გაერთიანებული სამეფო რუსეთის "გრუ'-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტს ეხმაურება - კვირის პალიტრა

გაერთიანებული სამეფო რუსეთის "გრუ'-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტს ეხმაურება

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ "გრუ" - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს "გრუ"-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები.

ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა.

"ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ "გრუ"-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულს ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი.

"გრუ"-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას "გრუ"-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად", - განაცხადა დომინიკ რააბმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში, 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"