ГРУ-ს კიბერშეტევები: რა კავშირშია რუსული სამხედრო ნაწილი, დაშიფრული სახელით "ქვიშის ქარიშხალი", საქართველოზე მიტანილ შეტევასთან? - კვირის პალიტრა

ГРУ-ს კიბერშეტევები: რა კავშირშია რუსული სამხედრო ნაწილი, დაშიფრული სახელით "ქვიშის ქარიშხალი", საქართველოზე მიტანილ შეტევასთან?

საქართველოს, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველო  (ГРУ) ქართულ ინტერნეტსაიტებზე მასშტაბურ შეტევაში დაადანაშაულეს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, სასამართლოებისა და რიგი ტელარხების წინააღმდეგ.

კიბერშეტევის გამოძიების შედეგების თაობაზე დასავლურ მასმედიაში ინფორმაცია, პრაქტიკულად, ყველა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ გამოაქვეყნა, მათ შორის არიან:  ამერიკული "ესოშეითედ პრესი", ბრიტანული "ფაინენშლ თაიმსი", ფრანგული "ფრანს-პრესი", "როიტერსი",  გერმანული "დოიჩე ველე"და ა.შ. გთავაზობთ სტატიას, რომელიც ბი-ბი-სიზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე მომზადდა.

შეგახსენებთ, ჰაკერული თავდასხმების ტალღა ქართულ სახელმწიფო დაწესებულებებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა, შედეგად შეწყდა რამდენიმე ტელეარხის მაუწყებლობა, დაიბლოკა სამთავრობო სერვერები, პარალიზებული იქნა რამდენიმე საზოგადოებრივი დაწესებულების მუშაობა.

რიგ შემთხვევაში ვებსაიტების მთავარი გვერდები ჩანაცვლდა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათით, რომელსაც წარწერა ჰქონდა ინგლისურ ენაზე «I'll be back» ("მე დავბრუნდები").

"კიბერშეტევა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თბილისი მიიჩნევს, რომ რუსი ჰაკერები, რუსეთის სამხედრო სარდლობის მითითებით, წინასწარგანზრახულად შეეცადნენ საქართველოს დაწესებულებების საქმიანობის პარალიზებას, რათა მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოწვეულიყო და ამრიგად, ქვეყნის მოქალაქეები დაეზარალებინათ.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა და ლონდონმა თავიანთი განცხადებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გააკეთეს და კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრეს.

როგორც დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, სპეცსამსახურებმა 95%-იანი ალბათობით შეძლეს იმის დადგენა, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმის უკან სწორედ რუსეთის ფედერაცია იდგა.

მოსკოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს პირით, თავისი ბრალი უარყო: "რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს არანაირი სახით ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში, ამა თუ იმ სახით", - განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

ბოლო დროის კიბერთავდასხმები, რომლებშიც ГРУ დაადანაშაულეს:

• 2015 წლის დეკემბერი. თავდასხმა უკრაინის ენერგოსისტემაზე: დაახლოებით 230 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 1-6 საათის განმავლობაში;

• 2015 წელი. თავდასხმა ფრანგულ სატელევიზიო არხზე TV5Monde.

• 2016 წლის დეკემბერი. კომპიუტერული ვირუსი, რომელიც სპეციალურად ენერგოსისტემების დასაზიანებლად იქნა შექმნილი, კიევის ელექტროენერგიით მომარაგების შეფერხება გამოიწვია. ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი 1 საათის განმავლობაში უშუქოდ დარჩა.

• 2017 წლის ივნისი. მძლავრი კიბერშეტევა განხორციელდა უკრაინის სახელმწიფო დაწესებულებებზე, ასევე ქვეყნის ფინანსურ და ენერგეტიკულ ორგანიზაციებზე. დაზარალდა აგრეთვე რამდენიმე ევროპული და რუსული კომპანიაც.

• 2017 წლის ოქტომბერი. ვირუს ransomware-ის გამოყენებით, რომელიც კომპიუტერებზე კონტროლს ახორციელებს, დაზიანდა კიევის მეტროპოლიტენის, აეროპორტის, აგრეთვე რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ორი რუსული მედიასაშუალების სერვერთა მყარი დისკები.

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევაში პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთის გენშტაბის სადაზვერვო სამმმართველოს და კონკრეტულად სამხედრო ნაწილს, რომლის ნომერია 74455 (დაშიფრული სახელწოდებით Sandstorm ("ქვიშის ქარიშხალი").

სხვათა შორის, მოსკოვის ჩრდილოეთით დისლოცირებულ ამ ქვედანაყოფის პირად შემადგენლობაზეა მიწერილი ის 12 რუსი ოფიცერი, რომლებსაც აშშ-ში დაუსწრებლად აქვთ ბრალი წაყენებული 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მომხდარ ჰაკერულ თავდასხაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ასევე დაგმო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო დაზვევრის მოქმედება: "ბრიტანეთმა, საქართველომ და სხვა უცხოელმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ გასულ წელს საქართველოზე განხორციელებულ რიგ მნიშვნელოვან კიბერშეტევებზე პასუხისმგებლობა რუსეთის სამხედრო დაზვერვას - ГРУ--ს - ეკისრება", - ვკითხულობთ ბრიტანული საგარეო უწყების განცხადებაში. მინისტრმა დომინიკ რააბმა ГРУ-ს ჰაკერების მოქმედებას "თავხედური" და "უგუნური" უწოდა.

ანალიზი

გორდონ კორერა, "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტი უსაფრთხოების საკითხებში:

"დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ეს განცხადება აგრძელებს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას, რომელიც რუსეთის დაზვევაზე ზეწოლაში გამოიხატება - მას შემდეგ, რაც ორი წლის წინათ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლეს. ბრიტანული პოლიტიკის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედება, მათი მხილების გზით.

რუსეთის მონაწილეობა კიბერშეტევებში, რომელიც დღევანდელი განცხადებებით დადასტურდა, ეს ის ასპექტია, როცა საქმე შეეხება ამასწინანდელ 2019 წლის ოქტომბერში მომხდარ ამბებს. დაზარალებულთა შორის ქართული ტელეარხებიც აღმოჩნდნენ.

ГРУ უცხო ქვეყნის ტელეარხებს თავს ესხმის სულ ცოტა 2015 წლიდან, როცა ეთერიდან გამოირთო ფრანგული სატელევიზიო არხი TV5Monde. ამ ფაქტმა გამოიწვია შეშფოთება, რომ მსგავსი მოქმედება შესაძლოა სხვა ქვეყნების სამაუწყებლო კომპანიების წინააღმდეგაც მოხდეს.

რუსეთის ნაბიჯები ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც "ჰიბრიდული ომის" ტაქტიკის ნაწილი, რომელსაც მოსკოვი ახორციელებს. ასეთ ნაბიჯებს "ნაცრისფერი ზონის" მოქმედებად უწოდებენ, რომლის მიზანს სხვადასხვა სახელმწიფოებში სიტუაციის დესტაბილიზაცია წარმოადგენს.

ჯერჯერობით არ ჩანს იმის აშკარა ნიშნები, რომ ГРУ-ს მოქმედება შეკავებული იქნება... და ეს, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთის პრობლემაც არის.

ძალიან საგულისხმო იქნება ამ თვალსაზრისით აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. შეეცდება თუ არა რუსეთის დაზვერვა არჩევნებში ჩარევას ისევე, როგორც 2016 წელს ცდილობდა?" წყარო

საქართველო ადრეც გამხდარა ჰაკერების სამიზნე. ერთ-ერთი მასშტაბური კიბერნეტიკული შეტევა 2008 წელსაც მოხდა, როცა თავდასხმის ობიექტებად მაშინაც სახელმწიფო სტრუქტურები და მასმედიის საშუალებები იქცნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ