"ის ციხეშია შესაბრუნებელი" - კვირის პალიტრა

"ის ციხეშია შესაბრუნებელი"

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ვანო მიშას დავალებებს ასრულებდა, სააკაშვილის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს"

2005 წლის 29 ივნისს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც პარლამენტის იმჟამინდელი წევრი ვალერი გელაშვილი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. ვალერი გელაშვილი ეჭვობდა, რომ სწორედ ამის გამო დაისაჯა "სამაგალითოდ" - მას სასტიკად სცემეს. პარლამენტარს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები ჰქონდა, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა მატროსოვის ციხე დატოვა, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მის ციხეში უკან შებრუნებას ითხოვს (შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილი გელაშვილის ცემის ორგანიზებაზეც იყო პასუხისგებაში მიცემული).

- აქეთ იმუქრება კიდეც - ამბობს, ერთ წელიწადში ამ ხელისუფლებას დავამხობო. ციხიდან ძალიან გათამამებული გამოვიდა. რომ ეთქვა, არჩევნების გზით შევცვლიო, სხვა საქმეა, მაგრამ მან თქვა, დავამხობო.

- მან ისიც თქვა, რომ 1 წელიწადში დაასრულებს "ოცნებას" და ხელისუფლების დამხობის მერე მატროსოვის ციხის კარს ფართოდ გახსნის...

- თქვა, 1 წლის განმავლობაში დავამხობ ხელისუფლებასო. მაშინ უნდა ეთქვა არჩევნების გზით შევცვლიო.

- თქვენი აზრით, მერაბიშვილი ხელისუფლებისთვის ძლიერი ოპონენტი იქნება? - მერაბიშვილი სააკაშვილის ბრძანების შემსრულებელი იყო. მას ერთი გადაწყვეტილებაც არ მიუღია დამოუკიდებლად. 1999 წლიდან ვიცნობ და ვიცი, არაფრის გამკეთებელი არ არის.

- სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა: "ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემაში... რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება". - ყველამ კარგად ვიცით, რომ ვანო მიშას დავალებებს ასრულებდა, სააკაშვილის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მიშას ახლა თავისი შეცდომების ჩამორეცხვა უნდა და იმიტომ აბრალებს მერაბიშვილს და სხვებს ყველაფერს.

- 2005 წელს თქვენზე შეიარაღებული თავდასხმის გამო მერაბიშვილს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა, მას ბრალად ედებოდა ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზება... - მან აიღო თავის თავზე, თორემ მთავარი დამნაშავე სააკაშვილია.

- ვის გუნდში ვიხილავთ მერაბიშვილს? - მერაბიშვილი და სერიოზული ოპოზიცია?! ის სადღაც ქუჩის ბოლოს, ნაგავში ეგდება.