"ჩვენი მიწის ერთი სანტიმეტრიც კი არავის გადაეცემა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მიწის ერთი სანტიმეტრიც კი არავის გადაეცემა"

"მინდა, საქართველო იყოს ქვეყანა, რომელსაც ექნება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა"

"ჯერ კარგად არა, მაგრამ იმაზე უკეთ ნამდვილად ვართ, ვიდრე ვიყავით", - ასე შეაფასა განვლილი 2010 წელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამშობლოში დაბრუნებამდე კარგი ბიზნესმენი იყო, გავლენიანი მეგობრები ჰყავდა. მეუღლე ნინო ანანიაშვილი დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. გრიგოლ ვაშაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროდან 1988 წელს წავედი და მას მერე იქ ამ სფეროში აღარ მიმუშავია. 2004 წელს ორი ალტერნატივა გვქონდა: ნიუ-იორკი (სადაც წასასვლელადაც ყველაფერი მზად გვქონდა) და საქართველო. ნინო 11 წლის განმავლობაში იყო ამერიკის საბალეტო თეატრის მიწვეული პრიმა-ბალერინა და იქ კომფორტული ცხოვრება გვექნებოდა, მაგრამ შინ დაბრუნება ვარჩიეთ. ეს გადაწყვეტილება მე და ნინომ სამი მიზეზის გამო მივიღეთ:

2003 წლიდან ორივეს გვქონდა შეგრძნება, რომ საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტი თუ ომში არა, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მაინც გადაიზრდებოდა. გარდა ამისა, ჩვენი დედები მძიმედ ავადმყოფობდნენ და გვინდოდა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ჩვენთან გაეტარებინათ, დაბოლოს, ნინოს უნდოდა, ბავშვი საქართველოში დაბადებულიყო. სამშობლოში იმიტომ არ დავბრუნებულვარ, რომ მანქანა არ მყავდა, ან სავარძელი მჭირდებოდა. არავისთვის მითხოვია აქ ჩამოსვლა და არც წასვლას ვკითხავ ვინმეს.

- 2003 წელს უკვე გამოკვეთილი იყო ომის კონტურები?

- ახლა, როდესაც პირველმა ემოციებმა ჩაიარა და ანალიზის საშუალება მაქვს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო - საქართველოსა და რუსეთს შორის ომი გარდაუვალი იყო: 2008 წლის იანვრიდან არ გასულა კვირა, რომ რუსეთს ძალზე სახიფათო და გამომწვევი ნაბიჯი არ გადაედგა. ამას ორი მიზანი ჰქონდა: შეემოწმებინა დასავლეთის რეაქცია, რამდენად მწვავედ აღიქვამდნენ რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და მაქსიმალურად გაემწვავებინათ დაპირისპირება.

შეექმნათ საქართველოს ხელისუფლებისთვის ისეთი ვითარება, რომ ეპასუხა გამოწვევაზე. რუსეთი ჩქარობდა, 2008  წლის აპრილში ბუქარესტში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, საქართველო უსათუოდ გახდება ნატოს წევრიო, რუსეთი ძალზე გააღიზიანა. სექტემბერში კავკასიონზე გზები იკეტება და ამიტომაც აგვისტო შეირჩა. ეს დრო იმითაც იყო ხელსაყრელი, რომ საქართველოში ქვეყნის ხელმძღვანელობიდან არავინ იყო, თვით პრეზიდენტიც კი. მეც შვებულებაში ვიყავი, მაგრამ არსად წავსულვარ, რადგან აგვისტოს დასაწყისში შემაშფოთა ერთმა ინფორმაციამ, რომელიც მოსკოვიდან მომივიდა.

- აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგის წინა პირობად დეოკუპაციას ასახელებდა. ამას წინათ პრეზიდენტმა ყოველგვარი წინა პირობების გარეშე დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. რით არის ეს  განპირობებული?

- პოზიცია არ შეგვიცვლია, მხოლოდ დავაზუსტეთ ფორმულირება, რომელსაც ვთავაზობთ საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთის ფედერაციას დიალოგის სანაცვლოდ. რუსეთთან უდიალოგოდ არაფერი გადაწყდება. როდესაც პრეზიდენტი ამბობს, მზად ვართ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას ველაპარაკოთ რუსეთს ყველა იმ პრობლემაზე, რაც ჩვენ შორის არისო, ეს ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სრულ, უპირობო დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებაზე. რუსეთთან საუბრის სხვა თემა არც მომავალ ხელისუფლებას ექნება.

საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს იქნება რუსეთის ფედერაციის სამი საელჩო. ნუ გგონიათ, რომ ვინმე აპირებს რუსეთს ამ პრობლემების გარდა სხვა თემებზე ელაპარაკოს, გარდა ზოგიერთი მარგინალისა. მაგრამ იმისათვის, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების უსაფრთხო დაბრუნება მოხდეს, მოლაპარაკებაა საჭირო.

- ბურჯანაძე გამოსავალს რუსეთთან ურთიერთობისას ხიდების შენარჩუნებაში ხედავს.

- არა მგონია, რუსეთის ფედერაციაში ვინმეს ჩემზე მეტი ხიდები ჰქონოდა. ან რა ხიდებზეა ლაპარაკი, როდესაც 500 ათასი კაცი დევნილად არის ქცეული, ქალები და ბავშვები დაგვიხოცეს, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და შენ არ გცნობენ როგორც სახელმწიფოს, არ ცნობენ შენს კონსტიტუციას და არჩევანის თავისუფლებას. და თუ ხიდების შესანარჩუნებლად საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამი საელჩო უნდა  იყოს და  ცხვრებივით მივუყვებოდეთ იმ დამღუპველ გზას, საითაც რუსეთის ხელისუფლება მიექანება, ეს საჯაროდ განაცხადონ პოლიტიკოსებმა, ვისაც ამ გზის სჯერათ.

რუსეთის ფედერაცია საქართველოში არ შემოსულა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციისთვის. მიზანი მარტივი იყო: საქართველოს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსპობა. რუსეთში ვარაუდობდნენ, როგორც კი რუსული ჯარი იგოეთს მოადგებოდა, ხელისუფლება  პირად თვითმფრინავებში ჩაჯდებოდა და გაფრინდებოდა, მაგრამ მცდარი გამოდგა რუსების გათვლა, რომ ქვეყანა უმალ ჩამოიშლებოდა და თბილისის ცენტრში ჩატარდებოდა 200-ათასიანი მიტინგი, სადაც ქართული დროშების ნაცვლად იქნებოდა ტრანსპარანტები: "გაუმარჯოს 200 წელს, რომელიც ერთ სახელმწიფოში გავატარეთ!"

- ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ის სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველო ვერ დაიცვა რუსეთის აგრესიისაგან.

- ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო ვერავის მოვთხოვთ, რუსეთთან არ ითანამშრომლოს. არ არის არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ რუსეთი-აშშ-ის ორმხრივი შეხვედრა, საქართველოს თემამ რომ არ დაიკავოს სოლიდური ადგილი. მუშტების ქნევით და რუსეთთან დიალოგის შეწყვეტით აშშ-ს ბევრად  ნაკლები რესურსი ექნებოდა ჩვენი ინტერესების დასაცავად. ის, რომ დღეს თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტში ზიხართ და არა რუსეთის ფედერაციის გენერალ-გუბერნატორის საგარეო საქმეთა მმართველის კაბინეტში, საქართველოს ყველა მოქალაქისა და ხელისუფლების გარდა, აშშ-ის ძალისხმევის შედეგიცაა.

- ხელისუფლების რამდენიმე გადაწყვეტილება საზოგადოებაში სკეპტიციზმს იწვევს: არ არის რუსეთის გაღიზიანების მცდელობა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ჩერქეზთა გენოციდზე ლაპარაკობენ? ასევე გაუგებარია ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღება მაშინ, როდესაც მასთან გართულებული ურთიერთობა აქვს აშშ-ს და რატომ იჩქარა სააკაშვილმა ლუკაშენკოსთვის გამარჯვების მილოცვა, როდესაც ეუთომ და აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები დადებითად არ შეაფასეს?

- საქართველოს ჩერქეზების გენოციდი არ უღიარებია, თუმც პარლამენტს აქვს უფლება, განიხილოს ეს თემა. თუ ლაპარაკია, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას ნაციონალური უმცირესობებისადმი და როგორი - საქართველოს, ამის ნათელი მაგალითია აფხაზები, რომლებიც, როგორც ერი, საქართველოში გადარჩნენ.

ნახეთ, რა მდგომარეობაში არიან რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩერქეზები და უბიხები, რომელთა ნასახიც თითქმის აღარ დარჩა. ჩვენ  არ მიგვიღია რეზოლუცია ჩერქეზთა გენოციდზე, მაგრამ იმ ხალხის, რომელიც ერთ-ერთ ცენტრალურ გეოპოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს სამხრეთ კავკასიაში, ყველა პრობლემით დაინტერესების უფლება გვაქვს.

რაც შეეხება ირანთან უვიზო მიმოსვლას, ეს არის სახელმწიფო, რომელიც მიზეზთა გამო დიდ ზეგავლენას ახდენს ამ რეგიონზე და, ჩვენი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობაა საჭირო. ირანელ კოლეგებთან ვსაუბრობთ ყველა პრობლემურ საკითხზე, იქნება ადამიანის უფლებები თუ  ირანის ბირთვული პროექტები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ჰუმანიტარულ კონტაქტებს, თანამშრომლობას სოფლის მეურნეობაში, ტურიზმის, კულტურის სფეროში.

თეირანში ვიზიტისთვის 9 საათი ვიფრინე, ახლა კი საათ-ნახევარშია შესაძლებელი ირანში ჩასვლა. უვიზო მიმოსვლის წყალობით 175%-ით გაიზარდა ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება საგარეო პოლიტიკას და მოუფიქრებელ ნაბიჯებს არ დგამს.

რაც შეეხება ლუკაშენკოსთვის პრეზიდენტობის მილოცვას, საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიულოცა, რაც ბელორუსმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და შედეგები გამოქვეყნდა.

- ბოლო დროს გააქტიურდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემა. ლაპარაკია, რომ სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის ნაწილი შესაძლოა აზერბაიჯანს დავითგარეჯის სანაცვლოდ დაეთმოს.

-  დავითგარეჯის კომპლექსის 5%-ია იმ ხაზს იქით, რომელიც, ფაქტობრივად, საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ერისიმედი არაფერში არ გაიცვლება. Aარავის გადაეცემა თუნდაც ერთი სანტიმეტრი, თუკი ეს ჩვენს ნაციონალურ ინტერესს დააზარალებს. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე ექსპერტები და მომგებიან სიტუაციაშიც ვართ(?!).

- აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ ბროშურაში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი და საინგილოს ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესიები ალბანურად არის გამოცხადებული...

-  მე და ჩემი კოლეგა, ბატონი ელმარ მამედიაროვი მტკივნეულად აღვიქვამთ ასეთ გამოხდომებს. ბოლშევიზმის ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ უპროფესიო, გაუნათლებელ ადამიანთა კლასი წარმოქმნა. ასეთი "მეცნიერები" შეგიძლიათ იპოვოთ აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც. იმ ხალხის სულელურ სტატიებს, რომლებიც კომუნისტების დროს მარქსიზმ-ლენინიზმში იცავდნენ დისერტაციებს, ჩვენმა მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, არქიტექტორებმა და არქეოლოგებმა უნდა უპასუხონ. არ მჯერა შეთქმულების თეორიების.

მეზობელი ქვეყნების ურთიერთობა და ისტორია ფაქიზი თემებია და საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც ყველას ვურჩევ, ფრთხილად მოეპყრან მას. არავითარი ალბანური ძეგლები საქართველოში და მით უმეტეს - ისტორიული კახის,  ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში არ არის. რა აბრებიც უნდა დაკიდონ ამ ძეგლებზე, მშვენივრად იცის ყველამ, რომ ეს ქართული ძეგლებია.

- მინდა გკითხოთ, რა სტადიაშია მალაიზიაში დაკავებული ქართველი  ქალების საქმე?

-  ექსპერტიზის შედეგებსა და სასამართლოს ოფიციალურ განხილვას ველოდებით. ეს რთული შემთხვევაა, რომელსაც ერთი სატელეფონო ზარით ვერ გადავწყვეტთ. იმაზე მეტი მუშაობა მოგვიწევს, ვიდრე ფილიპინებში ქართველი მეზღვაურების გამოხსნას დასჭირდა.

- ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას მოჰყვა ქართული მხარის ვალდებულება, რომ ევროპაში მყოფი არალეგალები სამშობლოში დააბრუნოს. ამას ხომ არ მოჰყვება ევროპაში მცხოვრები ქართველი არალეგალების მასობრივი დეპორტაცია სამშობლოში?

- ვისაც სამუშაო და შემოსავალი აქვს, არავინ შეეხება. იტალიაში ასეთი პირების ყოფნას უკვე აკანონებენ კიდეც. რეადმისია (სახელმწიფოს თანხმობა, მიიღოს თავისი მოქალაქეები, რომელთაც დეპორტაცია ემუქრება) შეეხება ყველას, ვინც ჩვენი ტერიტორიის გავლით არალეგალურად შევა ევროპაში.

მიუხედავად იმისა, ჩვენი მოქალაქეა თუ არა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ეს ადამიანები დავაბრუნოთ - ეს არის და ეს. მოქალაქეების 24 კატეგორია გამარტივებულად მიიღებს ვიზებს, სავიზო მოსაკრებელი ორჯერ გაიაფდა, სავიზო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდებიან ჟურნალისტები, ბიზნესმენები, სტუდენტები, ტურისტები და ა.შ.

- განვლილ წელს როგორ შეაფასებთ?

- კარგად ვერ ვიქნებით, სანამ საქართველოში თუნდაც ერთი რუსეთის ფედერაციის  ჯარისკაცია, მაგრამ უკეთესად ნამდვილად ვართ, რადგან რუსეთის სამხედრო აგრესია შეჩერებულია. მსურს ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანის თავისუფალი ინიციატივა და სოციალური გარანტიები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ იქნება. მინდა, საქართველო იყოს ქვეყანა, რომელსაც ექნება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური  ურთიერთობა. მინდა, ეს იყოს ქვეყანა, სადაც უპირველესი იქნება ადამიანის პატივისცემა და კანონის უზენაესობა.