”რასაც ბიწაძე ჰყვება, ორგანიზებული დანაშაულის ფაქტია” - კვირის პალიტრა

”რასაც ბიწაძე ჰყვება, ორგანიზებული დანაშაულის ფაქტია”

ლევან გაჩეჩილაძეზე ბადრი ბიწაძის მიერ პრესით გამოთქმულ ბრალდებებს საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში ისეთი  გამოხმაურება მოჰყვა, რომ შეიძლება თამამად ითქვას, ეს გახლდათ ოპოზიციურ ფლანგზე წლის ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალი.

სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძის წერილს წავაწყდი სათაურით - ”რას მოგვითხრობს ბადრი ბიწაძის ნაამბობი", რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანი დასვა. ჩვენ ვასილ მაღლაფერიძეს დავუკავშირდით:

- პრესაში დაბეჭდილი ბადრი ბიწაძის მონათხრობი თავდაპირველად მივიღე როგორც ამბავი, მაგრამ ახლა მეუბნებიან, რომ შეიძლება ეს არც იყოს მისი მონათხრობი. იმ ამბავმა, რაც გაზეთში წავიკითხე, ბევრჯერ გამიჩინა კითხვა - რატომ? ამ ამბავზე ყველაფერი უნდა გაიგოს საზოგადოებამ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა სინამდვილეში და არ უნდა დავრჩეთ თვალაუხელელი კნუტებივით. თუ ასეთი ამბები მართლა ხდებოდა, უნდა გავიგოთ. ბევრმა სიმართლის გარკვევა მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძის ღირსების საქმედ მიიჩნია, თუმცა, თუ ბადრი ბიწაძის ნაამბობს ყურადღებით წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ იგი მთელ საზოგადოებას გაცილებით მეტად ეხება, ვიდრე ერთ პირს.

ბადრი ბიწაძე გვიამბობს - სააკაშვილმა მითხრა, ახლა ჩემთან მოდის "გრეჩიხა", შენ აგერ შედი ოთახში და რასაც "გრეჩიხა" მეტყვის, ყველაფერს მოისმენო. "გრეჩიხა" რომ წავიდა, შევედი სააკაშვილთან და იმანაც ეგრევე ფურცელი გამომიწოდა, აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო!" რა მიზნით გადაწყვიტა ჯერ ისევ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისი კონფიდენციალური საუბრისთვის ვიღაცას უნდა მოესმინა?

რით დაიმსახურა მაინცდამაინც ბადრი ბიწაძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის ასეთი ნდობა?

მაინცდამაინც ბადრი ბიწაძის გვერდითა ოთახში დასმა ხომ არ განაპირობა იმან, რომ მას ეს ამბავი მოეყოლა ჯერ ისევ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძისთვის და დაერწმუნებინა, რომ ლევან გაჩეჩილაძე "დაკერილია", წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს და ყველაფერი დამთავრებულია.

რატომ არ უსმენდნენ ამ საუბარს მაგალითად, ვანო მერაბიშვილი? მათი იმ ოთახში არყოფნა ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ ამ საუბრის ჩანაწერს სხვა ოთახში ისმენდნენ? რატომ არ შეიძლებოდა, რომ ბადრი ბიწაძესაც მათთან ერთად, კომფორტულ გარემოში ესმინა ამ საუბრისთვის?

ბადრი ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, ეს ამბავი ხდება იმ პერიოდში, როცა არჩევნები უკვე ჩავლილია, მაგრამ ინაუგურაცია ჯერ არ ჩატარებულა და წერტილი ჯერ არ დასმულა.

პრეზიდენტის მოვალეობას უკვე მეორედ ასრულებს ნინო ბურჯანაძე და არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მას პრეზიდენტობის ამბიციაც აქვს. ცხადია, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც დიდი პრობლემა შეექმნებოდათ, ბურჯანაძეს დამოუკიდებლად მოქმედება რომ დაეწყო, ან კიდევ უარესი - ოპოზიციას დაჰკავშირებოდა. ამიტომაც ეს ჯგუფი გულდასმით შეეცდებოდა ბურჯანაძის გაკონტროლებას. იმ დროს საქმეში ჩახედულთათვის ნათელი იყო, რომ სააკაშვილისა და ბურჯანაძის დაშორება მხოლოდ დროის საკითხი იყო და ორივე ხელსაყრელ დროს ელოდა.

ამ ვითარებაში ლოგიკურია, რომ სახელისუფლებო ჯგუფს" ძალიანაც აწყობდა, თუ ბურჯანაძეს ეჭვი ექნებოდა, რომ ოპოზიციას სინამდვილეში სააკაშვილი მართავდა და აქტიური მოქმედებების შემთხვევაში იგი მარტო აღმოჩნდებოდა.

ამითაც შეიძლება აიხსნას, რატომ ჩართეს ბადრი ბიწაძე "ამ ჯგუფში" სწორედ მაშინ, როცა სააკაშვილი ყველაზე ნაკლებად ენდობოდა ბურჯანაძეს.

როგორც ბადრი ბიწაძე გვიყვება, საუბრის დროს "გრეჩიხას" საკუთარი თავის მაკომპრომატირებელი არაფერი უთქვამს, პირიქით, როგორც ყოველთვის, თურმე მაშინაც "გადაყუდებით" ემუქრებოდა სააკაშვილს, თუმცა, მოულოდნელად გაჩუმებულა და დაუწყია თხოვნის გრძელი არზის წერა რამდენიმე ფურცელზე. და არა მხოლოდ დაწერა, არამედ დაუტოვა კიდეც სააკაშვილს ეს ფურცლები და მდუმარედ და ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან.

უკეთესი საჩუქარი ძნელი წარმოსადგენია, კონკურენტი თავისი ფეხით მოვიდა, საკუთარ თავზე თავისი ხელით შექმნა კომპრომატი, დატოვა და წავიდა! მაგრამ ისმის კითხვა: სააკაშვილმა ასეთი მნიშვნელოვანი კომპრომატი მოიპოვა "გრეჩიხაზე" და იგი არა მხოლოდ აჩვენა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მეუღლეს, არამედ გაატანა კიდეც?

მაშინ რა უხაროდა სააკაშვილს?! თუ ეს ტექსტი მართლაც "გრეჩიხას" დაწერილი იყო და მას და სააკაშვილს ერთმანეთში აღებმიცემობა ჰქონდათ გაჩაღებული, მაშინ სწორედაც რომ ბურჯანაძე დაიჭერდა ყურებით ორივე კანდიდატს და კონკურენტს და მაგრადაც დააჯანჯღარებდა!

ბოლოს კი მიჩნდება კითხვა - რატომ ხდება ეს ყველაფერი, რისი მომსწრენიც ვართ? თუ სინამდვილეში ბადრი ბიწაძეს არ მიუცია ეს ინტერვიუ, კიდევ მიჩნდება კითხვა: თუ ინტერვიუ არ მიუცია, ვის და რატომ დასჭირდა ვითომ მისი ნაამბობის საჯაროდ გამოტანა?  ეს წერილი არა მგონია გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული.

რომაელები ამბობდნენ, გათიშე და იბატონეო. ეს არის ამ წერილის ავტორის ამოცანა. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი, მაგრამ მაგარი მოფიქრებული კი არის(!)".

ამ ვნებათაღელვის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ბანკი ლევან გაჩეჩილაძის დაგირავებული ბინის გაყიდვას აპირებს. ბანკთან პრობლემები აქვს გია გაჩეჩილაძესაც.

კახა კუკავა: - ვიცოდი, რომ ლევანსა და გიას ეს პრობლემები ჰქონდათ, რადგან  როგორც იურისტი კონსულტაციებს ვუწევდი. პრესაში გამოქვეყნებული ბრალდებების შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე, საზოგადოებისათვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია, რადგან კონტექსტი დაკავშირებულია წერილში გამოქვეყნებულ ფაქტებთან. როგორც ბიწაძის მონათხრობით ირკვევა, 2008 წელს გაჩეჩილაძეების ოჯახმა მილიონები იშოვა, მე კი დადასტურებულად, დოკუმენტებით ვიცი, რომ ზუსტად ამ პერიოდში გაჩეჩილაძეებს მილიონობით ვალი დაუგროვდათ. გაჩეჩილაძეების ქონება ბანკში იდებოდა 2005, 2006 და 2007 წლებში.

თუ ამ ხალხმა მილიონები მიიღო, რატომ არ გამოიხსნეს საცხოვრებელი სახლები ბანკიდან? ამ სახლებზე სასამართლო დავა მიდის და დროის ამბავია მეპატრონეების გამოსახლება(!). სასამართლოს უკვე გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ლევანის მეუღლის ბინიდან გამოსახლებაზე, მაგრამ ჯერჯერობით იმიტომ არ ასახლებენ, რომ სააპელაციო სასამართლოში გვაქვს შეტანილი სარჩელი.

- რა ქონება აქვთ გაჩეჩილაძეებს ბანკში ჩადებული?

- ბანკში ჩადებულია ლევანის ბინა, მისი მეუღლის ბინა, ასევე გიასა და ლევანის სააგარაკე ნაკვეთები საგურამოში. ლევანს არასოდეს ულაპარაკია ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ, როდესაც ლაპარაკი დაიწყეს მითურ მილიონებზე, იმიტომ გავახმაურე ეს ამბავი.

- ბადრი ბიწაძის პრესით გამოქვეყნებული მონათხრობის სხვა დეტალები თუ არის სარწმუნო თქვენთვის?

- რასაც ბიწაძე ჰყვება, დანაშაულია და თავადვე ამბობს, რომ ამ დანაშაულის აქტიური მონაწილეა. საინტერესოა, რაღაც 'პარაშუტებზე", ფულის გათეთრებასა და სააკაშვილთან გარიგებებზე ახლა, 2010 წლის ბოლოს რატომ ლაპარაკობს ბადრი ბიწაძე? რასაც ის ჰყვება, ორგანიზებული დანაშაულის ფაქტია. ბადრი ბიწაძის მონათხრობი მეტყველებს, რომ ეს ხალხი მთლიანად არის ჩართული ამ ორგანიზებულ დანაშაულში. ასეთია მათი პოლიტიკური საქმიანობის წესი.

- ამ ფაქტის შემდეგ რამდენად კომფორტული იქნება ნინო ბურჯანაძისთვის  ოპოზიციური საქმიანობა?

- პოლიტიკოსთა ურთიერთობები უმეტესად ნდობას ემყარება და ძალიან მაინტერესებს, საქართველოში თუ აღმოჩნდება ერთი კაცი მაინც, რომელიც ბადრი ბიწაძეს კონფიდენციალურად, ნდობაზე დამყარებით ან ინფორმაციას გადასცემს, ან მიიღებს მისგან. იგივე ითქმის ნინო ბურჯანაძეზეც.

რატომ არ აქვეყნებს ბადრი ბიწაძე დოკუმენტს, რომელიც თურმე ხელთ ჰქონია? სინამდვილეში ის არ არსებობს და იმიტომ. ბიწაძის ქმედება იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა, ვენდეტა, რომელიც მოჰყვა ოქრუაშვილის განცხადებებს ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ, მაგრამ უცნაურია, რომ პასუხი ოქრუაშვილს კი არა, ლევან გაჩეჩილაძეს დაუბრუნეს.