"ვანოს კრიალაშვილისა და ოთანაძის გვამები სჭირდებოდა" - კვირის პალიტრა

"ვანოს კრიალაშვილისა და ოთანაძის გვამები სჭირდებოდა"

"შოთა უტიაშვილს ჰკითხეთ, შემთხვევით პატაკი ხომ არ დაუწერია, დოკუმენტი არსებობს ამაზე?"

მუხროვანის ამბოხების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, კობა კობალაძის ყოფილი ადვოკატის, ემზარ პაქსაძის განცხადებით, ГРУ-ს ორ თანამშრომელზე, რომელთა შესახებაც ვანო მერაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა, საქმის მასალებში არაფერია ნათქვამი.

- მერაბიშვილი ტყუის. საქმეში ამაზე ერთი სიტყვაც არ იყო. იმ პერიოდში კობა ოთანაძეს, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეს ეძებდნენ.

- დარწმუნებული ხართ, რომ იმ ვიდეოფირში მათი, ძებნილი სამხედროების გვამების მიტანის ბრძანებას იძლევა მერაბიშვილი? - რა თქმა უნდა, იმ სამიდან ორის მაინც. ოთანაძე სასწაულებრივად გადარჩა, თორემ ისიც გვამი იყო. მას მთელი სხეული დაცხრილული ჰქონდა. მერაბიშვილს კრიალაშვილისა და ოთანაძის გვამები სჭირდებოდა. როცა ამბობს, ორი გვამი მინდაო, ამის "გაპრავება" არ მოსულა.

- ორი გვამის ამბავს ყოფილი მინისტრი ასე ხსნიდა: "არავის ლიკვიდაციის ბრძანება არ გამიცია, მქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში მათ გარდა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ГРУ-ს ორი რუსი თანამშრომელი, მრჩევლები, და გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დასაფარავად შეთქმულების მონაწილეებმა ისინი დახოცეს. ამ ორი ადამიანის პოვნის ბრძანება გავეცი, რათა დაგვემტკიცებინა ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის კავშირი". - მერე, ეგ დალოცვილი გვამებს ვერტმფრენით ეძებდა? ეს იყო ამ სამი კაციდან ორის ლიკვიდაციის ბრძანება. ეს სხვების დასაშინებლად სჭირდებოდათ, რათა დანარჩენი 45 კაცისთვის, რომლებიც დაჭერილი ჰყავდათ, ის დაებრალებინათ, რაც აწყობდათ. ამათ უნდოდათ მებრძოლი სულის ჩაკვლა. იქ ხომ რეალურად ამბოხება არ ყოფილა? ჯარში სიტუაცია უფრო დაუმორჩილებლობისკენ მიდიოდა, ისინი თვლიდნენ, რომ 26 მაისის აღლუმი ომიდან გამოქცეულ გენერლებს არ უნდა ჩაებარებინათ.

- არც მთავარი მოწმის, გია ღვალაძის ჩვენებაში ფიგურირებდნენ რუსი მრჩევლები? - არა. ფარულ ჩანაწერებში ღვალაძე რამდენიმე პირთან ერთად ფიგურირებს.

იმ საცოდავს 7 კაცი იღებდა ფარულად და შვიდივე აგენტი იყო. მათთან საუბრობს დაგეგმილი ამბოხებისა და ოთანაძის, ამირიძისა და კრიალაშვილის შესახებ. ღვალაძე სამხედრო პირი იყო, მთელი ცხოვრება ომობდა, მერე მძიმედ დაიჭრა თავში და ფსიქიკაშერყეული დარჩა. ის "ნაციონალებმა" ცუდად გამოიყენეს. როგორც ამბობდა, უნდა გადაფრენილიყო კავკასიონზე ვერტმფრენით და ამბოხებულებისთვის საჭირო თანხები ჩაეტანა. მერე 5000 რუსი ჯარისკაცი უნდა შემოსულიყო საქართველოში, აეღოთ აეროპორტი და სხვა შენობები... ღვალაძემ ის მაინც გააკეთა კარგი, წერილი გადმომცა, სადაც წერდა, კობალაძე არ შემხვედრია, ძალით დამაწერინეს ყველაფერიო. ამიტომაც გამართლდა კობალაძე.

გვამები თუ არსებობდა, ამაზე არსებობს დოკუმენტი? შოთა უტიაშვილს ჰკითხეთ, შემთხვევით პატაკი ხომ არ დაუწერია, დოკუმენტი არსებობს ამაზე? არაფერიც არ არსებობს!

- მერაბიშვილმა ისიც თქვა, ამბოხებულთა ლიკვიდაციის ბრძანება რომ ყოფილიყო, სპეცრაზმი ოთანაძეს საავადმყოფოში არ გადაიყვანდაო... - მეორე დღეს სპეცოპერაციის ადგილას ასფალტი რომ დააგეს და კვალი მოსპეს, ხომ გახსოვთ? ოთანაძე თითქმის მკვდარი იყო. დახვრეტილი საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, ეგონათ, არ გადარჩებოდა, წესით, არც უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ ექიმების წყალობით მოვიდა სააქაოს.

სხვათა შორის, კობალაძეს მაშინ 4 ადვოკატი ვყავდით, ერთ-ერთი - შალვა თადუმაძე და მისთვის ეს საქმე პირველი იყო.

ნანა ფიცხელაური