"მერაბიშვილი სააკაშვილმა კარგი ორგანიზატორული ნიჭის გამო მოიყვანა ხელისუფლებაში და არა იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა სჭირდებოდა" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი სააკაშვილმა კარგი ორგანიზატორული ნიჭის გამო მოიყვანა ხელისუფლებაში და არა იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა სჭირდებოდა"

"მერაბიშვილის წინააღმდეგ იმდენი კომპრომატი არსებობს, რომ შეიძლება მრავალტომიანი ახალი საქმე შედგეს"

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ მატროსოვის ციხე დატოვა. სამარტოო საკანში გატარებული წლების შემდეგ, ყოფილ მინისტრს "მატროსოვთან" შეკრებილი საზოგადოება ტაშითა და ოვაციებით შეხვდა. გათავისუფლებულმა მერაბიშვილიმა მწვავე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა  და პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებაც გაახმიანა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ციხიდან კი გამოვიდა, თუმცა ჯერ არავინ იცის რამდენი ხნით, საქმე იმაშია, რომ ამჟამად მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეების განხილვა მიმდინარეობს, მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ბუნდოვანია მისი სამომავლო პოლიტიკური მომავალიც, ერთ-ერთი ვერსიით, ის "ევროპული საქართველოს" რიგებში გაგარძელებს საქმიანობას. რა პერსპექტივა აქვს მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს და როგორ შეიძლება შეფასდეს მისი პირველი განცხადებები? -   ამ თემებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ყველა მისი ნათქვამი მოსალოდნელი იყო, მერაბიშვილი რომ გამოსულიყო და ჩუმად წასულიყო შინ, ამას მისი მომლოდინე ხალხი არ აპატიებდა, აქედან გამომდინარე, არაფერი გამკვირვებია.

- რა პოტენციალი აქვს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას დღეს?

- ჩემი აზრით, მერაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, პოტენციალი ძალიან დაბალია, მაგარამ, როგორც პოლიტიკურ ორგანიზატორს, ვფიქრობ, მას ეს პოტენციალი შენარჩუნებული ექნება. ჩვენ არ ვიცით მთავარი, შედგა თუ არა გარიგება ვინმესთან, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მოქმედების რა გეგმა აქვს მერაბიშვილს. ერთია რას ლაპარაკობს და მეორეა, რეალობაში რა ხდება.

- რა პოლიტიკური რესურსი და პოლიტიკური კაპიტალი აქვს მერაბიშვილს?

- მერაბიშვილს ჰყავს თავისი პირადი მხარდამჭერები - ყოფილი ძალოვანები, რეგიონის წარმომადგენლები და ადამიანთა გარკვეული კატეგორია, ხალხი, ვინც პირადად მისი ერთგული იყო და არის. პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში ძალიან ბუნდოვანი ცნებაა, ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამანია, ვისაც ეს კაპიტალი აქვს. იმათ, ვინც დიდი ხანია პოლიტიკაშია, გარკვეული გამოცდილება, ბიოგრაფია და ინტელექტუალური რესურსი აქვთ. ვანო მერაბიშვილი წლების განმავლობაში იყო პოლიტიკაში, მაგრამ ის იყო საორგანიზაცო სამუშაოს განხრით, იყო კარგი ორგანიზატორი და ნაკლებად პოლიტიკური ფიგურა. მამუკა არეშიძე

კარგად მახსოვს, მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილმა კარგი ორგანიზატორული ნიჭის გამო მოიყვანა ხელისუფლებაში და არა იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა სჭირდებოდა. არ ვიცი, ახლა როგორ განაგრძობს მოღვაწეობას მერაბიშვილი, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რაც თქვა, მაგრამ არ ვიცით, ვის, როგორ და რაზე მოელაპარაკა.

- მიხეილ სააკაშვილი საკამოდ  მოკრძალებულად გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას, თქვენი აზრით, ხომ არ განიხილავს ყოფილი პრეზიდენტი მერაბიშვილს მეტოქედ და ოპონენტად?

- არა მგონია, რომ ასე რთულად იყოს საქმე, მახსოვს, 2012 წლის ეიფორიის დროს კარგად არ გამოჩნდა და შემდეგ მიიჩქმალა კიდეც ის, თუ რა ტიპის დაპირისპირება იყო ხელისუფლებაში, გუნდის შიგნით, რომელიც საბოლოო ჯამში ციხის კადრების ისტორიებში აისახა. როგორც ვიცი, იმჟამინდელი ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ერთმანეთს აბრალებდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის საწინააღმდეგოდ შეგნებულ ქმედებებს. იმ დროს, მიხეილ სააკაშვილი უაღრესად უკმაყოფილო იყო კონკრეტული ლიდერების მოქმედებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიიჩქმალა, რადგან სიტუაცია შეიცვალა და დღეს არ არის გამორცხული, რომ გაიხსენონ.

- როგორ იმოქმედებს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება ოპოზიციაზე და რას გააკეთებს ხელისუფლება?

- უცნაური პასუხი უნდა გაგცეთ, ყველაფერი მასზე და მის ქმედებებზეა დამოკიდებული. ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ იმდენი კომპრომატი არსებობს, რომ შეიძლება მრავალტომიანი ახალი საქმე შედგეს, ასე რომ არ ვიცით ჯერ რა იქნება. ყველაფერი თვითონ ვანოზეა დამოკიდებული.

(სპეციალურად საიტისთვის)