"არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს" - კვირის პალიტრა

"არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს"

"ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე ბოკერია იქნება "ევროპული საქართველოს" ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას "ევროპული საქართველოს" ზოგიერთი ლიდერის გარეშე"

20 თებერვალს საქართველოს საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს ქართულ ინტერნეტსაიტებზე მასშტაბური შეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГРУ) განახორციელა. ამ განცხადებას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამოხმაურებები - მათ ოფიციალური მოსკოვი კიბერთავდასხმაში ერთხმად დაადანაშაულეს. დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა 95%-იანი ალბათობით დაადგინეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმის უკან სწორედ რუსეთის ფედერაცია იდგა. შეგახსენებთ, ჰაკერული თავდასხმები ქართულ სახელმწიფო დაწესებულებებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მოხდა, შედეგად შეწყდა რამდენიმე ტელეარხის მაუწყებლობა, დაიბლოკა სამთავრობო სერვერები, პარალიზებული აღმოჩნდა რამდენიმე საზოგადოებრივი დაწესებულება.

20 თებერვალსვე საპატიმრო დაწესებულება დატოვა შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა და ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან მისი პირველივე პოლიტიკური განცხადებები უკიდურესად მწვავე აღმოჩნდა. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

მამუკა არეშიძე

- ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის პირველივე კადრებში გამოჩნდა, რომ ის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ სცენისთვის. ეს მისთვის იყო, ერთგვარად, ფსიქოლოგიური რეპეტიცია ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგომად. ამასთანავე, მან პირველივე განცხადებებით პოლიტიკაში დარჩენის პრეზენტაცია გამართა. მერაბიშვილი მაქსიმალურად შეეცადა, გადაეფარა ხმები იმის თაობაზე, თითქოს მას ციხიდან უშვებენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაურიგდა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რამაც გამოიწვია ის აღტაცება, რაც მისი განცხადებების შემდეგ დაეუფლათ ციხის კართან შეკრებილ მის გულშემატკივრებს.

ის პოლიტიკაში რჩება, მაგრამ ჯერჯერობით რთული სათქმელია, რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ. მერაბიშვილი, შესაძლოა, წავიდეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ან "ევროპულ საქართველოში", თუმცა ასევე შესაძლებელია შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა. მას, რასაკვირველია, აქვს პოლიტიკური რესურსი, ჰყავს მხარდამჭერები - ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და ზოგი ამჟამინდელი თანამშრომელი; ჰყავს გულშემატკივრები რეგიონშიც - ვგულისხმობ სამცხე-ჯავახეთს, საიდანაც არის წარმოშობით და სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესსქემაში ბევრი ადამიანი ჰყავდა ჩართული.

რომ გითხრათ, მერაბიშვილი იმ ტიპის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ამინდის შექმნა შეუძლია-მეთქი, მოგატყუებთ. თავის დროზე ხელისუფლებაში მისი მაღალ თანამდებობებზე ყოფნა, ძირითადად, განპირობებული იყო ორგანიზატორული ნიჭით, რაც მას მართლაც გამოარჩევს. მერაბიშვილს შეუძლია მოქნილად და სისტემურად აზროვნება, ასევე - გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება, მაგრამ მას არა აქვს საჯარო გამოსვლების დიდი გამოცდილება, ამიტომაც უშვებს შეცდომებს. ვფიქრობ, მისი განცხადება ხელისუფლების დამხობის თაობაზე სწორედ ამგვარი შეცდომა იყო. რიტორი რომ არ არის, ეს გამოჩნდა ტელეკომპანია "მთავართან" ინტერვიუშიც. მოკლედ, ვნახეთ, რომ როგორი უფერული მოსაუბრეც ადრე იყო, იმგვარივე დარჩა. მერაბიშვილი არ განეკუთვნება იმ კატეგორიის ადამიანებს, ვინც შეიძლება სინანულის გრძნობამ შეაწუხოს. აშკარად ჩანს, რომ ის სახელმწიფო ჩინოსნის პოზიციიდან მაშინაც მიიჩნევდა და ახლაც მიიჩნევს, რომ მართალია და, რომ თავისი მოქმედებებით იცავდა კანონსა და სამართალს. ერთიც და მეორეც მახინჯი რომ იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. მისი აზროვნება ასეა მოწყობილი.

რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მერაბიშვილის მიმართ, კარგად გამოჩნდა, რომ მის უმრავლესობას არ დავიწყებია, რა ხდებოდა ქვეყანაში მერაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

"ორი გვამი" კი არა, უამრავი ცხედარი გვახსოვს, რომელთაც მისი თავკაცობით დაგეგმილი და განხორციელებული ე.წ. სპეცოპერაციების დროს ხან სახურავზე პოულობდნენ, ხან - სად და ხან - სად.

რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას "ნაციონალური მოძრაობისა" თუ "ევროპული საქართველოსთვის"? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. კი, შესაძლოა, ორგანიზაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ორივე ამ ორგანიზაციაში უკვე არიან ლიდერები, რომელთაც ახალი ლიდერის გამოჩენა, ვფიქრობ, მაინცდამაინც არ გაუხარდებათ, მეორეც, მგონია, ამ პოლიტიკური ძალებისთვის მერაბიშვილი უკვე ბალასტია. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც "ქართულ ოცნებაზე" იყო განაწყენებული და სოციალურ ქსელებში განაწყენებას აქტიურად გამოხატავდა, უცებ გაახსენდა ყველაფერი, რაც პირადად მერაბიშვილთან არის დაკავშირებული, შედეგად კი "ნაციონალური მოძრაობისა" თუ მისი განაყოფის მიმართ მათი დამოკიდებულება უფრო უარყოფითი გახდა.

საქმე ის არის, რომ დანაშაულები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა "ნაციონალურმა მოძრაობამ", დიდწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სახელებს უკავშირდება.…

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს, ვფიქრობ, მათ ნაწილსაც კარგად ახსოვს, რა გააკეთა ვანო მერაბიშვილმა იმჟამინდელი "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის წინააღმდეგ - ვგულისხმობ ლაფანყურის სპეცოპერაციას, რაც, ჩემი აზრით, იყო ახალაიების წინააღმდეგ მერაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი. ვფიქრობ, კარგი ორგანიზატორული ნიჭისა და გამოცდილების ადამიანი ასეთ შეცდომებს მხოლოდ მიზანმიმართულად თუ დაუშვებდა.

ლაფანყურის ამბავი ჯერ გაურკვეველია საზოგადოებისა და "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ბევრისთვის. რა მოხდა მაშინ, ზუსტად ისევ არ ვიცით, არადა, 2012 წელს "ნაციონალების" მარცხი მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო სწორედ ლაფანყურის მოვლენებითა და ციხის კადრებით. ორივე ამ პროცესში აშკარად იკვეთება მერაბიშვილის კვალი, როგორც ადამიანისა, რომელსაც, სულ მცირე, რაღაც გამოეპარა, ან მიზანმიმართულად შეუწყო ხელი ამ მოვლენებს.

რაც შეეხება სახელისუფლებო წრეების წარმომადგენელთა განცხადებებს... შესაძლოა, სწორია, როცა მერაბიშვილს მკვლელად მოიხსენიებენ, მაგრამ თუ მკვლელია, რატომ არ მოეთხოვა მას პასუხი ისე, როგორც მკვლელს?! მას სასჯელი არ მოუხდია იმ სისხლისთვის, რაც დაიღვარა მისი ხელისუფლებაში ყოფნისას და არც იმ დესპოტური მართვის წესისთვის, რაც შს მინისტრობის დროს დანერგა. ამიტომაც უჩნდება საზოგადოების ნაწილს კითხვები... ეს ვითარება მოიტანა კოაბიტაციის იმ მახინჯმა ფორმამ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა. არ ვიცი, შესაძლოა, გარიგებები მართლაც მოხდა...

- მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა, ოპოზიცია ცდილობს მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო გაერთიანებას, არსებობს მოლაპარაკებების მაგიდა, თუმცა მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ მოვისმინეთ არაერთი ოპოზიციონერი ლიდერის განცხადება, რომ ისინი მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ... როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, ის ოპოზიციისთვის "განხეთქილების ვაშლად" იქცეს? - მერაბიშვილის გამოსვლა რომ აუცილებლად გაამწვავებდა ვითარებას არა მხოლოდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, არამედ ოპოზიციაშიც, თავიდანვე აშკარა იყო. არ მინდა დავიჩემო, თითქოს მართლაც ასეა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიძლება მისი ციხიდან გამოშვება ხელისუფლების პოლიტტექნოლოგიის ნაწილი იყოს სწორედ ოპოზიციაში არეულობის შესატანად.

ოპოზიციაში არის ბევრი პოლიტიკოსი, ვინც უკვე ხმამაღლა გამოთქვა თავისი აზრი, რომ მერაბიშვილთან საქმეს არ დაიჭერს. წარმომიდგენია, რა შეიძლება მოჰყვეს მერაბიშვილის მისვლას ნათელაშვილის ოფისში, სადაც ოპოზიციის შეხვედრები იმართება, თუმცა ცოტა გაუგებარია ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის ეს განცხადებები. მერაბიშვილი წლების განმავლობაში წარმოადგენდა "ნაციონალურ მოძრაობას", თუ ამ პარტიის სხვა ლიდერებს ელაპარაკები, მერაბიშვილთან ლაპარაკი რატომ არის პრობლემა?!

- მერაბიშვილის პირველი განცხადებებით ჩAანს, რომ ის ეცდება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" კვლავ გააერთიანოს... - ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე გიგა ბოკერია იქნება "ევროპული საქართველოს" ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას "ევროპული საქართველოს" ზოგიერთი ლიდერის გარეშე. საქმე ის არის, რომ 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში უკვე ძალიან გაღრმავებული იყო დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ეს მაშინ არ გამოჩნდა, რადგან ამის დასანახავად არავის ეცალა, სხვა ტალღაზე იყო მთელი საზოგადოება გადართული, ამასთანავე, დროც არ იყო, რადგან ოქტომბერში "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწია. ამიტომაც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ის ნაპრალი, რაც მაშინ არსებობდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და 2016 წელს უკვე ოფიციალურად გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას, მაგრამ ამის ნიადაგი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი უკვე უაღრესად უკმაყოფილო იყო კონკრეტული ლიდერების მოქმედებით.

- ამ ლიდერებს შორის ვანო მერაბიშვილიც იყო?

- რასაკვირველია. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილს ბევრი რამ ახსოვს, თანაც მათ შორის ის ყველაზე ნიჭიერია, ანალიზის უნარიც უკეთესი აქვს. მერაბიშვილის გამოსვლის შემდეგ მისი პირველი რეაქცია მეტად თავშეკავებული იმიტომაც იყო, რომ ის ელოდა, თვითონ მერაბიშვილი რას იტყოდა და რა ნაბიჯებს გადადგამდა. არც მერე გამოუდვია მაინცდამაინც თავი მერაბიშვილთან დაკავშირებით, რადგან, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ეჭვის თვალით უყურებს, რომ მიუხედავად მერაბიშვილის მიერ ციხის კართან მოწყობილი დემონსტრაციისა, ის "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდება.

- მერაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლება, თუმცა ნაკლები ილაპარაკა პირადად ბიძინა ივანიშვილზე. როგორ ფიქრობთ, ის ყველა გზას არ მოიჭრის, რადგან შეიძლება ციხეში დაბრუნების ეშინოდეს? - მერაბიშვილის წინააღმდეგ იმდენი კომპრომატი არსებობს, რომ შეიძლება მრავალტომიანი ახალი საქმე შედგეს. როგორც ვიცი, მასთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე სასამართლოში უკვე განიხილება. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, მას ეს აფიქრებდეს, თუმცა, ჩემი აზრით, არის კიდევ გარკვეული თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს. ეს არ შეეხება მისი, როგორც მინისტრის საქმიანობას...

- ბიზნესს გულისხმობთ?

- შეიძლება ესეც იყოს... მეტს ვერაფერს გეტყვით...

- საქართველოს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) ქართულ ინტერნეტსაიტებზე მასშტაბურ შეტევაში დაადანაშაულეს, რომელიც 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა ამ თავდასხმას? - თუ დინამიკას მივადევნებთ თვალს, გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა, სულ ცოტა, მესამე სერიოზული თავდასხმაა ქართულ ინტერნეტსივრცეზე; პირველი მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა ზუსტად ვიცოდით, რომ ამის უკან რუსეთი იდგა. შემდგომაც მუდმივად იყო ეჭვიც და მოლოდინიც, რომ შეიძლებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს მსგავსი იარაღი ჩვენს წინააღმდეგ კვლავაც გამოეყენებინათ, მით უფრო, რომ ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა, როდესაც 2015 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანაზე პირდაპირ კიბერშტურმი მიიტანეს - მწყობრიდან გამოიყვანეს ენერგოსისტემები, პრობლემები შეუქმნეს მეტროპოლიტენსა და აეროპორტს; სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდების დაჰაკვაზე აღარაფერს ვამბობ. რუსული კიბერთავდასხმების შედეგად პრობლემები შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში; აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევაც კი სცადეს და ა.შ.

ცნობილია, რომ რუსეთის მონაწილეობა ბრიტანელთა გამოძიების შედეგად დადგინდა. კიბერდივერსანტების რამდენიმე რუსული ჯგუფია ცნობილი. დასავლეთში, როგორც ჩანს, უკვე ისე კარგად შეისწავლეს ამ ჯგუფების ხელწერა, უკვე ამ ხელწერით ცნობენ, რომელი დგას ამა თუ იმ შეტევის უკან. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსგან შევიტყვეთ, საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევის უკან გენშტაბის სადაზვერვო სამმართველო და კონკრეტული სამხედრო ნაწილი იდგა, ნომრით 74455 და სახელწოდებით "უდაბნოს ქარიშხალი".

რადგან ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ, ამგვარ რამეს უნდა ველოდოთ და ვეცადოთ, მზად დავხვდეთ. სხვათა შორის, თავის დროზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკელების დაჟინებული მოთხოვნით სპეციალური სერვერი შეარჩია, რომელიც იმუშავებდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის და რუსეთისგან რთულად გასაკონტროლებელი იქნებოდა. ტექნოლოგიები ვითარდება და, შესაბამისად, შენი კიბერუსაფრთხოებაც მუდმივად უნდა ახლდებოდეს და იხვეწებოდეს.

რა ინტერესი და მიზანი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს? ერთმნიშვნელოვნად რთული სათქმელია. თუ გავიხსენებთ, იმ საიტების დიდი ნაწილის ეკრანებზე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისური წარწერით: "მე დავბრუნდები". ერთი შეხედვით ეს ცინიკურ ანცობას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ვვარაუდობ, რომ ეს იყო დემონსტრირება იმისა, ნახეთ, ჩვენ ვითარებას ვაკონტროლებთო. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ეს იყო გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რადგან რუსეთში მშვენივრად იციან, როგორ მონაწილეობენ ქართული კიბერსივრცის დაცვაში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. აქედან გამომდინარე, ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ მათთვის ბარიერები არ არსებობს.

მაინცდამაინც ახლა რატომ დასჭირდათ, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენზე ექსპერიმენტი გამოცადეს და ისიც ნახეს, როგორ არის დაცული ჩვენი სისტემები. მოკლედ, ეს იყო გაფრთხილება-შემოწმება.

მოგეხსენებათ, კიბერთავდასხმა ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს, რომელთაც სათანადო ყურადღება არ ექცევა, ან ექცევა, მაგრამ რესურსი არ გვყოფნის მასთან გასამკლავებლად. უკვე ვთქვი, რომ კიბერსივრცე განვითარებადი სეგმენტია და მის განვითარებასთან ერთად ათასგვარი ახალი საფრთხე ჩნდება, მათ შორის - სოციალური ქსელი, როგორც განსაკუთრებული ზემოქმედების იარაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო მარათონი, რომელიც მნიშვნელოვანწილად სოციალური ქსელების საშუალებით მოიგო ტრამპმა. ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ იმას, რა ტიპის აქტივობას იჩენს მოწინააღმდეგე კიბერთავდასხმის მიმართულებით, არამედ უპირველესად იმას, ჩვენ რას ვაკეთებთ. ჰიბრიდულ ომში გამარჯვება ბლოკირებით არ ხდება, ჰიბრდულ ომში წინააღმდეგობის გაწევა და წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კონტრღონისძიებებით. შენც უნდა იყო ამ პროცესებში ჩართული, რისი რესურსიც ნამდვილად გვაქვს.

- აშშ-ში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რუსეთმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადოს ჩარევა. ჩვენ გვემუქრება ამგვარი საფრთხე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას? - დარწმუნებული ვარ, რუსეთი შეეცდება, გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს არჩევნებზეც. კიბერშეტევისას მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანი ასპექტია საზოგადოების აზრზე ზემოქმედება, რისთვისაც ჩვენი ინტერნეტსივრცე ღიაა. საპარლამენტო არჩევნებამდეც უნდა მიექცეს ამას დიდი ყურადღება და მერეც.

გვიახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი - რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი გადის. ეს ხელშეკრულება რამდენიმე თვეში უსინდისოდ დაარღვია საბჭოთა რუსეთმა. მოსკოვში უკმაყოფილოდ ელიან, რას იტყვის და მსოფლიოს გასაგონად რა კამპანიას წამოიწყებს საქართველო ამ თარიღთან დაკავშირებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთს ძალიან მწირი არგუმენტები აქვს თავის დასაცავად. დავაკვირდეთ, რა ტიპის ინფორმაციას ააქტიურებს რუსეთი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თარიღის გადასაფარავად.

ამ ცოტა ხნის წინ ჩაუშვეს ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმგვარი დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებას, რომლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი თურმე არასდროს ყოფილა საქართველო და იქ ქართველებს არ უცხოვრიათ.

დაიწყეს ამ აზრის ტირაჟირება როგორც სატელევიზიო ეთერებით, ასევე ინტერნეტსივრცეში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ თემაზე 6-7 გადაცემა მოამზადეს სხვადასხვა რუსულ არხზე. როგორც ვატყობ, ემზადებიან, ფართოდ გაშალონ თემა 1920 წელს ქართველების მიერ "ოსების გენოციდის" თაობაზე. ისეთი ტენდენციური მასალები ჩნდება, რომ არ შეიძლება ეს უპასუხოდ დავტოვოთ. ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, ამისთვის კი საჭიროა, ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებულნი და ვფლობდეთ კონტრჰიბრიდული ომის წარმოების ტექნოლოგიებს.