"კიბერომს შეუძლია ისე დააზიანოს საქართველო, რომ ომამდე მოახდინოს კაპიტულაცია" - კვირის პალიტრა

"კიბერომს შეუძლია ისე დააზიანოს საქართველო, რომ ომამდე მოახდინოს კაპიტულაცია"

"სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ძალიან მარტივია არჩევნების დღეს კიბერშეტევა, საარჩევნო ელექტრონული ინფრასტრუქტურის პარალიზება, რათა ვერ მოხერხდეს ხმების დათვლა. ამას შეიძლება მოაყოლონ პროვოკაციები..."

საქართველოს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) ქართულ ინტერნეტსაიტებზე, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, სასამართლოებისა და რიგი ტელეარხების კიბერშეტევაში დაადანაშაულეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,"კიბერშეტევა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული. ოფიციალურმა ვაშინგტონმა და ლონდონმა პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრეს. რუსეთის ქმედება დაგმეს ევროკავშირმა, ფინეთმა, ჩეხეთმა, დანიამ...

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: - 2008 წლის ომამდე და ომის დროს რუსეთმა მწყობრიდან გამოიყვანა ჩვენი სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა - სახელმწიფო ორგანოების საიტები, სპეცკავშირების ნაწილი, მედია და ა.შ. ახლაც იგივე მოხდა, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბით. რას ემსახურებოდა 2008 წელს რუსეთის ეს ქმედება, ამაზე კითხვები აღარ გვაქვს, მაგრამ ამჯერად ამ კითხვაზე პასუხი საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები...

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი ინტერნეტით და ელექტრონულად იმართება, მარტივად შეიძლება სისტემების სრული პარალიზება. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის - საჰაერო ნავიგაციის, კომუნიკაციების, სატელეფონო და ინტერნეტკავშირების, ასევე ფინანსური ინფრასტრუქტურის, საბანკო სისტემის ან ელექტრო და წყალმომარაგების სისტემების, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა. მაგალითად მოვიყვან უკრაინის ომის დროს რეგიონული ელექტრომომარაგების სისტემაზე კიბერთავდასხმას, რის შედეგადაც მილიონ-ნახევარზე მეტი კაცი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და არც დენი გაქვთ, არც წყალი, არც სატელეფონო ან ინტერნეტკავშირი, არ მუშაობს საავადმყოფოები, ვერ გემსახურებიან აფთიაქები, მაღაზიები, რადგან ელექტრონული მართვის სისტემა გათიშულია, დაბლოკილი გაქვთ საბანკო ბარათი, არ მუშაობს ტელევიზია, რომ გაიგოთ, რა ხდება ქვეყანაში - საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს, ხომ?! ეს XXI საუკუნეა - მასირებული კიბერშეტევის შედეგად ეს ყველაფერი წუთში შეიძლება ჩვენს დღევანდელობად იქცეს. თუ სამხედრო ასპექტებზე ვისაუბრებთ, შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ საჰაერო თავდაცვითი ობიექტები, ნავიგაცია, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო. ფაქტობრივად, კონვენციურ ომამდე ომის მოგება კიბერთავდასხმებით არის შესაძლებელი. კონვენციურ ომში იგულისხმება ტრადიციული საომარი შეიარაღება და მოქმედებები.

კიბერომს შეუძლია იმგვარად დააზიანოს ქვეყანა, მით უმეტეს, საქართველოსთანა დაუცველი, ფაქტობრივად, ომამდე მოახდინოს კაპიტულაცია. კიბეროპერაციის სახედ შეიძლება განვიხილოთ სოციალურ ქსელებში ის თამაშებიც, რომლებიც ახალგაზრდების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განადგურებას ისახავს მიზნად. კიბერშეტევებს აქვთ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ასპექტიც - საზოგადოებაში დაუცველობის, უსუსურობის შეგრძნების გაღვივება, თვითშეფასების დაკარგვა. კიბერომის სახეა დეზინფორმაციის გავრცელებაც.

- ტროლები და ბოტებიც ხომ ამ სფეროდანაა? - ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის სფეროა. კიბერთავდასხმები შეიძლება ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომის ელემენტად მოვიაზროთ. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი წერტილოვანი დარტყმები, შეიძლება გრძელვადიანიც, თუ ლაპარაკია კიბერშპიონაჟზე, დეზინფორმაციაზე, ვირტუალური რეალობის შექმნაზე და ა.შ.

- რა არის საინფორმაციო ომის მიზანი? - მოსახლეობის ფსიქოლოგიურად გატეხა ოკუპაციისთვის, შემდგომ უკვე კაპიტულაციისთვის.

ზოგიერთი მკვლევარი პირდაპირ ამბობს, რომ საინფორმაციო ომის სამიზნე არამატერიალურია - თუ კონვენციურ ომში იბომბება, ვთქვათ, სტრატეგიული ობიექტები და გამოიყენება შეიარაღება, საინფორმაციო ომის სამიზნე ადამიანის ტვინია.

კიბერუსაფრთხოებითაც და კიბერთავდაცვითაც აშშ, ჩინეთი და რუსეთი ლიდერობენ. კიბეროპერაციის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის მიერ ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული ოპერაცია - ამერიკის დემოკრატიული პარტიის მეილებში, მათ შორის მათი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მიმოწერაში შეღწევა და ამის საფუძველზე დემოკრატიულ პარტიაზე მძლავრი დარტყმის მიყენება. მარტო მიმოწერა კი არა, მთლიანად კომპიუტერის შიგთავსები წაიღეს. მთელი წინასაარჩევნო სამზადისი ამოიღეს და კონკურენტ კანდიდატებს გადასცეს. ასე რომ, კიბერშეტევა უმძლავრესი იარაღია. რა ძალაც აქვს ატომურ ბომბს, ასეთივე მასობრივი განადგურების ძალა აქვს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე კიბერშეტევას.

20 თებერვალს "ნიუ-იორკ თაიმსი" 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე წერდა. სტატიაში ამავე კონტექსტშია ნახსენები საქართველოზე კიბერშეტევაც. აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსული კიბერშეტევები ისევ დემოკრატების საწინააღმდეგო იქნება. ამის ერთ-ერთი მიზანი აშშ-ის ამომრჩეველში საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის შერყევაა. "კიბერშეტევის ობიექტი შეიძლება გახდეს რეგისტრაციის მონაცემები (ანუ საარჩევნო სიები) და ხმის მიცემის სისტემა", - წერენ სტატიაში. მოკლედ, წინსაარჩევნოდ მორიგ კიბერშეტევებს ელიან.

- რა თავდაცვით ზომებს მიმართავენ? - წესით, ასეთ ომს თავდასხმითი ზომებითაც უნდა უპასუხო, მაგრამ მარტივი არ არის იმის დამტკიცება, რომ მაინცდამაინც რუსეთში არსებული სერვერებიდან წამოვიდა შეტევა. მით უმეტეს, რუსეთი ამერიკის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანის კიბერრესურსებსა და სხვა არასახელმწიფო აქტორებს - ტერორისტულ ჯგუფებს. მაგალითად, როდესაც გაშიფრავენ, თუ ვინ განახორციელა კიბერშეტევა, ყოველთვის რუსეთის ГРУ-მდე კი არ მიდის კვალი, ტერორისტულ ჯგუფამდეც, რომელშიც რუსებს კიბერმეომრები ჰყავს ჩანერგილი.

მახსენდება, ჩვენთან საარჩევნოდ ელექტრონულ სიებზე გასვლას ითხოვდნენ... ახლა კი იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონულ ხმის მიცემაზეა ლაპარაკი, კიბერშეტევის ეშინიათ. წარმოიდგინეთ, კიბერშტევის შედეგად არჩევნების დღეს ამომრჩევლის ბაზა გაქრეს ან აირიოს ხმის მიცემის სისტემა. გერმანიის არჩევნებშიც ჩაერივნენ, ბრექსიტიც რუსეთმა შეამზადა შემოვლითი გზებით, მათ შორის საინფორმაციო-პროპაგანდისტული მეთოდებით. კიბერშეტევები რუსეთს საშუალებას აძლევს იმავე დონეზე შეერკინოს ჩინეთსა და აშშ-ს, რა დონეზეც ამ ქვეყნების კიბერარმიები არიან. თანაც ეს დიდ ხარჯს არ მოითხოვს.

- რუსეთის თავდასხმის გამო ძალიან ბევრმა ქვეყანამ გამოგვიცხადა სოლიდარობა.

- ეს იყო უპრეცედენტო სოლიდარობა და ამასთან, მსოფლიომ შანსი არ გაუშვა, კიდევ ერთხელ ცხვირში ამოერტყა რუსეთისთვის, დაეფიქსირებინა, რომ დღეს რუსეთი მთავარი კიბერხულიგანია. მეტიც, მთავარი კიბერაგრესორია მსოფლიოში.

- ჩვენთან რისთვის მოსინჯა ნიადაგი? - შესაძლოა ინფრასტრუქტურაზე ჩაატარა საწვრთნელი ოპერაცია. ასევე დაინტერესდა, 2008 წლის შემდეგ რა გააკეთეს ქართველებმა კიბერუსაფრთხოებისთვის, როგორ დაიცვეს კრიტიკული ობიექტები.

- არჩევნებში არ ჩაერევა? - ჩვენთან ელექტრონული ხმის მიცემა არ არის, მაგრამ ხმების დათვლა, მონაცემების გადაგზავნა და ა.შ. ელექტრონულია.

სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მარტივია არჩევნების დღეს კიბერშეტევა, საარჩევნო ელექტრონული ინფრასტრუქტურის პარალიზება, რათა ვერ მოხერხდეს ხმების დათვლა. ამას შეიძლება მოაყოლონ პროვოკაციები და სამოქალაქო დაპირისპირება.

ყველაფერი, რაც დღეს ჩვენში ხდება, ჰიბრიდული ომის ნაწილია. მართული პროცესია ფსიქოლოგიურ-დივერსიული ომისა, რომელსაც რუსეთი თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს: არაფერია შემთხვევითი, არც საზოგადოებაში არსებული აგრესია, არც ის, რომ ვერაფრით ხერხდება საერთო ღირებულებებზე მოსახლეობის შეჯერება. პირიქით, სულ უფრო ღვივდება ურთიერთმიუღებლობა, აბსოლუტური იმედგაცრუება.

კვირა არ გავიდოდა, არ გადმოეწიათ საოკუპაციო ხაზზე საზღვარი. ეს იყო დივერსიული ოპერაციის ნაწილი, რათა ყოველდღიურად შეეხსენებინათ, წელში გადატეხილი ხართო, და თვითშეფასება დაგვცემოდა, კაპიტულანტური განწყობა ჩამოგვყალიბებოდა, რათა მერე, კონვენციური ომი რომ დაიწყოს, ხალხმა ხელში იარაღის აღების აზრიც კი ვერ დაინახოს.

ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ საზოგადოებამ არ იფიქროს მომავალზე, ერთი მიზნის გარშემო არ გაერთიანდეს, არამედ იყოს დაყოფილი სხვადასხვა ღირებულების, სოციალური პრობლემების, რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით, რათა მუდმივად იყოს შესაძლებელი ასანთის გაკვრა და მათი წაკიდება. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების გამოწვდილი ხელი: აშშ, ნატო, ევროკავშირი, ბალტიისპირეთის ქვეყნები - ისინი წინ წავიდნენ კიბერთავდაცვითი მექანიზმების შექმნაში. გვჭირდება საკანონმდებლო ჩარჩოსა და სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, რომლებიც შეაფასებს საფრთხეებს, შეიმუშავებს პრევენციისა და რეაგირების სტრატეგიას. დასახვეწია სახელმწიფო ინსტიტუტების ქსელი, რომელიც უნდა მუშაობდეს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, შესაქმნელია მაკოორდინირებელი რგოლი... ერთ-ერთი, რისთვისაც ხელისუფლება მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა მოემზადოს, ელექტრონული ინფრასტრუქტურის დაცვაა, რათა არჩევნების პერიოდში არ გახდეს კიბერთავდასხმის ობიექტი.

ლაშა პატარაია, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი: - რაც მოხდა, არ არის მხოლოდ კიბერუსაფრთხოების ამბავი. ეს არის აქტიური სადაზვერვო ღონისძიება, რომელსაც რუსეთი მუდმივად მიმართავს. ცხადი შეიქნა, რომ იოლად შეუძლიათ მედიასაშუალებების ჩახშობა, ამის დემონსტრაცია მოახდინეს კიდეც. მათი ამოცანა იყო, მოსახლეობისთვის სახელმწიფო ინსტიტუციების სისუსტე ეჩვენებინათ, რათა ნეგატიური ფონი შეექმნათ. ერთ-ერთი ქვემიზანი ისიც იყო, რომ თავიანთი კიბერშემტევი შესაძლებლობები დაეტესტათ. დღეს კიბერუსაფრთხოება ტყუილად არ არის გაიგივებული ბირთვულ შესაძლებლობებთან. მას შეუძლია ფატალური შედეგი გამოიწვიოს ეროვნულ უსაფრთხოებაში. როგორც წესი, რუსეთი ერთსა და იმავე სქემებს იყენებს. მათი გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რადგან თუკი კიბერშეტევა განხორციელდება, წინსწრებით ფლობდეს ინფორმაციას და შეძლოს პრევენცია.

- შეგვეძლო ამ კიბერშეტევის აცილება? - არა. 2008 წლიდან მოყოლებული ბევრი რამ მოხდა, მათ შორის კიბერშპიონაჟის უამრავი ფაქტი, მაგრამ ჩვენი კიბერთავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ადეკვატური ნაბიჯები არ გადადგმულა და ვერც ახლა დავიცავდით თავს. ისიც უნდა ითქვას, რომ მედიასაშუალებები არ არის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი აქტივები და მათ უსაფრთხოებაზე უჭირს მუშაობა. შესაბამისად, კარგი იქნებოდა კოოპერაცია. საინფორმაციო საშუალებები უნდა გაიგივდეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან.

- ამ ინციდენტმა ისიც ცხადყო, რომ ამ საქმის სპეციალისტები არა გვყავს. - ჩვენ უფრო პრევენცია გვაინტერესებს. სწორედ პრევენციის ნაწილია ის, რომ სახელმწიფომ გაიაზროს კადრების პრობლემა, გაზარდოს სახელფასო ანაზღაურება საჯარო სექტორში. საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა, პოლიტიკის შემუშავება და უამრავი სხვა რამ.

- უახლოეს გამოწვევად რა მიგაჩნიათ? - საინფორმაციოზე შეტევა, ფეიკნიუსებზე, ტროლებზე, ბოტებზე როგორც ადგილობრივი აქტორებისგან, ისე სხვა სპეცსამსახურებისგან, რომლებიც პოლიტიკურ დუღილს კარგად იყენებენ. საარჩევნო წელია და ასეთი ფაქტები მოსალოდნელია...