"ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის" - კვირის პალიტრა

"ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის"

ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას, - ასე ეხმიანება ფრაქცია " დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, „მატროსოვის“ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.

გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ასეთი განცხადებები "ქართული ოცნების" ორმაგი თამაშის შედეგია.

"ეს არის "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით - ხან "ნაციონალებს" ეთამაშა, ხან "ევროპულ საქართველოს", ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა... აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებს, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ასეთი შანსები შესაძლოა, მას ჰქონდეს.

"ადამიანები დახვდნენ და მოწონთ ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. არიან ასეთი ადამიანები, გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს კონცლაგერები და დახოცოს ხალხი. ადამიანები არიან როგორც ჩანს, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ. ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მმართველი პარტია ჩამოსცილდება, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

"ინტერპრესნიუსი"