"რად გინდათ მინისტრები, რომლებსაც პასუხები არ აქვთ?" - როგორ აფასებენ ფინანსთა მინისტრის ქმედებას - კვირის პალიტრა

"რად გინდათ მინისტრები, რომლებსაც პასუხები არ აქვთ?" - როგორ აფასებენ ფინანსთა მინისტრის ქმედებას

ტიკარაძემ ერთ კითხვასაც ვერ გასცა პასუხი. მოხსენებას კითხულობდა, რა პასუხი უნდა გაეცა? ვინმეს ის ტექსტი არასწორად, რომ აეკრიფა და სხვა რამე ჩაეწერა შეიძლება ის წაეკითხა,- ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მინისტრების პარლამენტში არმისვლის მიზეზი ისაა, რომ მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

"ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე რომ ჩამოდიოდა ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და "მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, არა, ეს ხალხი იმიტომ არ მოდის, რომ პასუხები არ აქვთ. რად გინდათ მინისტრები, რომლებსაც პასუხები არ აქვთ?“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე განცხადებით, უმრავლესობის და პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომ მინისტრები საკომიტეტო მოსმენაზე არ მიდიან.

"თქვენ - უმრავლესობას მინდა მოგმართოთ, დღეს ივანე მაჭავარიანი რომ არ მოვიდა, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრები, არ დგახართ მოწოდების სიმაღლეზე. თქვენი პასუხისმგებლობაა, არც ტიკარაძე, რომ არ მოვიდა თავის დროზე. გასაგებია, რომ ვთქვათ ოპოზიციას ანგარიშს არ უწევენ, მაგრამ თქვენც ხომ პარლამენტის წევრები ხართ? იდეაში, თქვენც ხომ შეურაცხყოფილი დარჩით დღეს? გამოიჩინეთ მეტი გულსხმიერება და მართლაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოთ. მინისტრი არღვევს თვით კანონს, რიგით მოქალაქეს, როგორ უნდა მოსთხოვო, რომ კანონი არ დაარღვიოს?“-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.