანამდე პრობლემის აღმოფხვრაზე ათი კაცი მუშაობდა, ახლა ორი იმდენი ჩართეს. თუ რემონტისთვის, პირობითად ვამბობ, 100 ლარი იყო გამოყოფილი, ახლა 200 გამოყვეს. ყველა ბრძოლასა და პროტესტს შედეგი მოაქვს. ასე მოხდა ახლაც.

- სანამ ამ ხერხს მიმართავდით, იქნებ ჯობდა, ქალაქის მმართველებს დალაპარაკებოდით? - მანამდე დავრეკე და ვიკითხე კიდეც ამბავი. კარგი, ბატონო, რაკი ასე სვამთ საკითხს, მაშინ აგერ, თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ, დააჩქარონ ინფრასტრუქტურის გადახალისება და მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, რომ ავარიების რაოდენობა შეამცირონ. თუ ორსანტიმეტრიანმა თოვლმა ქალაქის პარალიზება გამოიწვია, სტიქია რომ მოხდეს, ალბათ, მთლად გადავშენდებით. ეს იმის გამოა, რომ ფული სახლში მიაქვთ!

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქუთაისის მერს კომპეტენცია დაუწუნეთ...

- მერი არის კაცი, რომელიც მოეწყო მერიაში! როგორც ინსტიტუტში აბარებინებდნენ კომუნისტების დროს, ისე ჩააბარებინეს მერიაში და არის ასე - სანამ ვიქნები, ვიქნებიო. რამდენი მონაცემი უნდა გამოვამზეურო, რომ მიხვდნენ, ეს კაცი გასაშვებია! Kკარგი მომლხენი ბიჭია და იქეიფოს, დრო ატაროს, მაგრამ ჩვენს ნერვებზე ნუ ისეირნებს. არ აინტერესებს, რა ხდება ქუთაისში. ყველაფერი მიშვებულია, დანგრეულია ქალაქი. 2006 წელს ქალაქში დიდი თოვლი რომ მოვიდა, კაკო ბობოხიძე იყო მაშინ გუბერნატორი. ამას პიარისთვის აკეთებდა თუ საქმისთვის, არ ვიცი, მაგრამ დაიჭირა ნიჩაბი და წმენდდა თოვლს. დაგვანახა კაცმა, თქვენთან ვარ და ერთი პრობლემა გვაქვსო. კარგია ის კაცი თუ ცუდი, სხვა საქმეა, მაგრამ ქალაქის მერი რომ ხარ და ნახევარი ქალაქი გაყინული დადის, დამწუხრებული სახით გამოჩნდი მაინც! ყველაზე მომაკვდავი ქალაქი ტყიბული იყო და ახლა გაასწრო ქუთაისმა ყველაზე მეტი ემიგრანტი ქუთაისიდან არის; ყველაზე მეტი უმუშევარი აქ ცხოვრობს; ყველაფერი უბედურება აქ ხდება და ამ დროს ქალაქის მერი რაღაცას ხომ უნდა შვრებოდეს?! როგორ დავუშვათ, ასეთი ძველი ქალაქი განადგურდეს და გადაშენდეს?! ქალაქი კვდება და ამის შემჩერებელი არავინაა!

- ბაღდათელებიც აკრიტიკებენ თავიანთ მერს.

- სახლში გამომწვარი სოციალურად დაუცველი ოჯახი დაასაფლავა და ზუსტად ხუთ დღეში დელეგაცია გაუშვა ჩეხეთსა და გერმანიაში ღვინის ფესტივალზე! მაგნაირები ქუთაისის მერსაც აქვს ნაკეთები. ამასაც უყვარს თვითმფრინავი და ხაჭაპურის ოთხად გაკეცვა.

- თბილისური ტაქსების თეთრად გადაღებვას რატომ აპროტესტებდით? - ქუთაისელ ტაქსის მძღოლს კლიენტმა რომ სთხოვოს, თბილისში ჩამიყვანეო, თუ თეთრი ფერის არ იქნება, ვერ უნდა შემოვიდეს ქალაქში?! თუ, იგოეთში უნდა დავაყენო ტაქსი და ფეხით გავაგრძელო გზა?!

- სხვა პერფორმანსებსაც გეგმავთ? - ახლა ვარკვევ, რა თანხა დაიხარჯა ჩვენს ქალაქში უპატრონო ცხოველების მოვლაზე 2018-2019 წლებში. თან ვადგენ, რამდენ ადამიანს დასჭირდა აცრა უპატრონო ცხოველების დაკბენის გამო. ვიცი, რომ გაზრდილია უპატრონო ცხოველების მოვლის თანხაც და დაკბენილებისაც. ფული რომ გამოიყოფა, ხომ უნდა აისახოს შედეგზე, თუ შედეგი არ გაქვს, ესე იგი ფული პირდაპირ იტკუცე ჯიბეში!