ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა - რა განაცხადა შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა? - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა - რა განაცხადა შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა?

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა. მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში პოლიციელების ღირსება აღდგეს.

"მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"