"მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა, რომ "ნაციონალებს" პროვოკაცია არ მოეწყოთ" - კვირის პალიტრა

"მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა, რომ "ნაციონალებს" პროვოკაცია არ მოეწყოთ"

"პროპორციული სიით უფრო ადვილია არაპოპულარული ლიდერების პარლამენტში შეყვანა. აი, ეს არის მთავარი გამაერთიანებელი ოპოზიციური იდეისა და არაფერ შუაშია აქ დემოკრატია"

საქართველოს ხელისუფლების კაპიტულაცია თუ ოპოზიციის უპასუხისმგებლო მოქმედების სავალალო შედეგი? - ეს კითხვა ქართველ საზოგადოებაში მას შემდეგ დაისვა, რაც გადაწყდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. "ჩვენ ვალდებულება გვაქვს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს, არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა", - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც კანონი "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, ამიტომაც დადგა დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი. არის თუ არა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარება ოპტიმალური გამოსავალი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა გვესაუბრება:

- სხდომის სტრასბურგში ჩატარება არათუ ყველაზე ოპტიმალური, ერთადერთი გამოსავალიც არის. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას. მათ ჰყავთ უცხოელი პარტნიორები, რომლებსაც სურთ საქართველო იყოს შუამავალი ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

- ვის გულისხმობთ ამ ძალებში?

- "ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალებს, ანუ ყველა იმ 32 არაპოპულარულ პარტიას, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს პარტიები არაპოპულარული არიან? - სანდო კვლევები მაქვს ნანახი, რომლის მიხედვით, ყველა ამ პარტიის რეიტინგი საერთო ჯამში 10%-ს შეადგენს.

- ვინ ან როდის ჩაატარა ასეთი კვლევა? - ამის თქმის უფლება ჯერ არა მაქვს.

- რას იტყვით იმ მიზანზე, რის გამოც ოპოზიციური ერთობა შეიქმნა? - პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა დღის წესრიგში 2015 წლიდან დადგა და ეს უცხოეთიდან ნაკარნახევი იყო. რისთვის დასჭირდათ? რისთვის და, პროპორციული სიით უფრო ადვილია არაპოპულარული ლიდერების პარლამენტში შეყვანა. აი, ეს არის მთავარი გამაერთიანებელი ოპოზიციური იდეისა და არაფერ შუაშია აქ დემოკრატია. მაჟორიტარული არჩევნები უფრო დემოკრატიულია, ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს მისი წარმომადგენელი პარლამენტში. "ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როცა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დააანონსა. მერე მიხვდნენ, რომ ეს მოდელი ქვეყნის ინტერესში არ შედიოდა. "ოცნებამ" ხალხი ან საერთაშორისო საზოგადოებრიობა კი არ გადააგდო, ოპოზიციას შეუცვალა პირობა.

- ვის მოიაზრებთ "ნაცმოძრაობის" უცხოელ პარტნიორებში, რომლებიც საქართველოს იარაღად გამოყენებას ცდილობენ? - ზოგიერთ უცხოელ ნეოკონსერვატორებსა და ლიბერალებს, "ნაციონალებს" ისინი აფინანსებენ. ამიტომაც მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა, რომ "ნაციონალებსა" და მათთან აფილირებულ ძალებს პროვოკაცია არ მოეწყოთ.

- ექსპერტების ნაწილი პროვოკაციას მოსკოვისგან უფრო ელოდა... - კრემლის ნდობა არ შეიძლება, მაგრამ დაკარგული ტერიტორიების პრობლემა, რუსეთთან დიალოგის გარეშე არ მოგვარდება. რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის იდეალური გამოსავალი დიდ მოთამაშეებს, რუსეთსა და ამერიკას შორის შეთანხმების დადებაა, რომ საქართველოს ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. უამისოდ დიალოგის დაწყება ძნელად წარმომიდგენია.

- ქართველი პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, რუსულ-ქართული დიალოგის დაწყებაში თურქეთს უფრო შეეძლო დადებითი როლის შესრულება, მეორე ნაწილის ვერსიით კი რუსეთისა და თურქეთის დამეგობრება ჩვენთვის შესაძლოა სახიფათოც იყოს. რას გვაძლევს დღევანდელი მოცემულობა, როდესაც რუსულ-თურქული ინტერესები სირიის ტერიტორიაზე ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდა? - რუსეთ-თურქეთს შორის მცირე კონფლიქტი დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 თებერვალს სირიის სამთავრობო არმიამ თურქი სამხედროების კოლონა დაბომბა და 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. საინტერესოა, რაც ამ ამბავს წინ უძღოდა - ამ ხნის განმავლობაში, რაც სირიაში კონფლიქტია, ხელისუფლება ხან მოლაპარაკებით, ხან კი ძალის გამოყენებით ტერორისტულ ჯგუფებს და შეიარაღებულ ოპოზიციურ ძალებს იდლიბისკენ მიერეკებოდა. დროთა განმავლობაში იქ 30 000-მდე კაცი აღმოჩნდა ოჯახებიანად. იანვრიდან სირიის ხელისუფლებამ ამ ტერიტორიის ტერორისტებისგან გასუფთავება დაიწყო, ისინი, თავის მხრივ, სამთავრობო ძალებს დაესხნენ თავს. ამ თავდასხმას უპასუხა სირიის სამთავრობო ჯარმა. შემდეგ თურქი სამხედროები დაიღუპნენ. სოჭის შეთანხმებით, თურქული არმია სამეთვალყურეო პოსტებზე უნდა განლაგებულიყო და შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის შეტევის საშუალება არ მიეცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აცხადებს რუსეთი, რომ თურქულმა მხარემ სოჭის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა - თურქი ჯარისკაცები არა სამეთვალყურეო პოსტებზე, არამედ შეტევის მონაწილენი აღმოჩნდნენ.

თურქეთი რუსულ ვერსიას თავის მართლებად მიიჩნევს. ამბობს, რომ რუსებს წინასწარ გადასცეს თურქი ჯარისკაცების კოორდინატები. საბოლოოდ პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა და დღეს ორივე ცდილობს განმუხტოს დაძაბულობა. კარგად იციან, რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ დაპირისპირებას სირიაში. არც ნატოს აწყობს ბირთვულ სახელმწიფოსთან დაპირისპირება.

- რას ნიშნავდა თურქეთიდან სირიელი ლტოლვილებისთვის ევროპისკენ საზღვრის გახსნა. - თურქეთმა შური იძია ევროპაზე იმის გამო, რომ სირიის ომში მხარი არ დაუჭირეს.

- სირიელი ლტოლვილები შეიძლება იქცნენ ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევად? - საქართველომ უკვე შეასრულა თავისი ვალდებულება, სირიელი ლტოლვილების ნაწილი მივიღეთ. ახლა ჯერი ევროპაზეა.

ხათუნა ბახტურიძე