"ყველამ იცის, რომ თურქ სამხედროებს რუსეთი დაესხა თავს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე საუბარს თავს არიდებენ"
"ყველამ იცის, რომ თურქ სამხედროებს რუსეთი დაესხა თავს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე საუბარს თავს არიდებენ"
"გამორიცხული არაფერია, მათ შორის არც ჯიჰადისტი მებრძოლების საფრთხე. ისინი სირიაში ათასობით არიან, მათ შორის კავკასიელი მებრძოლებიც, რომლებმაც შესაძლებელია საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტონ, თუ სირიაში თურქეთმა და რუსეთმა შეავიწროვეს"

სირიაში სამხედრო მოქმედებები სულ უფრო მასშტაბური და არაპროგნოზირებადი ხდება. იდლიბის პროვინციაში სირიის არმიის შეტევის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 36 დაიჭრა. რა რყევები შეიძლება გამოიწვიოს რუსეთ-თურქეთს შორის სირიის საკითხის გამო დაძაბულობამ, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება.

- რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებას ასეთი დიდი
მსხვერპლი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ არ მოჰყოლია. თურქეთმა ნატოს დახმარებისთვის მიმართა, ოღონდ მე-5 მუხლის ამოქმედებისთვის კი არა, როგორც გავრცელდა და რაც კოლექტიურ პასუხისმგებლობას გულისხმობს, როდესაც ნატოს ერთ-ერთ წევრს მისივე საზღვრებში ესხმიან თავს და მას ალიანსის­ დანარჩენი წევრები იცავენ. ამჯერად თურქეთმა მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა, რაც
ასევე დახმარებას გულისხმობს, ოღონდ სხვა დონის - ნატომ დაგმო თავის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, მას მიაჩნია, რომ საქმე სამხედრო მხარდაჭერამდე არ მივა.

- ეს რისკენ უბიძგებს რუსეთს და რა ვითარებაში აღმოჩნდება თურქეთი?..
- იდლიბის საკითხზე უკვე შედგა­ ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი. ყველამ იცის, რომ თურქ სამხედროებს რუსეთი დაესხა თავს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე საუბარს თავს არიდებენ, რადგან რუსეთთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას ცდილობენ. გარდა ამისა, ამოქმედდა ორმხრივი მოლაპარაკების მექანიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო დროს ამას თურქული და რუსული დელეგაციები უშედეგოდ ცდილობდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი შეხვედრაც იგეგმება, თუმცა ვითარება უკვე იმდენად დაძაბულია, რაიმე გარღვევას არ ველი. ამ ვითარებაში გადამწყვეტია, ვინ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს.

- ეს პრივილეგია რუსეთს აქვს...
- ამიტომაც იქცევა ასე ცინიკურად.­ თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის სამხედრო ნაწილების­ კოორდინატებზე წინასწარ იყო რუსული­ მხარე გაფრთხილებული, რათა საჰაერო იერიში არ მიეტანა, მაგრამ ზუსტად ეს ინფორმაცია გამოიყენეს რუსებმა. შემდეგ თურქულმა მხარემ ვერტმფრენებისთვის საჰაერო სივრცის გახსნა ითხოვა, რათა დაჭრილები გამოეყვანა, მაგრამ უარი მიიღო. მეტიც, სახმელეთო გზით შესულ სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი ცეცხლი გაუხსნეს და ეს ასადის რეჟიმს დააბრალეს.

- უკრაინის ომის დროს საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამბობდა, ამას იმიტომ აკეთებს რუსეთი, რომ საქართველოში სამხედრო აგრესია შერჩაო...
- სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობები არ არის იმგვარი, რომ ჩადენილისთვის პასუხი ყველას მოეთხოვოს.
2015 წლის სექტემბრის შემდგომ რუსეთი თითქმის ყოველდღიურად ბომბავს სირიის სხვადასხვა ქალაქს, რა დროსაც მხოლოდ ტერორისტები კი არა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იხოცება. ეს დოკუმენტურად დადასტურებულია, მაგრამ მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

- რამდენად სავარაუდოა, რომ ნატომ, აშშ-მა და თურქეთმა კოორდინირებული მუშაობა დაიწყონ რუსეთის შესაჩერებლად?
- შესაძლებელია სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა ან სხვა სახის თანამშრომლობა, თუმცა არა სამხედრო, რადგან არა მგონია, ნატო ან ამერიკა მზად იყვნენ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებისთვის. თურქეთის მიზანი იყო, როგორმე შეეჩერებინა ასადი, რადგან იდლიბში 3 მილიონზე მეტი ლტოლვილია. ისინი უკვე დაიძრნენ თურქეთისკენ.

ერდოღანს უკვე 5 მილიონი ლტოლვილი ჰყავს, რომელთა რჩენაც 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა და გარდა ამისა, ისინი კრიმინალურ პრობლემებსაც უქმნიან ქვეყანას. თურქეთის ეკონომიკა ცუდ დღეშია და კიდევ 3 მილიონი ლტოლვილის დამატება კრიზისს გაამწვავებს. ამიტომ სურს თურქეთს, იდლიბში ისეთი სასიცოცხლო სივრცე იყოს, სადაც ლტოლვილები გაჩერდებიან.

- ლტოლვილების ნაკადის წამოსვლის შემთხვევაში საფრთხე საქართველოსაც ემუქრება?
- თურქეთისკენ ახალი ნაკადის წამოსვლა გარდაუვალია. საფრთხეს ქმნის ისიც, რომ ერდოღანმა საზღვრები გაუხსნა ევროპისკენ მიმავალ ლტოლვილთა ნაკადს.

საბერძნეთი და ბულგარეთი ამას გვერდს ვერ აუვლიან - როცა ლტოლვილთა რაოდენობა დიდი იქნება, შეკავება შეუძლებელი გახდება. საქართველოში ლტოლვილთა მასობრივი შემოდინება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათი სამიზნე განვითარებული ქვეყნებია, სადაც ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნებიან.

თუმცა გამორიცხული არაფერია, მათ შორის არც ჯიჰადისტი მებრძოლების საფრთხე. ისინი სირიაში ათასობით არიან, მათ შორის კავკასიელი მებრძოლებიც, რომლებმაც შესაძლებელია საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტონ, თუ სირიაში თურქეთმა და რუსეთმა შეავიწროვეს.

- ანუ პანკისის ხეობაც ისევ აქტუალური გახდება?
- არა მხოლოდ, სხვაგანაც შეიძლება გაიფანტონ, როგორც ჩატაევის რაზმის შემთხვევაში მოხდა.

- რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს - თურქეთში უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობაც...
- ეს პროცესი უკვე აისახა საქართველოზე, რადგან თურქული ლირა დევალვირებულია, დოლარი გაძვირდა. ჩვენი მოქალაქეები ლირაში იღებენ ანაზღაურებას, შესაბამისად, მათი ხელფასები შემცირდა, რადგან დოლარის ყიდვა მაღალი კურსით უწევთ და საქართველოში უფრო ნაკლები ვალუტა შემოვა. დროთა განმავლობაში იქ დასაქმებულები, ალბათ, სხვა ქვეყნებს მიაშურებენ სამუშაოს საძებნელად, ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდება.

- გამოდის, თურქეთს მძიმე ზაფხული ელოდება...
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უპასუხებს თურქეთი რუსეთს. თუ სამხედრო ძალით უპასუხებს, მაგალითად, რუსულ ავიამოიერიშეს ჩამოაგდებს, შედეგი იგივე იქნება, რაც 2015 წელს, როდესაც რუსი დამსვენებლების ნაკადი შემცირდა, თუ არადა, საგრძნობლად არაფერი შეიცვლება. საერთოდ კი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ გაიმაგრებს პოზიციას რეგიონში. რაც შეეხება შავ ზღვას, თუ დაპირისპირება შავ ზღვაზე დაიწყო, ეს ჩვენც შეგვეხება, რადგან ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც რუსეთსა და თურქეთთან სახმელეთო საზღვარი აკავშირებს.