"მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ. აღნიშნული კომენტარი მან ვანო მერაბიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ღარიბაშვილის შეფასებით, მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და დღეს, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, სასაცილოა.

"არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში მართავდნენ ამ რეჟიმით, ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"