"რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში და ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე" - კვირის პალიტრა

"რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში და ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე"

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია - "საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

"დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთოების და ნატო-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატო-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატო-ს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, - აცხადებს პრემიერი.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"