"თანამდებობაზე ბრუნდება ის, ვინც უფრო მორჩილია, ვინც ივანიშვილს დაუძახებს ექვთიმე თაყაიშვილს და მესიას" - კვირის პალიტრა

"თანამდებობაზე ბრუნდება ის, ვინც უფრო მორჩილია, ვინც ივანიშვილს დაუძახებს ექვთიმე თაყაიშვილს და მესიას"

დღეს შევიკრიბეთ, რათა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურატურაში მეორედ მოსვლა გავაპროტესტოთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძეს მორალური უფლება არ აქვს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ისევ დაბრუნდეს.

"დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ირაკლი შოთაძის მეორედ მოსვლა გავაპროტესტოთ გენერალურ პროკურატურაში. ადამიანს, რომელმაც 8 თვის წინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, თუ რა ხდებოდა პროკურატურაში და წავიდა თანამდებობიდან, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ ისევ დაბრუნდეს ამ თანამდებობაზე. კარგად ვხედავთ, რომ დღეს მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლება აგებულია მორჩილებაზე. ვინც უფრო მეტად მორჩილია, ის ბრუნდება თანამდებობაზე, ვინ დაუძახებს მას ექვთიმე თაყაიშვილს შეხვედრებზე და ვინ შეადარებს მესიას. ასე რომ, ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. შოთაძეს არა აქვს არანაირი უფლება, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდეს. ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქართველი ხალხი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ გაისტუმრებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"