"შესაძლოა, მოწმე ვიყოთ იგივე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ" - რას ამბობს საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, მოწმე ვიყოთ იგივე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ" - რას ამბობს საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი

ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, მოწმე ვიყოთ იგივე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ,- ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს იმისთვის, რომ თავად დაწინაურდეს.

"ვფიქრობ, რასაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან გვანერვიულებს. ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, მოწმე ვიყოთ იგივე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ. ანუ ის, რომ ძალაუფლებაში დარჩენის სურვილი ხდება ყველაფრის გადამძალავი საჭიროება მოქმედი მთავრობისთვის, იმის ნაცვლად, რომ მათ რიგითი ამომრჩევლების საჭიროებები დააკმაყოფილონ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ ამომრჩეველს ადარდებს ეკონომიკური, შემოსავალთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კლასი ჩართულია ძალიან ინტენსიურ ბრძოლაში. ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს იმისთვის, რომ თავად დაწინაურდეს“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის შუქურის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა არსებობს პრობლემები.

"არ მინდა საქართველოს მიმართ მკაცრი ვიყო. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელიც მომავალ წელს 30 წლის გახდება. ვფიქრობ, საქართველოს ზოგადი ტრაექტორია წარმატებულია და ის რეგიონში ჯერ ისევ დემოკრატიის შუქურაა. მთავრობები წარმატებით ებრძოდნენ კორუფციას, ქვეყანამ შეძლო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ცდილობს განათლების პრობლემის დაძლევას და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის უნაკლო, საქართველოში არსებობს შედარებით თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორს მუშაობის საშუალება ეძლევა. მაგრამ ეს პროცესი უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს.

დემოკრატია რთულად ასაშენებელი ინსტიტუტია. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას სურს ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ დემოკრატიის ძირითადი ღირებულება შემოწმებისა და ბალანსის სისტემაა, სადაც ოპოზიცია ასრულებს საკუთარ როლს. ლეგიტიმურია ის, რომ ოპოზიციამ აკრიტიკოს მთავრობა, კითხვები დასვას მის საქმიანობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს აბსოლუტურად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

ეს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება, მათ შორის, რუსეთშიც... არის მცდელობა შეიქმნას შეხედულება, რომ ეს არ არის პატრიოტული საქმიანობა და თუ გაბედე მთავრობის კრიტიკა, ეს არ არის პატრიოტული და ერთგვარად სახელმწიფოს მტერი ხარ.

საკუთარი მთავრობის გამოცდა და მისთვის გამოწვევების შექმნა სრულიად პატრიოტული საქმიანობაა. ის, რასაც ვხედავ ძალიან მაწუხებს. ეს მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ხდება, მათ შორის, რუსეთშიც, რომ მთავრობა ცდილობს არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის აქტივისტების შეზღუდვას. ამასთან, არის მცდელობა შეიქმნას შეხედულება, რომ ეს არ არის პატრიოტული საქმიანობა და თუ გაბედე მთავრობის კრიტიკა, ეს არ არის პატრიოტული და ერთგვარად სახელმწიფოს მტერი ხარ”, - აღნიშნა მან.

ყოფილი ელჩის თქმით, საქართველოსთვის გამოსავალი ის იქნება, რომ ფოკუსირება მოხდეს საკითხებზე, რომლებიც ამომრჩევლებს აწუხებს და არ ხარჯონ დრო ერთმანეთთან ბრძოლაში და სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებაში.

"დემოკრატიულ სივრცეში ლეგიტიმურია ხმათა პლურალიზმი, იმიტომ, რომ სწორედ ესაა დემოკრატიის საფუძველი - გამოხატვის თავისუფლება. არცერთ მთავრობას არ მოსწონს ის, რომ აკრიტიკებენ. მეორეს მხრივ, ყველა მოქმედი მთავრობა კრიტიკის ყველაზე დიდი სამიზნეა. ეს არის დემოკრატიის სამწუხარო რეალობა. მაგრამ ამ დებატების გარეშე არ ხდება პოლიტიკის გამოცდა და სწორი პოლიტიკის შემუშავება. ვფიქრობ, საქართველოსთვის და საქართველოს პოლიტიკური ლიდერშიპისთვის გამოსავალი ის იქნება, რომ ფოკუსირება მოხდეს საკითხებზე, რომლებიც ამომრჩევლებს აწუხებს და არ ხარჯონ დრო ერთმანეთთან ბრძოლაში და სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებაში, რადგან ეს დემოკრატიულ პრინციპებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა კლებულობს. ეკლესია და ჯარი ინარჩუნებს მხარდაჭერას, მაგრამ სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა დაღმავალ ტრაექტორიაზეა”, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

რაც შეეხება "ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას, ის ამბობს, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს, თუმცა მისივე თქმით, უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

"რა თქმა უნდა, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს. საკითხი არა გამოძიება, არამედ შერჩევითი სამართალია. ვისი საქმის გამოძიება ხდება, რა გარემოებებში, რა არის კონტექსტი და რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა პროცესი. ის, რასაც ვხედავ, ისაა, რომ გაჩნდა შეშფოთებები გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან სასჯელი ერთხელ მოიხადა მსგავს ბრალდებებზე. მეორე ისაა, რომ არსებობს კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოიტანეს და მათ კავშირზე საქმის ისტორიასთან. მესამე ისაა, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლოს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეების არგუმენტები შეფასდეს. ანუ, პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.

საინტერსოა, რომ მთავრობისთვის ამან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო და მის წინააღმდეგ მანამდე ფრაგმენტირებული ოპოზიცია გააერთიანა. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იყო გონივრული, არამედ ის საკმაოდ უკუპროდუქტიულიც გამოდგა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ოპოზიციის გაჩუმება სურს.

ასევე მნიშვნელოვანია დაკავების დროის გათვალიწინება. ცხადია, რომ მთავრობა ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა პროპორციული არჩევნების დაწესება 2020 წლის არჩევნებისთვის. საზოგადოებაში ამან საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიცია კი ამის გამო მათ წნეხის ქვეშ აქცევს. უგულავას დაპატიმრებით ის დიალოგი შეჩერდა, რომელითაც მხარეები საერთო გამოსავლის მონახვას ცდილობდნენ. საინტერსოა, რომ მთავრობისთვის ამან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო და მის წინააღმდეგ მანამდე ფრაგმენტირებული ოპოზიცია გააერთიანა. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იყო გონივრული, არამედ ის საკმაოდ უკუპროდუქტიულიც გამოდგა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ოპოზიციის გაჩუმება სურს.

ზოგადად მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. მე არ მჯერა იმ არგუმენტის, რომ იმის გამო, რომ ეს საარჩევნო წელია ვიღაც არ უნდა გამოვიძიოთ. ყველა სასამართლო გადაწვეტილება მიღებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გათვლის გარეშე. შეილება ზოგი გამოძიება არჩევნების წელს ჩატარდეს და შეიძლება ზოგჯერ სადავო დაპატიმრება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი საქმის დეტალებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ კონკრეტული განაჩენის შემთხვევაში კითხვები ჩნდება. ეს არა მხოლოდ ჩემი რეაქციაა, არამედ ბევრი სხვა ადამიანის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ამერიკის კონგრესიდან, ევროპელი მაღალჩინოსნებისგან და სხვა დასაფასებელი ადამიანებისგან”, - აღნიშნა საქართველოში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა.