"კრემლმა ამ ცოტა ხნის წინ ჩაუშვა ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თაობაზე დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებას" - კვირის პალიტრა

"კრემლმა ამ ცოტა ხნის წინ ჩაუშვა ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თაობაზე დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებას"

აშშ-ში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რუსეთმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადოს ჩარევა. ჩვენ გვემუქრება ამგვარი საფრთხე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას? - გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- დარწმუნებული ვარ, რუსეთი შეეცდება, გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს არჩევნებზეც. კიბერშეტევისას მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანი ასპექტია საზოგადოების აზრზე ზემოქმედება, რისთვისაც ჩვენი ინტერნეტსივრცე ღიაა. საპარლამენტო არჩევნებამდეც უნდა მიექცეს ამას დიდი ყურადღება და მერეც.

გვიახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი - რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი გადის. ეს ხელშეკრულება რამდენიმე თვეში უსინდისოდ დაარღვია საბჭოთა რუსეთმა. მოსკოვში უკმაყოფილოდ ელიან, რას იტყვის და მსოფლიოს გასაგონად რა კამპანიას წამოიწყებს საქართველო ამ თარიღთან დაკავშირებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთს ძალიან მწირი არგუმენტები აქვს თავის დასაცავად. დავაკვირდეთ, რა ტიპის ინფორმაციას ააქტიურებს რუსეთი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თარიღის გადასაფარავად.

კრემლმა ამ ცოტა ხნის წინ ჩაუშვა ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმგვარი დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებას, რომლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი თურმე არასდროს ყოფილა საქართველო და იქ ქართველებს არ უცხოვრიათ.

დაიწყეს ამ აზრის ტირაჟირება როგორც სატელევიზიო ეთერებით, ასევე ინტერნეტსივრცეში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ თემაზე 6-7 გადაცემა მოამზადეს სხვადასხვა რუსულ არხზე. როგორც ვატყობ, ემზადებიან, ფართოდ გაშალონ თემა 1920 წელს ქართველების მიერ "ოსების გენოციდის" თაობაზე. ისეთი ტენდენციური მასალები ჩნდება, რომ არ შეიძლება ეს უპასუხოდ დავტოვოთ. ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, ამისთვის კი საჭიროა, ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებულნი და ვფლობდეთ კონტრჰიბრიდული ომის წარმოების ტექნოლოგიებს.