"ძალიან კარგი იქნება, თუ მერაბიშვილი ლაპარაკს დაიწყებს - ზოგიერთებს ეშინოდეთ!" - კვირის პალიტრა

"ძალიან კარგი იქნება, თუ მერაბიშვილი ლაპარაკს დაიწყებს - ზოგიერთებს ეშინოდეთ!"

"ოპოზიციის ულტიმატუმი იმაზე მეტყველებს, რომ მას დიალოგი კი არა, დაძაბულობა და ქაოსი აწყობს. მთლიანად ორიენტირებული არიან რევოლუციურ სცენარზე"

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება ისევ ჩიხშია. მმართველი პარტია საარჩევნო მოდელთან შესათანხმებლად ოპონენტებს ისევ იწვევს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მოლაპარაკება აღარ გაგრძელდება, სანამ მათი პირობები არ შესრულდება - პროპორციულის ან მსგავსი საარჩევნო სისტემის მიღება... ჩაშლილი მოლაპარაკება ერთადერთი გამოწვევა არ არის მმართველი გუნდისთვის. ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს შესაბამისი პასუხი გასცეს რუსულ აგრესიას, რაც ამჯერად საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევით გამოიხატა. შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოდან წამოვიდა. თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ამ და კიდევ სხვა არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან გამკლავებას, ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება.

- აშკარაა, მოსკოვი ამჯერად ჰიბრიდული მეთოდებით აგრძელებს აგრესიას და ისევ არღვევს საერთაშორისო სამართალს. კრემლის მიზანია სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხება და საზოგადოების დაშინება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს.

- საფრთხე უკვე ჩავლილია, თუ რუსეთი ისევ გააგრძელებს ჰიბრიდულ ომს? - ნამდვილად არა გვაქვს იმის ილუზია, რომ საფრთხე აღარ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ჰიბრიდული ომის გასანეიტრალებლად.

- ამ კონკრეტული შემთხვევის გამო ქართული მხარე საერთაშორისო სამართლებრივ დავას დაიწყებს? - ეს ჯერ მსჯელობის საგანია.

- რისკებთან იქნება დაკავშირებული მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსული დელეგაციის სტუმრობაც. ამისთვის თუ არის მზად ხელისუფლება? - ეს ღონისძიება არის ძალიან პრესტიჟული, მნიშვნელოვანი და რაც უნდა თქვან ზოგიერთებმა, ის აუცილებლად თბილისში ჩატარდება. რა თქმა უნდა, რისკები არის, მაგრამ შევძლებთ გამკლავებას და კანონსაც დავიცავთ. შიდაპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ განსაზღვრულმა ძალებმა საგანგებოდ დაძაბონ ვითარება, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ევროსაბჭოსთან ერთად ჩვენ გამოვნახავთ სწორ გზასა და ფორმას, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს.

- თუ დელეგაციის წევრებს შორის იქნება ლავროვი ან ვინმე სხვა, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი "ოკუპაციის შესახებ", როგორ მოახერხებთ კანონის დაცვას და პროვოკაციის თავიდან არიდებას? - ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ კანონს აუცილებლად დავიცავთ. ეს რუსებისთვისაც ცნობილია. შესაბამისად, თუ მიზანმიმართულად არ სურთ პროვოცირება, ისეთ დელეგაციას გამოუშვებენ, რომლის წევრებსაც კანონი "ოკუპაციის შესახებ" დარღვეული არა აქვთ.

- თუმცა თქვენ ახლახან თქვით, რომ რუსებისგან სწორედაც მოსალოდნელია პროვოკაცია. - დიახ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა საქმის კურსშია. შესაბამისად, თუ მოსკოვი მაინც გამოგვიგზავნის დელეგაციის ისეთ შემადგენლობას, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი "ოკუპაციის შესახებ", ცუდად იმოქმედებს რუსეთის პრესტიჟზე.

- მოსალოდნელი რისკებისა და საზოგადოდ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს დაძაბული ვითარების სწრაფად განმუხტვით. ამისთვის უპირველესად ოპოზიცია უნდა დააბრუნოს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა ოპოზიცია უარს გეუბნებათ, სანამ გიგი უგულავას არ გაათავისუფლებთ. სად ხედავთ გამოსავალს? - პოლიტიკური ულტიმატუმებით დიალოგი ნაყოფს ვერ გამოიღებს. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ზოგიერთი დანაშაულებს სჩადის ხელისუფლებაში, თუ ზოგჯერ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. მაგალითად, შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია მომიტინგეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა.

- ახლა მელია რატომ გაიხსენეთ, მალე მასაც დაიჭერენ? - ოპოზიციის ულტიმატუმი იმაზე მეტყველებს, რომ მას დიალოგი კი არა, დაძაბულობა და ქაოსი აწყობს. ჩემი აზრით, მთლიანად ორიენტირებული არიან რევოლუციურ სცენარზე. ხომ ნახეთ, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლისთანავე ხელისუფლების დამხობაზე ილაპარაკა.

- მისმა მეგობრებმა თქვეს, რომ 7 წლის განმავლობაში სამარტოო საკანში გამოკეტილ კაცს ასეთი ფრაზა წამოსცდებოდა. - კაცი შვიდი წელი იჯდა ციხეში და სამწუთიანი სიტყვით გამოსვლა ვერ დაგეგმა?! სხვათა შორის, ის არ არის ერთადერთი, ვინც დამხობაზე ლაპარაკობს. სააკაშვილმა ტელეინტერვიუში განაცხადა, წკიპზე იყო ხელისუფლების დამხობის საქმეო. შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმაც თქვა, სააკაშვილი ნიკა მელიას ავალებდა, ხელისუფლების შესაცვლელად ძალადობრივი გზა გამოეყენებინაო. ამ ხალხს თავში მხოლოდ გადატრიალება და დამხობა უტრიალებს. ამიტომ არ გამიკვირდა მერაბიშვილის "წამოცდენა".

- თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება ვერ შედგა, არჩევნები მაინც დემოკრატიული და სამართლიანი იქნება? - ჩვენ ვიზიარებთ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი კოლეგების აზრს და ისევ ვთხოვთ ოპოზიციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებას. ვითომ პროდასავლური ორიენტაციის ოპოზიცია ისეთი რადიკალური ულტიმატუმებით გამოდის, სრულად ეწინააღმდეგება სამართალს. ჩვენ რა უნდა ვქნათ? თუ არ უნდათ მოლაპარაკება, მიიღებენ იმ პოლიტიკურ ჩარჩოს, რაც ყოველთვის მოქმედებდა.

"ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე სწორედ დღეს მოქმედი საარჩევნო მოდელით დაამარცხა "ნაციონალები". ჰოდა, ახლა ბევრს რომ ბაქიბუქობენ, კეთილინებონ და შერეული საარჩევნო სისტემით ჩაერთონ საარჩევნო მარათონში. მერე ვნახოთ, ვინ რა შედეგს დადებს.

- პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ცდას, ცალკეულ პარტიებთან ინდივიდუალურად აწარმოოს მოლაპარაკება, როგორ ახსნით? ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ხელისუფლებამ ვინმე მაინც დაიყოლიოს მოლაპარაკებაზე, რათა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან სათქმელი ჰქონდეს? - ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, დიალოგი გამართოს ხელისუფლებასთან. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.

- თუ მოლაპარაკებაში ჩაერთვება ვანო მერაბიშვილი, რომელსაც პოლიტიკაში დაბრუნება სურს, ხელისუფლება ისაუბრებს მასთან? - ჩემთვის არც ერთი ის ფიგურა არ არის მისაღები, რომლებიც დღეს ერთიან პოლიტიკურ სპექტრს ქმნიან. თუმცა ჩვენ მათ ველაპარაკებით, ასევე დაველაპარაკებით ნებისმიერს, რომელსაც ოპოზიცია საკუთარ ლიდერად, მომლაპარაკებლად წარმოგვიდგენს. კარგსა და ცუდს შორის არჩევნის გაკეთების საშუალება არა გვაქვს, ამიტომ იძულებული ვართ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის.

სხვათა შორის, მერაბიშვილმა სააკაშვილისგან განსხვავებით თავის დანაშაულზე პასუხი აგო, მართალია, ისეთი სიმკაცრით არა, როგორც თავად ექცეოდნენ სხვებს, მაგრამ მაინც...

- მისი წარსული თანამდებობიდან გამომდინარე, მერაბიშვილი, სავარაუდოდ, დიდ ინფორმაციასა და კომპრომატს ფლობს. - ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არც არაფრის გვეშინია. უფრო მეტიც, ძალიან კარგი იქნება, თუ ლაპარაკს დაიწყებს - ზოგიერთებს ეშინოდეთ!

ხათუნა ბახტურიძე