გოგიჩაიშვილი სესიაშვილს: "შენს საქმეს მიხედე, ნუ მისაზღვრავ, სად რა ვილაპარაკო" - კვირის პალიტრა

გოგიჩაიშვილი სესიაშვილს: "შენს საქმეს მიხედე, ნუ მისაზღვრავ, სად რა ვილაპარაკო"

შენ შენს საქმეს მიხედე. ნუ მისაზღვრავ, სად რა ვილაპარაკო, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე ირაკლი სესიაშვილს მიმართა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი ლევან გოგოჩაიშვილის პოლიტიკურ განცხადებას მოჰყვა, რომელიც პარლამენტის კრიტიკას ეხებოდა.

"პარლამენტში მინისტრები რომ მოდიან, გაღიმებული სახეებით კი არ უნდა მოდიოდნენ, უნდა ეშინოდეთ იმ პასუხისმგებლობის, რაც მათ პარლამენტმა დააკისრა. არანაირი პატივისცემა ამ პარლამენტში არ არსებობს,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამის შემდეგ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე გააკეთოს.

"ბიუროზე მაგის განხილვის ადგილი არ არის. ბიუროზე განვიხილავთ პროცედურულ საკითხებს. სამშაბათს, პოლიტიკური განცხადებებისას თქვი ეს ყველაფერი," - მიმართა სესიაშვილმა გოგოჩაიშვილს.

სესიაშვილის აღნიშნულმა მიმართვამ ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. გოგოჩაიშვილმა სესიაშვილს მოუწოდა, ძალოვან უწყებებში არსებულ კორუფციას მიხედოს.

"შენ შენს საქმეს მიხედე, რაც გევალება. მიხედე თავდაცვის სამინისტროში კორუფციას, სუს-ში კორუფციას, პროკურატურაში კორუფციას. ნუ განმისაზღვრავ შენ სად რა ვილაპარაკო," - უპასუხა გოგიჩაიშვილმა სესიაშვილს.

"ინტერპრესნიუსი"