ნინო ბურჯანაძე: "ვებგვერდი კი არა, მთავრობა და საპრეზიდენტო ინსტიტუტია გათიშული და მკვდარი" - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძე: "ვებგვერდი კი არა, მთავრობა და საპრეზიდენტო ინსტიტუტია გათიშული და მკვდარი"

"ხმა ამოიღეს "ოცნების" მოსიარულე მკვდრებმა, რომლებიც ერთი უმნიშვნელო პრობლემის მოგვარებასაც ვერ ახერხებენ"

"იმედია, მოლაპარაკების მაგიდასთან ბატონი ვანო არ მოვა, რადგან აქ არიან კონკრეტული პარტიების ლიდერები და ვფიქრობ, თავისი მოსვლით უხერხულობას არავის შეუქმნის", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მერაბიშვილის სურვილს, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იბრძოლოს...

- მერაბიშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მართლმსაჯულება მას შესაბამისად მკაცრად არ მოექცა. რაც შეეხება განცხადებას ხელისუფლების დამხობის შესახებ, 7 წელი იზოლირებული იყო საზოგადოებისგან და არ ექნებოდა ადეკვატური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებსა და საზოგადოების განწყობაზე. თუმცა მის მეგობრებს უნდა ერჩიათ, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა. ქვეყანა დამხობისა და გადატრიალებების გამოა დღეს ურთულეს მდგომარეობაში. სწორედ იმიტომ შეიქმნა ოპოზიციური ერთობა, რომ გადატრიალებამდე და დამხობამდე არ მივიდეს საქმე. ჩვენ გვინდა ნორმალური საარჩევნო გარემო, რომ მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამომრჩევლის წინაშე.

- მერაბიშვილის პოლიტიკურად გააქტიურება ოპოზიციურ ერთობას საფრთხეს შეუქმნის თუ პირიქით, დივიდენდებს შესძენს? - დღემდე არც ერთი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ არ გაერთიანებულა მთელი ოპოზიციური სპექტრი. შესაბამისად, "ოცნებას" ეს ამბავი ძალიან აწუხებს და ყველაფერს აკეთებს ამ ერთობის დასაშლელად, თუმცა უშედეგოდ, დღემდე ბზარის გაჩენაც ვერ შეძლო. იმედია, ერთობა არც ახლა დაიშლება. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ახლა ჩვენი ერთად ყოფნა დემოკრატიული არჩევნების მოსაპოვებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია. რაც შეეხება მერაბიშვილს, ის არ არის რომელიმე პარტიის ლიდერი და არც ის ვიცით, შევა თუ არა რომელიმე პარტიაში.

დღეს ყველა ლიდერმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს როგორც მოქმედებებში, ისე განცხადებებში, რათა ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ურთულეს ერთობას საფრთხე არ შეუქმნას.

- მერაბიშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა პრინციპულად მიუღებელია, როგორც ამას თქვენი ვაჟიშვილი ამბობს? - ანზორი ახმოვანებს პარტიის პოზიციას, შესაბამისად, მიუღებელია მერაბიშვილთან თანამშრომლობა. თუმცა ჩვენი საქმე არ არის ერთობაში შემავალი სხვა ძალების შიდაპარტიული საქმეები. ოპოზიციურმა პარტიებმა თავად უნდა მოიფიქრონ, რა ურჩევნიათ.

- რატომ არის ის თქვენთვის ასე მიუღებელი? "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებთან ხომ შეძელით საერთო ენის გამონახვა? - იმიტომ, რომ ცუდი საქმეების შემსრულებელი იყო. გარდა ამისა, როდესაც "ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დააპატიმრა "ნაციონალური" ხელისუფლების წევრები, მაგალითად, უგულავა, მაშინ ეს არ გამიპროტესტებია და არ მითქვამს, რომ ის პოლიტპატიმარია. უგულავამ მოიხადა სასჯელი და ახლა ისეთ საკითხზე დაუწყეს დავა, რომლის გამოც 8 წლის წინ უნდა შედავებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკურად გააქტიურდა. აი, სწორედ ამან გამოიწვია მისი პოლიტპატიმრად აღიარება.

მნიშვნელოვანია, რა ვითარებაშია ადამიანი დაპატიმრებული, დანაშაულის გამო თუ ხელისუფლების მიუღებლობის გამო.

- მერაბიშვილს რიგი საქმეების გამო შესაძლოა ისევ მოუწიოს საპატიმროში შებრუნება. ასეთ შემთხვევაში მიიჩნევთ პოლიტპატიმრად? - თუ ახალი გარემოებები გამოიკვეთება და აღიძვრება საქმე, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ თუ ხელისუფლება დააკვირდება, მერაბიშვილი გაჩუმდება თუ ალაპარაკდება და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ ის პოლიტპატიმარი იქნება.

- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მერაბიშვილი ასე მიუღებელია თქვენთვის, ალბათ, 26 მაისის აქციის დარბევაც არის. რაიმე პარალელს თუ ხედავთ 26 მაისსა და 21 ივნისის ღამეს შორის? - გავრილოვის ღამეს პოლიციამ ძალას გადაამეტა, მაგრამ 26 მაისს მაინც არ შევადარებ. მაშინ პოლიციამ ალყაში მოაქცია ადამიანები, სასიკვდილოდ გაიმეტა.

- დღეს ხელისუფლება ისევ გთავაზობთ მოლაპარაკებას, თუმცა უარს ამბობს თქვენს მოთხოვნაზე, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. რჩება რაიმე შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება განახლდეს? - როდესაც ჩვენი თანამოაზრეები ციხეში სხედან, მოლაპარაკების განახლება გამორიცხულია. ასე რომ, ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. კარგად იცის ის ვარიანტები, რომლებიც შეიძლება განხილვის საგანი გახდეს...

- ხშირად გადანაშაულებენ პრორუსულობაში. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან წამოვიდა, თქვით, რომ რუსებმა ივარჯიშეს ან იხუმრეს, რაც ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი საბაბი გახდა. არ მიიჩნევთ საფრთხედ ამ საკითხს? - "ოცნებისგან" კიბერშეტევის გამო პანიკის ატეხა არის ცდა, აშშ-ს დაანახონ, რომ რუსებს აკრიტიკებენ და არ არიან რუსეთუმეები.

რაში აწყობდა რუსეთს ჩვენი მთავრობის ვებგვერდების გათიშვა? ამით ქვეყნის ეკონომიკას შეექმნებოდა პრობლემა, ბირთვული იარაღის ან ელექტროსადგურების მუშაობა შეფერხდებოდა თუ რა?

- ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით რუსეთმა მოსინჯა საქართველოს სუსტი წერტილი და შეეცადა დესტაბილიზაცია შეექმნა ქვეყანაში. - ვებგვერდი კი არა, მთავრობა და საპრეზიდენტო ინსტიტუტია გათიშული და მკვდარი. ერთ-ერთი ფეხბურთის მატჩის კომენტირებისას ეროსი მანჯგალაძემ, რომელიც ძალიან იყო აღშფოთებული "დინამოს" თამაშით, თქვა, აღმართეს ამ მკვდრებმა ცოცხალი კედელიო. აი, მართლაც, ხმა ამოიღეს "ოცნების" მოსიარულე მკვდრებმა, რომლებიც სინამდვილეში ერთი უმნიშვნელო პრობლემის მოგვარებასაც ვერ ახრხებენ.

ხათუნა ბახტურიძე