როგორ დასრულდა არაფორმალური შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის - კვირის პალიტრა

როგორ დასრულდა არაფორმალური შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

28 თებერვალს, საღამოს საარჩევნო სისტემის ცვლილებების საკითხზე საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომნეტარები გააკეთეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: "კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა, ეს იყო მეგობრული შეხვედრა ჩვენი პარტნიორების და ელჩების ინიციატივით. ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების სურვილი არის, რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ვნახოთ, უახლოეს პერიოდში, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ხელისუფლება, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულად, სამართლიანად და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად დამკვირვებლების მიერ მოხდეს ობიექტური შეფასებები, თუ როგორი არჩევნები ექნება საქართველოს 2020 წლის შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად...

ციფრებზე და პროცენტებზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. არის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებული, ვფიქრობთ, რომ ახლოს ვართ პოლიტიკური ძალები შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის. ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად მოვემზადოთ დიალოგის შემდეგი შეხვედრისთვის".

გრიგოლ ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი: "ქართულმა ოცნებამ" პირველი ნაბიჯი გადადგა იქეთ, რომ მოხსნა ის თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც ოპოზიციისთვის თეორიულად იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა არ ვიცით. ამიტომ, არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის. არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა, ვერ გეტყვით. მთავარია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნები რჩება შემდეგი: მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან! პოლიტიკური პატიმრები! წერტილი".

დავით უსუფაშვილი, "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი: "არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული. ამისთვის მეც და ძალიან ბევრიც, ვინც აქ შეკრებილები ვართ, ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა არის ობიექტური თემები, წინააღმდეგობები იმიტომ, რომ ბოლო 10 დღემდე ხელისუფლებისგან მაინცდამაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას იმისთვის, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, ადამიანები კიდევ არ დავშორდეთ ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს ბრძოლის ველად და ასპარეზად არ ვუყურებდეთ, ამის შანსი არსებობს. რთული იქნება, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგებით ოპოზიციის მხრიდანაც და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ ამ სირთულეებს ვუმკლავდებით".

მარიამ ჯაში, "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი: "ჩვენ გვყავს ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის ხელმძღავენელები, განსაკუთრებით შეერთებული შტატების, გერმანიისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. მათი მცდელობაა, რომ იქნეს მიღწეული შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერეს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, გამსაკუთრებით წამყვანმა, მმართველმა გუნდმა და ასევე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მიმართ განსაკუთრებით იქნა გაჟღერებული თხოვნა, რომ კიდევ იქნას გადადგმული კომპრომისული ნაბიჯი, რომ დაახლოვდეს პოზიციები. პროგრესი ნამდვილად არის მიმდინარე მოლაპარაკებებში. ჩვენ რამდენიმე დღე კიდევ მოგვიწევს დალოდება, რომ მივიღოთ საბოლოო პოზიციები როგორც "ქართული ოცნების", ასევე მთავარი ოპოზიციური ძალის მხრიდან. ყველა ვთანხმდებით , რომ კონსენსუსი მიღწევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს კონსენსუსი იქნას მიღწეული და მოდით, დავიტოვოთ იმედი, რომ შეთანხმება შედგება და საარჩევნო გარემოს ნორმალიზება მოხდება".

გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველოს" ლიდერი:

"ბევრი სხვადასახვა ტიპის თემა იყო განხილული. ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის, რა მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს ის. დღეს "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გასაშვებია ხელისუფლებიდან. მათ არც სიღარიბე, არც გაჭირვება არც სხვა რამ არ აღელვებთ. ძალიან მარტივი საკითხია, მაქსიმუმ ერთი კვირაა დარჩენილი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც განხორციელდეს. ზოგადად იყო საუბარი და ჯერ არ არის ის კონდიცია, რომ შემდეგი რაუნდი რეალური მოლაპარაკებების ჩაინიშნოს".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით