"ყურადღება ჯერ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ" - დიმიტრი მედოევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს - კვირის პალიტრა

"ყურადღება ჯერ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ" - დიმიტრი მედოევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, უმაღლეს საერთაშორისო ინსტანციებს მიმართოს თავისი ქვეყნის რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მედოევმა სააგენტო „რესს“ იმ მიმართვებთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება ჯერ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ, რომელთა რაოდენობამ ზღვარს გადააჭარბა“, - განაცხადა მედოევმა.

მედიკამენტებთან დაკავშირებით კი, მედოევმა სალომე ზურაბიშვილის წერილებში ხსენებულ ფაქტს "ნონსენსი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს მედიკამენტები საქართველოში არ იწარმოება და მათი წარმომავლობა უცნობია.

"ამიტომ, სამხრეთ ოსეთში ისინი არასდროს შემოდიოდა და არასდროს ხდებოდა მათი სერტიფიცირება, შესაბამისად, ვერ დაიშვება სამხრეთ ოსეთის აფთიაქებში", - განაცხადა მედოევმა.

"ინტერპრესნიუსი"