"ჩვენ არ ვიწყებთ არეულობას, თურქეთი მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ ვიწყებთ არეულობას, თურქეთი მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს"

"რადარი აჩვენებს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსული საჰაერო ხომალდები ფრენაში მონაწილეობდნენ"

გთავაზობთ ინტერვიუს თურქეთის ელჩთან საქართველოში, ქალბატონ ფატმა სერე იაზგანთან:

- როგორია თქვენი პოზიცია ახლახან იდლიბში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზე? - ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ ჩემს ხელთ არსებული ფაქტები და ჩემი მთავრობის პოზიცია გაგიზიაროთ. 27 თებერვლის ღამეს თურქეთის სამხედრო კოლონა, რომელიც გამოიყო თურქული სადამკვირვებლო პოსტის მხარდასაჭერად, მიზანმიმართულად გახდა სამიზნე ბალიუნის დასახლებული პუნქტის მახლობლად, იდლიბის დეესკალაციის ზონის სამხრეთით. ჩვენ ავიადარტყმების შედეგად 33 სამხედრო დავკარგეთ. თებერვლის დასაწყისიდან ჩვენმა დანაკარგებმა 45-ს გადააჭარბა. არ გამოგვივლენია, ვის ეკუთვნის საჰაერო ხომალდები, რომლებმაც ჩვენს კოლონასა და ბაზებს შეუტიეს. რადარი აჩვენებს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსული საჰაერო ხომალდები ფრენაში მონაწილეობდნენ. თურქეთი მხარს უჭერს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ ერთიანობას და ამას ხელს შეუწყობს მას შემდეგ, რაც სირიის ინიციატივით და გაეროს მხარდაჭერით პოლიტიკური პროცესის ფარგლებში ჩამოყალიბდება სანდო მთავრობა.

- დავოსის ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ განაცხადა, - სიახლე არ არის, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას. მაგრამ დასავლელი მოკავშირეები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა: "მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება... მე კი არ მესმის, საქართველო ჯერ კიდევ რატომ არ მოგვიწვევია ალიანსში". - ვფიქრობ, ეს შეკითხვა ბრიუსელში უნდა დასვათ... საერთაშორისო ურთიერთობების ამ ეტაპზე ძნელია იწინასწარმეტყველო, როგორ აპირებს ესა თუ ის ქვეყანა საკუთარი ან მოკავშირეების ინტერესების დაცვას. ჩვენ გვაქვს კრიზისი ერაყში, სირიაში, უკრაინაში, სადაც ყირიმის ანექსია მოხდა და არც შავი ზღვის აუზია ისეთი უსაფრთხო, როგორსაც ვარაუდობდნენ. მოწმე ვართ არასტაბილურობის, არცთუ უსაფრთხო გარემოსი.

ეს თურქეთისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. რაც შეეხება საქართველოს, ეს არის მეზობელი, რომელთანაც გვაქვს სტაბილური ურთიერთობა. ყველა სხვა მეზობელი სახელმწიფოსგან განსხვავებით, თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველოს დემარკირებული და ორმხრივად აღიარებული საზღვრები აქვს. საქართველოში ყველა თანხმდება, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრება სურს. ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, არის თუ არა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები სათანადოდ განვითარებული, არის თუ არა სფეროები, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა, მაგრამ ვერ უარვყოფთ საქართველოს წვლილს ნატოში და ქვეყნის კურსის მართებულობას - მას სურს ნატოში გაწევრება.

ამიტომ თურქეთი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპ-ი. სწორედ ეს იყო მინისტრ ჩავუშოღლუს მთავარი გზავნილი. ამავდროულად, ეს იყო პასუხი დასავლეთის უსაფუძვლო ბრალდებებზეც, თითქოს ჩვენ არასანდო მოკავშირეები ვართ დასავლეთისათვის, რადგან თურქეთი ცდილობს, რუსეთთან ზოგიერთ საკითხზე დიალოგი გამართოს.

- კარგი იქნება, თუ განმარტავთ თურქულ-რუსული ტანდემის ბუნებას, რადგან ეს საქართველოში ხშირად შეშფოთების მიზეზად გვევლინება - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-თურქეთის გართულებული ურთიერთობა და, ამავდროულად, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობის დათბობა საქართველოსთვის კარგს არაფერს მოასწავებს. - რაც შეეხება თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობას, მიუხედავად სირთულეებისა, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და ამ საკითხისადმი ჩვენი მიდგომა უცვლელია. საქართველო აშშ-თურქეთს შორის სადავო თემა ნამდვილად არ არის. ამ საკითხზე ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებობს მტკიცე ურთიერთგაგება - ორივეს სურს, იხილოს სტაბილური და განვითარებული საქართველო. ორივე ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასე რომ, იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ თურქულ-ამერიკული, ან თუნდაც თურქულ-რუსული ურთიერთობები საქართველოზე მოახდენს გავლენას, მინდა ვკითხო:

რატომ გგონიათ ასე? საქართველო საკუთარი 2000-წლიანი ისტორიის განმავლობაში ახერხებდა ლავირებასა და ბალანსის შენარჩუნებას მასზე ძლიერი პოლიტიკური აქტორებით სავსე რეგიონში. როდესაც ამის საშუალება არ იყო, სწორედ მაშინ ექმნებოდა პრობლემები ქართულ სახელმწიფოს. ბალანსისა და ლავირების ეს საჭიროება არსად გამქრალა, ეს დღესაც აქტუალურია, იმის გათვალისწინებით, რომ მულტიპოლარული, არათანამიმდევრული მსოფლიო წესრიგი გვაქვს.

- და ამ არათანამიმდევრულ და არაპროგნოზიებად გარემოში უნდა ეშინოდეს თუ არა საქართველოს, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება გავლენას მოახდენს საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერაზე? - რა თქმა უნდა, არა. სწორედ ეს თქვა მინისტრმაც - ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან და არა მარტო ჩვენ - ამას ყველა ქვეყანა აკეთებს. როცა ნატოს სხვა წევრი ქვეყნები ცდილობენ რუსეთთან საერთო ენის გამოძებნას, ეს პრობლემად არ აღიქმება, აი, ჩვენ კი რატომღაც გამონაკლისად ვიქეცით. სუსტი, იზოლირებული, არასანდოდ მიჩნეული თურქეთი ვის ინტერესებს შეესაბამება? დარწმუნებული ვარ, საქართველოს ინტერესებს - არა.

თურქეთის პოლიტიკური ქცევის მეთოდიკა, განსხვავებით ბევრი ჩვენი დასავლელი მოკავშირისაგან, ადვილი წასაკითხია - ჩვენთვის ჩვენი მიწა წმინდაა. ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი კონცეფციაა. ჩვენი ქვეყნის ერთ მტკაველსაც არ დავტოვებთ დაუცველს. ჩვენ არ ვიწყებთ არეულობას, თურქეთი მხოლოდ და მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს. ვფიქრობ, იგივე ღირებულებები აქვს საქართველოსაც. დიპლომატია ყოველთვის უპირატესი მეთოდია და ამიტომ ვცდილობთ, რუსეთთან დიალოგი შევინარჩუნოთ. უნდა დავარწმუნოთ რუსი მეგობრები, რომ ამ რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობა ყველა ჩვენგანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე კონფლიქტები.

- ფიქრობთ, რომ რეგიონში სტაბილურობასთან დაკავშირებით რუსეთისა და თურქეთის თვალსაზრისი ერთმანეთს ემთხვევა? - ჩვენი მიზანია, დიპლომატიის მეშვეობით ეს თვალსაზრისი ერთმანეთს დაუახლოვდეს. ინტერესების სრული დამთხვევა შეუძლებელია, მაგრამ დიპლომატიური ოსტატობა სწორედ ის არის, რომ შევიმუშაოთ საერთო თვალსაზრისი, რომელიც ყველა მონაწილისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრინციპული არ ვართ, მაგალითად,

რუსეთთან საქართველოს საკითხზე ვაჭრობას არ დავიწყებთ, რადგან მათი და ჩვენი შეხედულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით განსხვავებულია. თურქეთი დამოკიდებულებას არ შეცვლის, ეს დისკუსიისა და კომპრომისის საგანი არ გახდება.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) პროექტის Talking NATO for Georgia ფარგლებში.

ვაჟა თავბერიძე