ლუგარის ლაბორატორია - საქართველოს მთავარი იარაღი - კვირის პალიტრა

ლუგარის ლაბორატორია - საქართველოს მთავარი იარაღი

"ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ვირუსის ასე ოპერატიულად დადგენა, როგორც ლუგარის ლაბორატორიის ქართველ სპეციალისტებს"

საქართველოს თანამედროვე კლასიფიკაციით მესამე დონის ლაბორატორიას კორონავირუსის დიაგნოსტირებაც შეუძლია, რაც ამ ინფექციის დროულად გამოვლენისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთი დიდი ძალისხმევით ცდილობდა ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის შემქმნელ, საშიში ვირუსების გამავრცელებელ, სახიფათო მწერების გამოსაყვან (შემდგომში მათი დივერსიული მიზნით გამოყენებისთვის), ადამიანზე ექსპერიმენტების ჩასატარებელ დაწესებულებად წარმოეჩინა. რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა თავად მენახა, როგორ მუშაობენ ამ ლაბორატორიაში, რომელიც ამერიკის დაფინანსებით აშენდა. როგორც ცენტრში ამიხსნეს, რუსეთიდან ხშირად ჩამოდიან, რადგან დაწესებულება მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება, დაინტერესებულ პირთათვის ღიაა და საიდუმლო საქმიანობას არ ეწევა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ყოფილი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, რომელსაც ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაექვემდებარა. ლუგარის ცენტრის აშენების მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალის სამედიცინო მიზნით გამოყენება იყო. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ. სეროლოგიურ ლაბორატორიაში უამრავი დასახელებისა და თვისების ვირუსი და ბაქტერიაა, მიკროორგანიზმების კვლევა კი ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. აქ ასევე თავმოყრილია ბრუცელოზის, ლეპოსპიროზის, ლეიშმანიოზის, ყივანახველას, დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი, ასევე ბორელიოზი, დენგეს ცხელების ვირუსი, რომელიც კოღოებით გადადის. პასუხი ცნობილია რამდენიმე საათში. რეგიონში უნიკალურ ბიოუსაფრთხოების კიდევ ერთ, მესამე დონის ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურით კლინიკებიდან შემოსულ ინფექციებს ადგენენ (მაგალითად, ჯილეხს, ყირიმ-კონგოს და სხვ.). ყველა ლაბორატორიაში უარყოფითი წნევაა, რაც გაჟონვას გამორიცხავს, ანუ ჟანგბადი გარედან შეიწოვება, იქმნება სპეციალური "ჰაერის ფარდა" და მისი საშუალებით შექმნილ სივრცეში შიგნით ცირკულირებს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტირებისთვის ლუგარის ლაბორატორიამ თავისი დიდი მნიშვნელობა ნათლად დაგვანახა: "რომ არა ლუგარის ლაბორატორია, საქართველოში ვერ მოხდებოდა ამ ვირუსების დიაგნოსტირება და მათი გავრცელება უფრო მასშტაბური იქნებოდა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს, რადგან ისეთი რეგიონიდან მომდინარეობს, რომელიც ახლოს არის ჩვენთან, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რას ვებრძოლოთ, ვიცნობთ სიმპტომებს და პრევენციულ გზებსაც ოპერატიულად ვეძებთ".

"სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს" დამფუძნებელ გიორგი მოლოდინის თქმით, კორონავირუსმა ევროპის განვითარებული ქვეყნები საგონებელში ჩააგდო, საქართველოს არცთუ განვითარებული ჯანდაცვის სისტემის ფონზე კი, როდესაც საშიში ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ლუგარის ლაბორატორია ძალზე მნიშვნელოვანია.

- ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მზად ვართ გამოწვევებისთვისო, ლუგარის ლაბორატორიის სრულყოფილი მუშაობით აიხსნება. რუსეთმა ის ლამის ანტისახელმწიფოებრივ დაწესებულებად გამოაცხადა. პრორუსული ძალები ყველანაირად ცდილობდნენ საქართველოში დასავლეთის იმიჯის დისკრედიტაციას, გაჰყვიროდნენ, რას გვიკეთებს დასავლეთიო. რას და, ამას გვიკეთებს - რეგიონში ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ვირუსის ასე ოპერატიულად დადგენა, როგორც ლუგარის ლაბორატორიის ქართველ სპეციალისტებს. სწორედ იქ ამოიცნეს "ღორის გრიპად" წოდებული H1N1, ფრინველის ვირუსი და სხვა სახიფათო დაავადებები. ლუგარში ჩატარებული ექსპერიმენტები და ის ცოდნა, რასაც ქართველი ექიმები იღებენ, მხოლოდ საქართველოს კი არა, მსოფლიო ერების ჯანმრთელობას იცავს მომაკვდინებელი ინფექციებისგან. ცენტრში მუშაობენ როგორც ამერიკელი, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული მკვლევრები.

- რუსი მეცნიერებიც... - დიახ, და მეტსაც გეტყვით - აღფრთოვანებული არიან ამ ლაბორატორიის თანამედროვე ინფრასტრუქტურით. საქართველოს გარდა, მისი ოფისებია აზერბაიჯანში, სომხეთში (ოღონდ სხვა დონის) და რუსეთშიც, რომელიც ამდენი წელია თბილისის ლუგარის ცენტრისთვის ტროლების მიქსევას ცდილობს. რუსეთში რამდენიმე მაღალი დონის ლაბორატორიაა, ერთ-ერთი მოსკოვთან ახლოს, დანარჩენი კი ქვეყნის ჩრდილოეთით და ყველა მათგანი დასავლეთის დაფინანსებით აშენდა...

იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით, საქართველოში ეს ლაბორატორია რომ არ იყოს. როდესაც იცი, რომ მსოფლიოში სახიფათო ვირუსი მძვინვარებს, საზღვრები კი გახსნილი გაქვს, მოგვიწევდა პაციენტების ანალიზების სხვა ქვეყანაში გაგზავნა... ლუგარის ლაბორატორიას, ალბათ, სხვა ქვეყნებიდანაც მიმართავენ.

რუსეთს ჩვენი წარმატების აღიარება უჭირს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეები მუდმივად დემორალიზებული იყვნენ, რადგან წლების წინ ნებისმიერ შემთხვევაში დახმარებას მას ვთხოვდით და სურდა მუდმივად ასე გაგრძელებულიყო.

- ვირუსის დასამარცხებლად მისი დროული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსისა, ახლაც დრო გადამწყვეტია, რათა დაავადებულთა დროულად და სწორად მკურნალობა დაიწყოს, შემცირდეს დაინფიცირების რისკები, ჯანდაცვის უწყებამ საჭირო რეკომენდაციები გასცეს, პრევენციის გზები დაგეგმოს.