შოთაძის ხელისუფლებაში დაბრუნების რა სამ მიზეზს ასახელებს თბილისის ექსპროკურორი მაია მწარიაშვილი? - კვირის პალიტრა

შოთაძის ხელისუფლებაში დაბრუნების რა სამ მიზეზს ასახელებს თბილისის ექსპროკურორი მაია მწარიაშვილი?

"ხელისუფლება ფარცხალაძეს იმიტომ ვერ ელევა, მასთან თავს კომფორტულად გრძნობენ. ასეთი კომპრომეტირებული პერსონებით სისტემის თუ სტრუქტურის მართვა ადვილია", - ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი.

- მთავარი პროკურორის საქმიანობა რამდენიმე გახსნილი საქმით არ იზომება. პროკურატურა გამოძიების კი არა, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. შოთაძემ ორიოდე საქმე გამოიძია და მის გასამართლებლად მხოლოდ ეს მოიყვანეს, მე კი რამდენიმე მიზეზს დავასახელებ, თუ რატომ არ უნდა დაბრუნებულიყო:

პირველი - შოთაძე ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთადერთი მთავარი პროკურორია, რომლის გამოძიებულ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა და არაერთი დარღვევა გამოვლინდა. ხორავას ქუჩის საქმეზე ორი დასკვნა დაიწერა, ორივეში გამოჩნდა, როგორ არ შეასრულა პროკურატურამ თავისი ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ შოთაძის ხელმძღვანელობით ცუდად იმუშავა. ისინი, ვინც შოთაძის პროკურორობისას არ მისცეს პასუხისგებაში, მოგვიანებით დააკავეს, მაგალითად, სუბელიანი და კალანდია. ამითაც ცხადი შეიქნა, რომ შოთაძე მათ ხელს აფარებდა და სწორედ ამიტომ არ უნდა დაბრუნებულიყო.

მეორე მიზეზია ივანიშვილის, შოთაძისა და ხაზარაძის შეხვედრა. უმრავლესობას ამის თაობაზე კითხვები არ გასჩენია, არადა, პარლამენტის შესწავლის საგანი უნდა გამხდარიყო. გასარკვევია, მთავარი პროკურორი რისთვის მიიყვანეს შეხვედრაზე, საერთოდ, რა ურთიერთობა აქვს ხელისუფლების ხელმძღვანელობასთან, რატომ არის მასთან ასე გაშინაურებული.

შემდეგი საკითხი გახლდათ მისი კავშირი "სილქ როუდ ჯგუფთან". ამ საქმეს ფინანსური საგამოძიებო უწყება პროკურატურის მეთვალყურეობით იძიებდა. გამოძიება არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს დაიწყო და შოთაძის გაპროკურორების შემდეგ შეწყდა, თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ის ამ კომპანიაში დასაქმდა - ხომ ცხადზე უცხადესია ინტერესთა კონფლიქტი?! ნორმალურ სახელმწიფოში ეს დიდი სკანდალის საგანი იქნებოდა. მახსოვს, პარლამენტში ერთ-ერთმა დეპუტატმა მისი ხელფასის ოდენობა იკითხა, რაზედაც შოთაძემ უპასუხა, გამოჩნდება, როცა დეკლარაციას შევავსებო, არადა, ჩვენ მაშინვე უნდა გაგვეგო.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სატატია სრულად