"კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა" - კვირის პალიტრა

"კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა"

კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

"ინტერპრესნიუსი"