"მერაბიშვილმა თქვა ის, რაც სურთ "ნაცებს"! - ოცნებობენ, რომ სისხლის მდინარეები დააყენონ" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილმა თქვა ის, რაც სურთ "ნაცებს"! - ოცნებობენ, რომ სისხლის მდინარეები დააყენონ"

"ხერხემალი", რომელიც თავის დროზე ქვეყანას აზანზარებდა, დღეს სასაცილო თოჯინას დაემსგავსა"

ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აფასებს.

- ძალიან მცდარია მოსაზრება, რომ ვისაც ციხეში მოუწია ყოფნამ, ყველა გმირია. პატიმრობიდან გმირად შეიძლება გამოვიდეს ნელსონ მანდელა, "ხერხემალი" კი - არა. ეს პერფორმანსები და ე.წ. ნაცური, კარნავალური ესთეტიკა საზოგადოებაზე გავლენას ვეღარ ახდენს, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ ყავლი გაუვიდათ, ახლა ეს ყველაფერი დრომოჭმული ხალხის გიჟობანას ჰგავს. გიჟს რომ ხელში ასანთს ჩაუგდებ და კოცონს დაანთებს, ისეთ რეალობაში ვცხოვრობდით ყოველდღიურად. ნეტავ, ოდესმე თუ გავიაზრებთ, რატომ ჰქონდათ ამ არარაობებს, ცხრა წელზე მეტხანს ხელში ძალაუფლება, თანაც - აბსოლუტური ძალაუფლება... თავიდან ძალიან ცდილობდნენ, ლამის ნელსონ მანდელამდე აეყვანათ მერაბიშვილი, მაგრამ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მანდელა 30 წელი იჯდა, "ხერხემალი" კი თანამედროვე ციხეში, სადაც მშვენიერი პირობებია, მხოლოდ ექვსი წელი და ცხრა თვე.

- მისი თანაგუნდელები ლაპარაკობენ მის პრინციპულობაზე; მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა, რომ მან უკან არ დაიხია. - ცდილობდნენ, მისგან პრინციპული ფიგურა გამოეძერწათ. ხელი არ მოაწერაო... ხელი არ მოაწერა დისიდენტმა მერაბ კოსტავამ, რომელმაც იმ სასტიკი რეჟიმის წინაშე "დანაშაული" არ აღიარა...

- მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლისთანავე ახსენა დამხობა, რამაც მისი ყოფილი თანაგუნდელებიც დააბნია. შემდეგ არჩევნებზე ალაპარაკდა. როგორ ფიქრობთ, მას აუხსნეს, რომ რადიკალური გამოსვლები აღარ ამართლებს?.. - ის დიდი მჭევრმეტყველებით არასდროს გამოირჩეოდა; მეტიც, საჯარო და საშინაო მეტყველებასაც ვერ არჩევდა, თუმცა მელას რაც ენატრებოდა, ის ელანდებოდაო...

არ ვიცი, რა აუხსნეს, თუმცა, თქვა ის, რაც სურთ "ნაცებს"! ოცნებობენ, რომ დაამხონ ეს ხელისუფლება და სისხლის მდინარეები დააყენონ.

ვერ გამოდიან იმ ხიბლიდან, რაც 2003 წელს გამოუვიდათ; "გაუვარდათ" უნიკალური კონსტელაცია და ჰგონიათ, ასეთი შესაძლებლობა ისევ დაუდგებათ. ასევე ჰგონიათ, დასავლეთში მოვა ძალა, რომელიც ხელისუფლებას მათ ჩაუგდებს ხელში.

ვერ გაიაზრეს, რომ 2003 წელს სხვა ვითარება იყო, იმ ყველაფერს სხვა პროცესები უძღოდა წინ, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ მხარს უჭერდა... ამიტომ აქვთ ატეხილი აჟიოტაჟი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე. იმ კონგრესს 300-ზე მეტი წევრი ჰყავს და მათგან რამდენიმეს თუ განსხვავებული აზრი აქვს, ეს განსაკუთრებული არ არის. ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ აისახება. მაშინაც კი, როცა არსებობს გარე დახმარება, თუ შიგნით ხალხის დიდი ნაწილი არ არის შენს მხარეს, ვერაფერს მიაღწევ... ამიტომ არ ვიცი, რატომ ახარებს ქართველი ლიბერალების ჯგუფს ამერიკელი კონგრესმენების წერილები, ან რატომ ჰგონიათ, რომ ამ წერილებს ისეთი გამოხმაურება მოჰყვება, რომ ხელისუფლებას შეცვლიან.

სინამდვილეში ასეთი დამოკიდებულება არის ქართველი ლიბერალებისთვის დამახასიათებელი კოლონიური სინდრომის გამოხატულება და ღრმა პროვინციალიზმის ნიშანი.

- კოლონიური სინდრომის გამოხატულება ვის მიმართ? - ამერიკის მიმართ. კოლონიურ აზროვნებაში ვგულისხმობ იმას, რომ დასავლური და ევროპული კულტურისაგან განსხვავებით, რომელიც პირად პასუხისმგებლობას გულისხმობს, ისინი ელიან, რომ ამას სხვა გაუკეთებს და ამით ძალიან ჰგვანან 20-იანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას. ის, რაც ამერიკაში ხდება, ამერიკელი ხალხის სუვერენიტეტის გამოხატულებაა, თუმცა ქართველ ლიბერალებს არ ესმით სუვერენიტეტის ცნება და ვერ იაზრებენ, რომ სწორედ ეს არის დასავლურობის მიმანიშნებელი. თუ ადამიანთა ჯგუფს არა აქვს პირადი პასუხისმგებლობა, თვითონ არ აკეთებს არჩევანს, არ ცვლის უკეთესობისკენ, გარედან მოხმობილი დახმარებით ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ და რჩები საბჭოთა მენტალობის გაგრძელებად, რასაც თვითონ აკრიტიკებენ და სხვებს თავს ესხმიან.

კრემლი და თეთრი სახლი თავიანთი დანიშნულებით ერთი და იგივე ჰგონიათ, ანუ თუ რამეს ვაშინგტონი გადაგიწყვეტს, ესე იგი, კარგია - ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე მათი მამა-პაპა იღებდა კრემლის ყველა გადაწყვეტილებას უკრიტიკოდ. ეს ახალგაზრდა ლიბერალებიც იმ გზით მიდიან - მათ ჰგონიათ, რომ "ვარდების რევოლუციის" ავტორი ამერიკა იყო და ახლაც აპოკალიფსური მოლოდინით მოელიან დახმარებას, როგორც მათი წინაპრები მოელოდნენ - აი, დიდი რუსეთი შემოვა და დაალაგებსო.

რაც შეეხება კონგრესმენთა კრიტიკას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებთ, ამერიკაში არასდროს ყოფილა პროპორციული სისტემა, თუმცა, თუ მე ევროპელი ვარ, უნდა მივიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხის უდიდესი ნაწილი ეთანხმება.

ეს არის ევროპა. ევროპა თავისუფლების განცდაა. უფრო რომ გავაქართულოთ, "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს", ანუ თვითონ უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა.

- ჩვენგან განსხვავებით, ამერიკაში არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით ტარდება. - კი ბატონო, ეს არის მთავარი და არა - ფორმა... იცით, რატომ ვერ გამოჰყავთ ხალხი ქუჩაში? იმიტომ, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, საზოგადოება კი გრძნობს - ვიღაც ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ პარლამენტში ვერ შევა...

ახლა იმაზე დაბალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდათ და სრული ისტერიკა დაეწყოთ. "ნაცმოძრაობა" ცუდი, მაგრამ მაინც პოლიტიკური პარტია იყო, ახლა ჩვენ თვალწინ გარდაიქმნა ტოტალიტარულ სექტად, რომელსაც კრავს უსასრულო მოლოდინი და რწმენა, რომ ოდესმე ისევ მათი დრო დადგება.

- ახლა, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ, გაერთიანების შანსი აქვთ? - მერაბიშვილი არ არის ის პერსონა, რომლის შესახებ ამდენი ლაპარაკი ღირს.

ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მხოლოდ ხელისუფლების ისტებლიშმენტზე ასხამს წყალს და "ნაცმოძრაობა" "ევროპულ საქართველოსთან" ერთად საბოლოოდ ისტორიას ბარდება. სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" აქვთ უნივერსალური ნიჭი - განულების უნარი, ვინც მათ შეეხება, ყველა განულდება. არ ვიცი, ისინი "ხერხემლის" გარეშე გაერთიანდებიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს წარსულია.

ყოფილი და ახლანდელი "ნაცები", მერაბიშვილი, ბოკერია, რომელიც ვითომ სხვანაირად ცდილობს თავის წარმოჩენას, გუშინწინდელი დღეა.

- თუმცა მათთან ერთად სხვა პარტიები და პერსონებიც შეიძლება ვიხილოთ, მაგალითად, "ლელო", ლეიბორისტები, ნინო ბურჯანაძე, ალეკო ელისაშვილი... - "ლელო" არის შემდეგი პერიოდის "ნაცმოძრაობა," რომელმაც "მოქალაქეთა კავშირი" შეცვალა, ოღონდ ეს იქნება უფრო სუსტი "ნაცმოძრაობა"... დაახლოებით ისეა, მკვდარი მკვდარს აეკიდაო...

ამ ყველაფრით იმას ვსწავლობთ, რომ ყველაფერი წარმავალია. "ხერხემალი", რომელიც თავის დროზე ქვეყანას აზანზარებდა, დღეს სასაცილო თოჯინას დაემსგავსა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს ვუთხარი კიდეც "ნაცმოძრაობის" მესვეურებს, მარადიული არაფერია-მეთქი.

- ამის გააზრება, ალბათ, ყველა ხელისუფლებას სჭირდება. - დიახ, და ეს ამათაც უნდა გაითვალისწინონ!

ხელისუფლებაში ყოფნისას ისეთი ცოდვა არ უნდა ჩაიდინონ, რომ შემდეგ სხვების გაკრიტიკების მორალური უფლება დაკარგონ. უნდა იფიქრონ, რომ ერთ დღეს, როდესაც წასვლა მოუწევთ, ნორმალურად წავიდნენ.

სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძემ წასვლაში "ნაცებს" აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ მის მმართველობას ხუნტას ეძახდნენ. ადამიანი გადადგომის შემდეგ თავის ქვეყანაში, თავის სახლში მოკვდა.

ამ ხელისუფლებას უამრავი შეცდომა აქვს, საზოგადოების უკმაყოფილება სრულიად საფუძვლიანია, ლანძღავენ, აგინებენ და შეცდომებისკენ მიუთითებენ, მაგრამ რევოლუცია არავის უნდა!

ხვალ და ზეგ შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ როდესაც შეიცვლება, არჩევნებით უნდა შეიცვალოს. იმედია, ახალგაზრდა, პრაგმატული თაობა მოვა, რომელიც ყველაფერს რეალურად შეაფასებს, მაგრამ ყველა ხელისუფლება ისე უნდა წავიდეს, რომ მის წევრებს ციხეში წასვლამ არ მოუწიოთ. მესმის, რომ ახალგაზრდა თაობა ცოტა ხანგრძლივი პერსპექტივაა, მაგრამ

ფაქტია, რომ ოპოზიცია, რომელსაც ახლა ქვეყნის მართვა შეუძლია, არ გვყავს... ძალიან უნდოდათ "ნაცებს", ამ ხელისუფლებას ისეთივე შეცდომა დაეშვა, როგორიც მათ სანდრო გირგვლიანთან დაუშვეს, მაგრამ მაჩალიკაშვილი გირგვლიანის შემთხვევა არ არის.

მსოფლიოში, ჩვენს მთავარ მოკავშირე აშშ-ში განვითარებულმა პროცესებმა განაპირობა ის რეალობა, რაც ახლა გვაქვს, თორემ ჰილარი კლინტონი რომ მოსულიყო, სხვა რეალობა გვექნებოდა.

- რას გულისხმობთ? - იმას, რომ ჩვენნაირი ქვეყნები თავის ნებაზე არიან მიშვებული, რაზეც ისაუბრა კიდეც დონალდ ტრამპმა - ყველამ აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც შეგიძლიათო. ბოლო წლებში საერთაშორისო ვითარება სრულიად სხვანაირია. ამერიკამ მიიღო მსოფლიო ლიდერის სტატუსი, მაგრამ ეს ჰეგემონობას არ ნიშნავს. ძალადობრივი რეჟიმით არ გაკეთებინებს საქმეს და დოქტრინას არ გაძლევს, არამედ დემოკრატიულობის მაგალითს გიჩვენებს. ეს კატასტროფა აღმოჩნდა იმ ძალებისთვის, ვისაც დასავლეთი "ენჯეოდ" წარმოედგინა. არასდროს უნდა ჩამოეკიდო ერთ ძალას...

"ნაცმოძრაობის" ტვინში რუსეთის აგენტი ხარ, თუ მისი ტანკის ქვეშ შევარდნას არ შეეცდები, თუმცა როგორც კი რუსეთმა ჩვენკენ გამოიწია, "წითელ ხიდთან" რიგი გამართეს. დარწმუნებული ვარ, ისინი, გარკვეულწილად, რუსულ თამაშს თამაშობდნენ; რიტორიკის შეცვლა არ ნიშნავს რუსეთუმეობას; ნორმალურად დაბალანსებული პოლიტიკაა საჭირო, თორემ სპილოს ხორთუმქვეშ შევარდნით სიკეთეს ვერ მივიღებთ...

საქართველოს ყველა ხელისუფლება ელაპარაკებოდა რუსეთს, ზვიად გამსახურდიაც კი შეხვდა ელცინს მაშინ, როცა ის მისი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გამსახურდიას პირველნი სწორედ ქართველები აუმხედრდნენ. ნაწილს სძულდა ზურაბ ჭავჭავაძე, მეორე ნაწილს - ზვიად გამსახურდია, რითაც ძალიან კარგად იხეირა რუსეთმა...

ახლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ასე შეგვიძლია დავინახოთ: ჩვენთან დეკლარირებულია, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მივდივართ და არა - ევრაზიული კავშირისკენ. მტკიცედ ვივლით თუ არა, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და ქცევის დოქტრინას არავინ დაგვიწესებს.