"დღეს ვანო მერაბიშვილი არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიდეს, მაგრამ მომავალში ვნახოთ" - კვირის პალიტრა

"დღეს ვანო მერაბიშვილი არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიდეს, მაგრამ მომავალში ვნახოთ"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეკრებებაზე ვანო მერაბიშვილი მისვლას არ აპირებს.

"ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს რაც შეეხება, მე არ ვარ საქმის კურსში და არ მგონია, რომ ვინმე იყოს საქმის კურსში დღეს ვანო მერაბიშვილის გარდა. მე, რაც ტელევიზიით მოვისმინე მხოლოდ ის ვიცი. ვიცი, რომ ის უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. მას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კონსულტაციები გამართოს თავის მეგობრებთან. რაც შეეხება მოლაპარაკების მაგიდასთან მის დაჯდომას, ამ მაგიდასთან ზის უამრავი ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ, რბილად ვიტყვი, ერთმანეთან ძალიან რთულ პოლიტიკურ ურთიერთობაში იყო, მაგრამ ეს ძველი წყენა ჩვენ ყველამ გადავდეთ, რადგან ყველას საერთო მიზანი გვაქვს. ნებისმიერი პოლიტიკური ფუგურა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც გადაწყვეტს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ბრძოლაში და თავისი წვლილი შეიტანოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში, ბუნებრივია, მისასალმებელია.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია, პოლიტიკოსთა ნაწილის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მერაბიშვილთან ერთად არ დასხდებიან, უდუმაშვილი პასუხობს, რომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

"ვანო მერაბიშვილი გუშინ გამოვიდა ციხიდან. ეს საკითხი ყველასთანაა გასავლელი. ერთად მოვითათბირებთ ჩვენ. ბუნებრივია, დღეს არ აპირებს ვანო მერაბიშვილი მაგიდასთან მოვიდეს, მაგრამ მომავალში ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და პოლიტიკური პროცესები. ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს, უდუმაშვილის თქმით, ახლა ოპოზიციის ამოცანა ნადვილად არ არის ხელისუფლებასთან დიალოგში ყოფნა.

„გავიგეთ და ყველამ დავინახეთ, როგორია ხელისუფლების წარმოებული დიალოგი.ეს არის დაპტიმრებებები და პოლიტიკური ნადირობა პოლიტიკურ ლიდერებზე. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომელსაც მივყვებით. ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის დავაკომპლექტოთ მაჟორიტარული ოლქები, სადაც ყველა ოლქში წარმოდგენილი იქნება ოპოზიციური კანდიდატი. ასევე ვემზადებით 4 აპრილის აქციისთვის. ეს იქნება დიდი და მასშტაბური აქცია",- განაცხადა უდუმაშვილმა.