"როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის რუსეთთან მეგობრობა, ყოფნა-არყოფნის პრობლემად იქცა" - კვირის პალიტრა

"როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის რუსეთთან მეგობრობა, ყოფნა-არყოფნის პრობლემად იქცა"

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი არ შეეგუა მეზობელი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის უფლებას, იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები. როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რუსეთი ორივე ქვეყნის მიმართ აგრესიას და პროპაგანდას აგრძელებს, თუმცა კონფლიქტებში რაიმე სახით მონაწილეობას მაინც კატეგორიულად უარყოფს.

"როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის რუსეთთან მეგობრობა, ყოფნა-არყოფნის პრობლემად იქცა. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა აქვს, დამოუკიდებელ ქვეყნებს თავიანთი პრობლემები აქვთ, მაგრამ მთავარი სასიცოცხლო პრობლემა უკრაინისა და საქართველოსთვის არის ის, რომ რუსეთი არ შეეგუა თავისი მეზობლების უფლებას, იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები. უფრო მეტიც, ის მზად არის, ყველანაირი საშუალება გამოიყენოს, სადაც საჭიროა ძალა, სადაც შესაძლებელია უფრო რბილი მეთოდები, როგორიც არის პროპაგანდა, ქვეყნების შიგნით ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების წახალისება და ასე შემდეგ. რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მწვავე გამოხატულება აგრესიაა, ზოგჯერ შეფარული. მაგალითად, რუსეთი დონბასში არ აღიარებს, რომ კონფლიქტის მხარეა, ისევე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველთვის ცდილობდა თავი არა კონფლიქტის მონაწილედ წარმოედგინა, არამედ უფრო მეტიც, შუამავლადაც კი.

რეალობა ასეთია, დღეს რუსეთი, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით თავისი მეზობლების ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს, რაც უდიდეს ტრაგედიად უჯდებათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. გარდა ამისა, შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, მთელი რეგიონისა და მთლიანდ ევროპისთვის სერიოზული საფრთხე წარმოიქმნება. ეს არის პრეცედენტი, როდესაც ერთი, შედარებით ძლიერი სახელმწიფო ფიქრობს, რომ შეუძლია საერთაშორისო წესების დარღვევით განახორციელოს ის, რაც სურს“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.

მისი შეფასებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსა და უკრაინას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა სჭირდებათ.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის გრძელვადიან ინტერესში არ შედის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა და მათთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც ბოლო წლებშია ჩამოყალიბებული. შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის გაანალიზებასა და მოგვარებაში უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ ორივეს გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ფაქტია, რომ ყურადღება უფრო მეტია და მეტად ესმის მაგალითად დასავლეთს, რომ ეს არ არის ქვეყნებს შორის შიდა წაკინკლავება ან გაუგებრობა. ეს არ არის მხოლოდ საქართველო-უკრაინის პრობლემა, არამედ მოსკოვის საერთაშორუსო სისტემისადმი მისი დამოკიდებულების პრობლემაა. უფრო მეტი მონაწილეობის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებლად არ მესახება“,-აცხადებს ის.

როგორც გიორგი ბადრიძე დასძენს, რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ სანქციების დაწესება საკმარისი არ არის და საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

"სანქციები წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც დასავლეთი პრობლემის არსებობას არც იმჩნევდა, შემდეგ ხედავდა, მაგრამ არ მიაჩნდა, რომ რუსეთის გაღიზიანება და მასთან ურთიერთობის გამწვავება ღირდა. როგორც იქნა, ეს ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და რაღაც რეაქციის განხორციელება სცადა. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის, პირიქით, პუტინის რეჟიმისთვის ხელსაყრელია ჰქონდეს რბილი, არაფრისმომცემი სანქციები, რომელსაც ის თავის საზოგადოებას წარუდგენს, როგორც დასავლეთის მტრულად განწყობის საბუთს და იმის არგუმენტს, რომ აი, მე მუდამ ხელისუფლებაში უნდა დარჩე მიუხედავად იმისა, რომ უვარგისი და კორუმპირებული ვარ. აი, მე რომ არ ვიყო, ნახეთ დასავლეთი როგორ მტრულად არის განწყობილი. ჩემი აზრით, ეს რუსეთისთვის პრინციპში იდეალური სანქციებია, რომელიც ბევრს არაფერს ცვლის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უმჯობესია, ვიდრე ის, როდესაც დასავლეთს რეაქცია საერთოდ არ ჰქონდა. ეს საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ დასავლეთთან უფრო მწვავედ და აქტიურად იმუშაოს. მაგალითად, საქართველოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად სანქციების პაკეტში ყოფილიყო და თავადაც არ შეერთებია ამ სანქციებს“,-აცხადებს ბადრიძე.

მისი განმარტებით, რუსეთის რიტორიკისა და პოლიტიკის მიუხედავად, მოსკოვთან დიალოგი საჭიროა, რადგან "მტერსაც უნდა ესაუბრო“.

"იმპერიული, საბჭოთა და დღევანდელი რუსეთის ისტორია ერთ რამეს გვეუბნება, რეალური ძალთა ბალანსის შეცვლის გარეშე რუსეთი მოლაპარაკებებზე მარტო იმისთვის მიდის, რომ მის მიერ მიტაცებული დაიკანონოს და მოლაპარაკებების მეორე მხარეს მეტი დათმობები გამოსტყუოს. უნდა ვისაუბროთ, ეს აუცილებელია. მტერსაც უნდა ელაპარაკო. ცხარე ომის დროსაც მხარეებს დიალოგი აქვთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთი-ერთზე რუსეთთან დარჩენა არაფრის პერსპექტივას გვაძლევს. სამაგიეროდ, მოსკოვს აძლევს შესაძლებლობას, მის მიერ მიტაცებული საქართველოს დაამტკიცებინოს, ანუ მოახდინოს იმის ლეგალიზაცია, რაც დროებით ფიზიკურად უკვე წაღებული აქვს“,-აცხადებს გიორგი ბადრიძე.

"ინტერპრესნიუსი"