ალეკო ელისაშვილი: "არანაირ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ჩვენ არ ვმონაწილეობთ" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "არანაირ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ჩვენ არ ვმონაწილეობთ"

"თუ საარჩევნო სისტემაზე მეტ-ნაკლებად მისაღებ ფორმატზე შევთანხმდით, 4 აპრილს აქციაზე აღარ მივალთ"

"ერთადერთი, რატომაც მივედი ოპოზიციასთან შეხვედრაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხი იყო. მაჟორიტარებზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ ამ ერთიანობას ზოგიერთი პარტიის სიხარბე დაანგრევს და ამით დაასხამენ ივანიშვილის წისქვილზე წყალს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

შეთანხმდნენ თუ არა საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე და რატომ უწუნებს ელისაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მადას, ამ ინტერვიუში შეიტყობთ.

- მაჟორიტარების სიის გამოქვეყნებამ ძალიან აღმაშფოთა. ტელეეთერში თქვეს, თითქოს ვიღაცას რაღაცაზე შევუთანხმდი, ჩემი კანდიდატურა ჩემგან დამოუკიდებლად დააყენეს. დიდი განმარტებები არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, "ნაციონალები" სიხარბეს ვერ თოკავენ, რაღაც ტერიტორიების წინასწარვე მონიშვნა უნდათ. ჯერ არ გარკვეულა, რა საარჩევნო სისტემით გვექნება არჩევნები და ამ დროს მაჟორიტარების გადანაწილება მიდის.

საერთო კანდიდატების პრინციპი გასაგები და მისაღებია, მაგრამ არჩევნებამდე დიდი დროა.

- გამოქვეყნებულ სიებზე რას ფიქრობთ, მისაღებია? - "სამოქალაქო მოძრაობის" ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავიდნენ, მაგრამ არ დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა". ვერც ერთმა პარტიამ ვეღარ უნდა მოახერხოს ძალაუფლების უზურპაცია, ქვეყანა მრავალპარტიული უნდა გახდეს.

"სამოქალაქო მოძრაობა" ვინმესთან კულუარულ გარიგებას არ აპირებს. ყველამ უნდა იცოდეს, ამა თუ იმ რაიონში ესა თუ ის კანდიდატი რატომაა, კითხვები აღარ უნდა გაჩნდეს. ზემოდან არავის ვუყურებ, მაგრამ, თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, ორ არჩევნებში ვმონაწილეობდი და ორივეგან "ნაციონალური მოძრაობა" დავამარცხე.

- ოპოზიციის ერთიანობას ხომ არ ემუქრება საფრთხე? - ოპოზიციის ერთიანობა არც არსებობს. გვაქვს ერთიანი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შესახებ. მაგალითად, მე ლეიბორისტების ოფისში შეხვედრაზე მხოლოდ ორჯერ ვიყავი, რადგან იქ ჩემთვის მიუღებელი ბევრი პირი ზის.

მაჟორიტარებზე ლაპარაკი კიდევ ცალკე ფორმატია, შესაბამისად, არანაირ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არავისთან ხელჩაკიდებულ სიარულს არ ვაპირებთ.

- ამავეს ამბობენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, როგორ ფიქრობთ, ეს ივანიშვილის წისქვილზე არ ასხამს წყალს? - საერთო არაფერი მაქვს ჩემთვის იდეოლოგიურად მიუღებელ პარტიებთან. ერთადერთი, რატომაც მივედი შეხვედრაზე, პროპორციული სისტემის შესახებ მსჯელობა იყო. მაჟორიტარებზეც შეიძლება საუბარი, მაგრამ ამ ერთიანობას ზოგიერთი პარტიის სიხარბე დაანგრევს.

- ამ კანდიდატებზე მსჯელობას განხეთქილება ხომ არ მოჰყვება ოპოზიციაში? - თუ შერჩევა სამართლიანი პრინციპით იქნება, მაშინ დიდ დაპირისპირებას არ ველოდები.

- სამართლიან პრინციპში რას გულისხმობთ? - საარჩევნო სისტემაზე უნდა შევთანხმდეთ, შერჩევაზე მერე ვილაპარაკებთ.

- მაგალითად, 110/40 ან 100/50 სამართლიანი პრინციპით, მაგალითად, თბილისში ვინ რამდენ მაჟორიტარს გაინაწილებს? - ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, თუ რა შეიძლება იყოს თბილისში წარმატების ფორმულა, მაგრამ ამაზე ახლა არ ვილაპარაკებ, ძალიან ადრეა.

- 4 აპრილს დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას თუ შეუერთდებით? - თუ გადაწყვეტილება მივიღეთ, რაღაზე გავიდეთ აქციაზე?!

- როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი მოსახლეობას არ აბნევს? - ვინც დაბნეულია, მინდა მკაფიოდ ვუთხრა - სამოქალაქო მოძრაობა ლეიბორისტულ პარტიაში შეხვედრების ფორმატში მხოლოდ საარჩევნო საკითხზე მსჯელობს. როგორც კი ეს თემა გაირკვევა, ჩვენთვის ფორმატი დაიხურება. თუ მაჟორიტარებზე იქნება საუბარი, ეს ცალკე ფორმატია და ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. შესაბამისად, თუ საარჩევნო სისტემაზე მეტ-ნაკლებად მისაღებ ფორმატზე შევთანხმდით, აქციაზე აღარ მივალთ.