"ფარცხალაძეს პროკურატურა აჩუქეს!" - კვირის პალიტრა

"ფარცხალაძეს პროკურატურა აჩუქეს!"

მაია მწარიაშვილი: "გეტყვით სამ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაბრუნებულიყო შოთაძე გენპროკურორად"

"ხელისუფლება ფარცხალაძეს იმიტომ ვერ ელევა, მასთან თავს კომფორტულად გრძნობენ. ასეთი კომპრომეტირებული პერსონებით სისტემის თუ სტრუქტურის მართვა ადვილია", - ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი.

- მთავარი პროკურორის საქმიანობა რამდენიმე გახსნილი საქმით არ იზომება. პროკურატურა გამოძიების კი არა, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. შოთაძემ ორიოდე საქმე გამოიძია და მის გასამართლებლად მხოლოდ ეს მოიყვანეს, მე კი რამდენიმე მიზეზს დავასახელებ, თუ რატომ არ უნდა დაბრუნებულიყო:

პირველი - შოთაძე ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთადერთი მთავარი პროკურორია, რომლის გამოძიებულ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა და არაერთი დარღვევა გამოვლინდა. ხორავას ქუჩის საქმეზე ორი დასკვნა დაიწერა, ორივეში გამოჩნდა, როგორ არ შეასრულა პროკურატურამ თავისი ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ შოთაძის ხელმძღვანელობით ცუდად იმუშავა. ისინი, ვინც შოთაძის პროკურორობისას არ მისცეს პასუხისგებაში, მოგვიანებით დააკავეს, მაგალითად, სუბელიანი და კალანდია. ამითაც ცხადი შეიქნა, რომ შოთაძე მათ ხელს აფარებდა და სწორედ ამიტომ არ უნდა დაბრუნებულიყო.

მეორე მიზეზია ივანიშვილის, შოთაძისა და ხაზარაძის შეხვედრა. უმრავლესობას ამის თაობაზე კითხვები არ გასჩენია, არადა, პარლამენტის შესწავლის საგანი უნდა გამხდარიყო. გასარკვევია, მთავარი პროკურორი რისთვის მიიყვანეს შეხვედრაზე, საერთოდ, რა ურთიერთობა აქვს ხელისუფლების ხელმძღვანელობასთან, რატომ არის მასთან ასე გაშინაურებული.

შემდეგი საკითხი გახლდათ მისი კავშირი "სილქ როუდ ჯგუფთან". ამ საქმეს ფინანსური საგამოძიებო უწყება პროკურატურის მეთვალყურეობით იძიებდა. გამოძიება არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს დაიწყო და შოთაძის გაპროკურორების შემდეგ შეწყდა, თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ის ამ კომპანიაში დასაქმდა - ხომ ცხადზე უცხადესია ინტერესთა კონფლიქტი?! ნორმალურ სახელმწიფოში ეს დიდი სკანდალის საგანი იქნებოდა. მახსოვს, პარლამენტში ერთ-ერთმა დეპუტატმა მისი ხელფასის ოდენობა იკითხა, რაზედაც შოთაძემ უპასუხა, გამოჩნდება, როცა დეკლარაციას შევავსებო, არადა, ჩვენ მაშინვე უნდა გაგვეგო.

- როგორც დეკლარაციაში ჩანს, ფულის ნაკლებობას შოთაძე არც ახლა უჩივის... - მისი დეკლარაცია არ მინახავს, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამ ჯგუფთან თანამშრომლობით რა მიიღო.

- რაში დასჭირდა "ქართულ ოცნებას" შოთაძის უკან დაბრუნება? - "ოცნებაში" დიდ დამსახურებად ითვლება თანამდებობიდან უხმაუროდ წასვლა და მას ეს დაუფასდა. ფარცხალაძეც ასე გაუშვეს - ანუ როცა გეტყვიან, უხმაუროდ უნდა წახვიდეო, უნდა წახვიდე, და თუ გეტყვიან, დაბრუნდიო, ასევე უსიტყვოდ უნდა დაბრუნდე. შოთაძე სწორედ ასე მოიქცა. ის უკვე შემოწმებულია და მასთან პრობლემები არ ექნებათ.

ცოტა ხანს ექსპერიმენტი ჩაატარეს თადუმაძეზე და როგორც ჩანს, ისე ვერ გაამართლა, როგორც ივანიშვილს უნდოდა, ამიტომ ისევ შოთაძე დააბრუნეს. ხელისუფლებისთვის მასთან მუშაობა კომფორტულია.

"ოცნება" ცდილობს მართლმსაჯულების სისტემა და ძალოვანი სტრუქტურები მთლიანად დაიქვემდებაროს - შოთაძე-ფარცხალაძესთან ამის პრობლემა არ ჰქონდათ. სხვაც რომ დაენიშნათ, ისიც "შოთაძე" იქნებოდა, უბრალოდ, სხვა გვარით.

2014 წლის მერე, რაც ფარცხალაძე დაინიშნა, პროკურატურაში არაფერი შეცვლილა. მართვის სტილი და ხალხი იგივეა. ეგ არის, პერიოდულად ვუყურებთ სპექტაკლს, რომ ვითომ საპროკურორო საბჭო არჩევს ახალ პროკურორს და ჰყავთ "მოხალისეები", რომლებიც ამ სპექტაკლში მონაწილეობენ.

- რატომ ვერ ელევა "ოცნება" ფარცხალაძეს? - ფარცხალაძეს პროკურატურა აჩუქეს. ხელისუფლება მას არ ელევა, იმიტომ, რომ მასთან მარტივია ურთიერთობა - ის ვერასოდეს ახტება მაღლა. ასეთი კომპრომეტირებული პერსონებით სისტემის თუ სტრუქტურის მართვა ადვილია. ის ვერასდროს გამოთქვამს პრეტენზიას და არ გახდება ხელისუფლებისთვის საშიში.

- გამოსავალს რაში ხედავთ? - ამ ვითარებაში პროგრესს არ ველოდები. ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. ახალ ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების როგორი გეგმა ექნება, დრო გვიჩვენებს.