ეკა ბესელია: "ერთიანი სია ყველაზე რეალური გადაწყვეტილებაა, რათა ხმები არ გაიყოს" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "ერთიანი სია ყველაზე რეალური გადაწყვეტილებაა, რათა ხმები არ გაიყოს"

"თუ საქმე საქმეზე მიდგება, შესაძლოა ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ხელისუფლების წევრებიც, აღმოჩნდეს დამნაშავეთა რიგებში"

როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს შეხვდებიან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია მათი საშუალებით მოხდება.

- ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ამიტომ მივანიჭეთ უპირატესობა ამერიკისა და ევროსაბჭოს ელჩებს, რომლებიც ამ მოლაპარაკების ინიციატორები არიან. შემოთავაზება, 100/50-ზე არ ცვლის არსებულ სურათს, ამიტომ განვიხილავთ ორ საკითხს: საარჩევნო მოდელის სხვა ვერსიას და რეპრესიების შეწყვეტას. ელჩებთან შეხვედრის შემდგომ გახდება ცნობილი, ხელისუფლება არის თუ არა მზად კომპრომისისთვის.

- ხელისუფლება ამბობს, რომ არ ჰყავს პოლიტპატიმრები და არც რეპრესიებია.

- მთავარი არ არის, ვინ რა სახელს დაარქმევს მოვლენებს. მთავარია პრინციპი - მაშინ როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და არის წინასაარჩევნო გარემო, მომლაპარაკებელ ოპოზიციონერ ლიდერს არ უნდა იჭერდნენ. 8 წელი ჰქონდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ განესაზღვრა უგულავას დანაშაულის სიმძიმე. თუ საქმე საქმეზე მიდგება, შესაძლოა ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ხელისუფლების წევრიც, აღმოჩნდეს დამნაშავეთა რიგებში.

- დროდადრო თქვენი მისამართითაც ახმოვანებენ ბრალდებებს... - დღეს ყველა ოპოზიციონერ ლიდერს ემუქრება საფრთხე, მათ შორის, მეც. დროდადრო ვიღაც, მაგალითად, სოფო კილაძე, რაღაცას წამოისვრის, მაგრამ რომ ჰკითხოთ, რას გულისხმობს, ვერაფერს გეტყვით. აი თქვენ, როგორც ჟურნალისტმა, იცით, რაში მდებენ ბრალს?

- როგორც ვიცი, პოლიტპატიმრების სიაში ზოგიერთი პირის ქრთამის სანაცვლოდ შეყვანაში გადანაშაულებენ. - ამას "ნაცმოძრაობაც" ამბობდა. გავიდა 8 წელი და ფაქტები ვერ წარმოადგინეს.

- არჩილ თალაკვაძემ თქვენც მიგიწვიათ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე? - თუ ხელისუფლება რამდენიმე პარტიას ცალკე ელაპარაკება, არა უშავს, ჩვენი პოზიცია მაინც ერთიანი იქნება. პარტია, რომელიც შეხვდება ხელისუფლებას და რაღაცას დათანხმდება, არ ნიშნავს, რომ დიდი საკონსულტაციო მაგიდაც თანახმაა.

ინდივიდუალური შეხვედრები ხელისუფლებას სჭირდება, რათა შექმნას მოლაპარაკების იმიტაცია და ამით ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ქულები დაიწეროს.

- ჩანს, არჩევნები ძველი მოდელით ჩატარდება, ოპოზიცია კი ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეჯერდება. ამდენ სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკურ ჯგუფს საერთო კანდიდატებზე შეჯერება რისკების წინაშე არ დაგაყენებთ, ან უხერხულობას არ შეგიქმნით? - რთულია, მაგრამ ეს ყველაზე რეალური გადაწყვეტილებაა, რათა ჩვენი ხმები არ გაიყოს. ერთი სია არ იქნება, ყველა სხვადასხვა კვოტით გამოვალთ. პირადად მე არავისთან არ ვაპირებ გაერთიანებას. თუმცა იმისთვის, რომ ხმები არ გაიყოს და ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთს არ დავუპირისპიროთ ოლქებში, ეს ნამდვილად რაციონალური გადაწყვეტილებაა.

- ზოგიერთ გადაწყვეტილებას იმ ძალებთან ერთად იღებთ, რომელთა შეხედულებები თქვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ისიც თქვით, რომ ზოგჯერ მტერთან ლაპარაკი აუცილებელია, თუმცა ვანო მერაბიშვილთან ლაპარაკს კატეგორიულად გამორიცხავთ. - ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორი სასამართლო და პროკურატურა გვექნება "ოცნების" არჩევნებში დამარცხების შემდეგ. მხოლოდ ამ საკითხებზე ველაპარაკები იმ პირებს, რომლებთანაც წითელი ხაზები მაქვს. მერაბიშვილს რატომ უნდა ველაპარაკო? მეკითხებიან, სააკაშვილის რეჟიმს უგულავაც ამაგრებდა და მას რატომ მიიჩნევ პოლიტპატიმრადო. ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ის ახლა დააპატიმრეს კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევით. ერთ საქმეში პროკურორიც და მოსამართლეც ერთი და იგივე პირია... ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა. დამნაშავეც შეიძლება გახდეს პოლიტპატიმარი, თუ მას უკანონოდ გაასამართლებენ.