გიორგი ვაშაძე: "თავები იმიტომ გვაქვს, რომ ხელისუფლების ხაფანგში არ გავებათ"
გიორგი ვაშაძე: "თავები იმიტომ გვაქვს, რომ ხელისუფლების ხაფანგში არ გავებათ"
"დიდ საფრთხესთან გვაქვს ბრძოლა გამოცხადებული და ერთიანობა გვმართებს"

"თუ ოპოზიცია რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებს, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შესაძლებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდგომ. როგორც ამბობს, მმართველი გუნდის იდეები საარჩევნო მოდელის შესახებ საფუძველს ქმნის, რომ ჩამოყალიბდეს საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტში რაციონალური და სამართლიანი დოზით ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. რა აზრის არის ოპოზიცია მმართველი გუნდის ორიგინალურ იდეებზე და რას აპირებს, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე
გვესაუბრება.

- მმართველ გუნდს არანაირი ორიგინალური იდეები არა აქვს, ასეთ განცხადებებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის გულის მოსაგებად აკეთებენ. რაც მართალია, უნდა ვთქვა - ბოლოდროინდელ შეხვე­დრებზე "ოც­ნე­ბ
ის"­წარ­მო­მადგენლები შეც­ვლილი არიან, მათი პოზიცია ძველებურად შეუვალი აღარ არის. როგორც ჩანს, ჩვენმა ბრძოლამ, საერთაშორისო ზეწოლამ ნაყოფი გამოიღო.

თუმცა ჯერ ნამდვილად არ არის ის ვითარება, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაინიშნოს.

- თქვით, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინა ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა, თუმცა ეს ირაკლი კობახიძემ უარყო. რა სისტემაა ამჯერად განხილვის საგანი?
- 110/40-ზე ნამდვილად იყო საუბარი. რადგან ამ მოლაპარაკებას ოფიციალური სახე არ ჰქონდა, რაც უნდათ, იმას უარყოფენ ან დაადასტურებენ. სხვა ვერსიებზეც იყო საუბარი. რაც შეეხება 110/40-ს, ის არ გვაწყობს, ჩვენ მანდატებით არ ვვაჭრობთ. მთავარია, საარჩევნო სისტემის პროპორციულობა იქნეს გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების საკითხზეც.

- ხელისუფლება არც პოლიტპატიმრების არსებობას აღიარებს და არც პოლიტიკური დევნის ფაქტებს...
- ერთია, რას აღიარებს და მეორე, როგორია რეალობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პოზიციას იზიარებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

- რას იტყვით მმართველი გუნდის მზადყოფნაზე, გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც ამომრჩეველთა მხარდაჭერის 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას?
- ძალიან კარგია, რომ ეს ინიციატივა გაიზიარეს, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა საჯარო იქნება.

- საჯარო, ალბათ, იმ მიზეზით, რომ თქვენც იზიარებთ ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრებას, ხელისუფლებას შესაძლოა მორიგი ეშმაკობა აქვს ჩაფიქრებულიო?
- გამორიცხული არაფერია, თუმცა თავები იმიტომ გვაქვს, რომ მათ ხაფანგში არ გავებათ.
ჯერ არ მოგვისმენია ზუსტი განმარტება, რას გულისხმობენ 40%-ში.

- მამუკა მდინარაძემ განაცხადა, არც არასდროს გვიფიქრია, რომ "ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებსო.
- "ქართულ ოცნებას" არ ანაღვლებს ხალხის სიღატაკე, არ ზრუნავს ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, არაფრად დაგიდევთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ჰყავს პოლიტპატიმრები... რის საფუძველზე აქვს 40%-ზე მეტი მხარდაჭერის იმედი?

- თქვენ 4 აპრილისთვის აპირებთ ოპოზიციური ერთობის კანდიდატების წარდგენას. ვინ იქნებიან ისინი?
- ჯერ კონკრეტულად არ შევთანხმებულვართ.

- თქვენი აზრით, მაჟორიტარი კანდიდატები ხომ არ გახდებიან ოპოზიციაში განხეთქილების საგანი?
- არა, ეს ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა.

- თუმცა არიან ლიდერები, რომლებიც პრინციპულად გამორიცხავენ მაჟორიტარულ ოლქებში პრორუსი კანდიდატის მხარდაჭერას.
- ჩემთვისაც ძალიან რთულია ნებისმიერ პრორუსულ პარტიასთან თანამშრომლობა. თუმცა უნდა გავაანალიზოთ, რომ გაცილებით დიდ საფრთხესთან გაქვს ბრძოლა გამოცხადებული და ერთიანობა გვმართებს.

- თქვენ რომელ რაიონში იყრით კენჭს?
- სადაც საჭირო იქნება, იქ წავალ, თუნდაც ყველაზე რთულ რაიონში.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?