ლევან გოგიჩაიშვილი: "ვანო მერაბიშვილი ბინძური ლაქაა საქართველოს ისტორიაში" - კვირის პალიტრა

ლევან გოგიჩაიშვილი: "ვანო მერაბიშვილი ბინძური ლაქაა საქართველოს ისტორიაში"

"ზოგიერთს მოსწონს ჯალათი, მკვლელი. ზოგს მოსწონდა შავრაზმელებად გადაქცეული პოლიცია. დიახ, მერაბიშვილმა პოლიცია ადამიანების ჩაგვრის აპარატად გადააქცია. მას სიკვდილის ბრიგადები ჰყავდა..."

"მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, სახლში რომ მივა. ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას", - ასე ეხმიანება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, "ციხის კარები ფართოდ გაიღება". გოგიჩაიშვილის თქმით, მერაბიშვილის ასეთი განცხადებები "ქართული ოცნების" ორმაგი თამაშისა და მცდარი პოლიტიკის შედეგია. რას გულისხმობს ივანიშვილის ორმაგ სტანდარტებში და როგორ წარმოუდგენია მერაბიშვილის ახალი როლი ქართულ პოლიტიკაში, ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი გვესაუბრება.

- ვანო მერაბიშვილს მართლმსაჯულება ძალიან შემწყნარებლურად მოექცა. ამერიკაში მის მსგავს დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან.

- თუმცა ამბობენ, რომ არა საპოლიციო რეფორმა და მისი რკინის ხელი, მაშინდელი კრიმინალური ვითარება ვერ გამოსწორდებოდა. - მერაბიშვილს ციხესთან ბევრი ადამიანი დახვდა. ზოგიერთს მოსწონს ჯალათი, მკვლელი. რას ვიზამთ, ზოგიერთს მოსწონდა შავრაზმელებად გადაქცეული პოლიცია. დიახ, ვანო მერაბიშვილმა პოლიცია ადამიანების ჩაგვრის აპარატად გადააქცია. მას სიკვდილის ბრიგადები ჰყავდა და ყოველდღიურად სჩადიოდა დანაშაულს.

რაც შეეხება დანაშაულთან ბრძოლას, ერთი ბოროტების დამარცხების მიზნით მეორის აღმოცენებას გამართლება არა აქვს. მე მათთან პრეტენზია დანაშაულთან ბრძოლის გამო კი არა, უდანაშაულო ხალხის წამების, მკვლელობისა და დატერორების გამო მაქვს. აბა, დამნაშავე ციხეში რომ უნდა იჯდეს, ეს ყველამ ვიცით.

მერაბიშვილი ბინძური ლაქაა საქართველოს ისტორიაში.

- მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის პერიოდში სოცქსელში გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც ის მერაბიშვილს კარგ მენეჯერად მოიხსენიებს და არც სხვა საქებარ ეპითეტებს იშურებს. შემდეგ მერაბიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ გარიგება შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა. თქვენი აზრით, რომ არა მერაბიშვილის უარი, იქნებოდა თუ არა ის დღეს "ქართულ ოცნებაში"? - ვინც ივანიშვილი ერთპიროვნულ ლიდერად აღიარა როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლებიდან, ყველა მის გუნდშია. გადავხედოთ, ვინ არიან ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების წარმომადგენლები და ვნახავთ, რომ ისევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს წახალისებული პოლიციელები, უშიშროების თანამშრომლები, მოსამართლეები და პროკურორები არიან.

სისტემა ზუსტად ისეთივეა, როგორიც "ნაციონალური" ხელისუფლების დროს იყო. ძალიან ხშირად აღვშფოთებულვარ ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გამო და ამისთვის შევკამათებივარ კიდეც. ის პირდაპირ ამბობდა, გული მწყდება, გუნდში ადეიშვილის მსგავსები რომ არ მყავსო. როდესაც სასამართლოში კრიზისი შეიქმნა, ივანიშვილმა მოგვახალა, რომ ზურა ადეიშვილი, როგორც მენეჯერი, მისთვის იდეალია, ჩემთვის კი ადეიშვილი ჩვეულებრივი სახელმწიფო დამნაშავეა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ასეთი მორალური კატეგორიები არ აწუხებს. ის არ არის ბუნებით დემოკრატი.

მთავარია, პირამიდის სათავეში იყოს და ქვემოთ რა სისტემა იქნება, სულერთია.

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მერაბიშვილი იოლად გამომძვრალიყო. წესით, მისთვის, ისევე როგორც ადეიშვილისა და სააკაშვილისთვის, მკვლელობების, რეკეტისა და ადამიანების დაშანტაჟების გამო უმაღლესი სასჯელი უნდა მიესაჯათ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, მერაბიშვილსა და ადეიშვილს რომ მოენდომებინათ (ოდიოზურობიდან გამომდინარე), "ოცნების" ხელისუფლებაში ვერა, მაგრამ გუნდში კი ნამდვილად იქნებოდნენ.

სკანდალურ ვიდეოჩანაწერში, რომელშიც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, ჩანან ის პირები, რომლებიც დღეს ისევ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები არიან.

- ორი გვამის თემა მერაბიშვილმა სხვაგვარად ახსნა. თითქოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამბოხებულებმა გრუ-ს ორი თანამშრომელი მოკლეს და მათ პოვნას ითხოვდა. - არ დავიჯერე! ამ საუბრის შემდეგ ჩაცხრილეს გია კრიალაშვილი და ოთანაძე, უბრალოდ, ოთანაძე სასწაულით გადარჩა.

ის, რომ მერაბიშვილი ხან ზღაპრებს გვიყვება თავისი მკვლელობების შესახებ, ხან ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკობს, ისევ და ისევ ივანიშვილის მცდარი პოლიტიკის და ორმაგი სტანდარტის შედეგია. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს - დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, სახლში რომ მივა.

- ამ ვითარებაში როგორ გესახებათ მერაბიშვილის როლი პოლიტიკაში?

- ეს ერთი სისტემის ორი მხარეა, რომელიც მე მძულს. დღეს "ოცნებაა" ავტორიტარული ძალა, სააკაშვილი კი დიქტატორი იყო. რაც შეეხება მერაბიშვილის როლს, "ნაციონალები" და "ევროსაქები" ერთი-ორი დღე თავს შეიკავებენ, შემდეგ კი მერაბიშვილს თავიანთ საველე მეთაურად გამოაცხადებენ, დანარჩენ ოპოზიციას კი მოუწევს ან აღიაროს მერაბიშვილის ლიდერობა, ან დატოვოს გაერთიანება. ოცდაათი წელია მოჰბეზრდა ხალხს ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე სტანდარტი. პროპორციული არჩევნები რომ ჩატარებულიყო, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა ავტორიტარული მმართველობა, მაგრამ ივანიშვილმა ეს შანსი წაართვა ქვეყანას - არ აღადგინა სამართლიანობა, არ დააპატიმრა დამნაშავე პროკურორები, მოსამართლეები და პოლიტიკოსები, შემდეგ კი პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებით წერტილი არ დაუსვა ქვეყანაში დიქტატურის, ახალი რეჟიმის შექმნის რისკს, არ დაამკვიდრა ახალი პოლიტიკური კულტურა. ასეთ ვითარებაში ახალი მოდულის შექმნა და შემდეგ გამარჯვება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

- ხელისუფლება პარტიებსა და პოლიტიკურ დაჯგუფებებს ინდივიდუალურად იწვევს მოლაპარაკებაზე. თქვენ თუ გამოიყენებთ ამ შანსს? - ჩვენ მატყუარა ხელისუფლებასთან ლაპარაკს არ ვაპირებთ. დღეს "ოცნებას" ერთადერთი პერსპექტივა აქვს - 4 აპრილამდე საკონსტიტუციო ცვლილება დაარეგისტრიროს. Mმერე ჩვენ გადავწყვეტთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი.

ხათუნა ბახტურიძე