სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის პრეზიდენტმა? - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის პრეზიდენტმა?

4 მარტს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

სხდომას 89 დეპუტატი ესწრებოდა. პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრო ასევე მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი კახა კალაძე.

დღევანდელ სესიას არ დასწრებიან "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ცნობილია ასევე, რომ პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტს უცხადებენ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები".

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

"გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა: სად ვართ ამ დროს ჩვენ? იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ.

ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა - ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში.

აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად; შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ.

ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის მოხსენებაში იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიაღწია. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიგის შეერთებული შტატების პარტნიორობას.

ზურაბიშვილის თქმით, ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია.

"მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია - სიტყვა, რომელიც დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე მომავლის აშენებას ნიშნავს.

სწორად გააზრებული, გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ერის მომავალს.

ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოს.

ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები.

"ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში - ჩვენი ღირებულებები უძველეს ქართულ კულტურაზე დგას. სამწუხაროა, რომ ამ უძველესი კულტურის პატრონმა ერმა თითქოს დავივიწყეთ, რა არის კულტურა სინამდვილეში. კულტურა ხომ არც სხვადასხვა შემოქმედებითი დარგის ერთობლიობაა და არც გართობის ინდუსტრია. ღირებულებები, რომლებსაც ახლა ასე ვივიწყებთ, ქმნიდა იმ უნიკალურ ქსოვილს, რომელმაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააძლებინა. ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას - ძალადობას ქალთა მიმართ. გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება სუფევს, ყველას აქვს და საქართველოში ყველას ყოველთვის ჰქონდა, აღმსარებლობის არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება, შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში".

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის.

"აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რუსეთის მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია.

"მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას.

ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მითუმეტეს - გარიგებას.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას. რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას.

როცა ვიცით, რომ მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო, შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო