მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, მაგრამ რას აპირებს თავად გიორგი კვირიკაშვილი? - რა განაცხადა ექსპრემიერმა - კვირის პალიტრა

მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, მაგრამ რას აპირებს თავად გიორგი კვირიკაშვილი? - რა განაცხადა ექსპრემიერმა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, თუმცა თავად პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს.

კვირიკაშვილის განმარტებით, მას არ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდა.

"გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების დროს ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი და დღეს პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც კონკრეტულად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების დროს გამაჩნდა, მათ შორის ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აღნიშნულის გათვალიწინებით, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა და რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსების დაცვა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"