"მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი - კვირის პალიტრა

"მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი "ინტერპრესნიუსთან" ადასტურებს, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, ის პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს და სააკაშვილს როგორც მისი შვილის საქმეზე, ასევე ზოგად თემებზე, მათ შორის, პოლიტიკაზეც ესაუბრა.

"დიახ, კიევში მე შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და არამხოლოდ მას, შევხვდი სხვა ადამიანებსაც. ზოგადი საუბარი იყო, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ არსებული პრობლემები საქართველოში, ამ სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული და განადგურებული ჩემი ცხოვრება განვიხილეთ. ისიც განვიხილეთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთსაც გავდივარ. ზოგადად, შევეხეთ პოლიტიკასაც და არჩევნების თემასაც. ამ ადამიანს პირველად შევხვდი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, კიევში აღარ არის. კითხვაზე, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ინიციატორი, მაჩალიკაშვილი არ პასუხობს.

"კიევიდან დავბრუნდი, მაგრამ საქართველოში ჯერ არ ჩამოვსულვარ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. სხვა საქმეზე ვიყავი უკრაინაში, კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველა ხედავს, როგორ უსამართლოდ მებრძვის დღევანდელი ხელისუფლება და "ქართული ოცნება", ეს ადამიანს კი არა, მთასაც დაანგრევდა. შევეცდები მშვიდობიანი გზით ჩემი სიმართლე დავადგინო. პოლიტიკაზე და პარტიაზე არ ვფიქრობ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"