გიორგი კახიანი: "ნაცმოძრაობამ" იცის, რა შანსებიც აქვს, ამიტომ ეძებს მუდმივად დესტაბილიზაციის საბაბს" - კვირის პალიტრა

გიორგი კახიანი: "ნაცმოძრაობამ" იცის, რა შანსებიც აქვს, ამიტომ ეძებს მუდმივად დესტაბილიზაციის საბაბს"

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებასა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი გვესაუბრა:

- ოპოზიციისა და ხელისუფლების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და საბოლოოდ გვეცოდინება ოპოზიციის პოზიცია ჩვენ მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე. იმედია, ადეკვატურად იქნება აღქმული და რომელიღაც მოდელზე შევთანხმდებით.

- 110/40 და 1%-იანი ბარიერი საბოლოო შეთავაზებაა?

- როდესაც ლაპარაკია მაჟორიტარული ოლქების მანდატებზე, ჩვენ არა კონკრეტულ ციფრებზე, არამედ ოლქების გაყოფის გონივრულ სტანდარტებზე ვფიქრობთ. არასწორი დაყოფის შემთხვევაში მაჟორიტარებისთვის შეუძლებელი გახდება თავიანთი ფუნქციების შესრულება.

- ამ ეტაპზე მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების მაქსიმუმი რამდენია? - 40 ოლქი ბოლო ზღვარია. ამიტომაც ვთავაზობდით 100/50-ს, მაგრამ კომპრომისზე მაინც წავედით.

- გაქვთ მზად კანონპროექტი? - პროექტი მზადაა, მაგრამ არ გასაჯაროებულა. ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის პასუხს, რათა მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა ჩავწეროთ. თუმცა ინიცირების შემდგომაც არის შესაძლებელი ცვლილების შეტანა. ჩვენ არაერთ კომპრომისზე წავედით - ვთქვით, რომ 100/50 მაჟორიტარული სისტემა ყოფილიყო ერთჯერადად ჩასატარებელი არჩევნების მოდელი, 2024 წელს კი ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს. შემდეგ ვთქვით, რომ თანახმა ვიყავით განგვეხილა 110/40-ის საარჩევნო სისტემაც. შემდეგ ოპოზიციამ დაინახა რისკი, რომ 30%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიამ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა მიიღოს და აქაც გადავდგით კომპრომისული ნაბიჯი - კონსტიტუციის პროექტში ჩაიწერა ნორმა, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ოპოზიციას კი ერთი ნაბიჯიც არ გადმოუდგამს.

- რამ განაპირობა ხელისუფლების კომპრომისები?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ საზოგადოება, ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები.

- ეს ხომ არ არის დასავლეთის ზეწოლის შედეგი? - ეს არის მეგობრების მოსაზრებების შედეგი, რომელთაც ვაანალიზებთ და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ. ამერიკელი კონგრესმენები, მათ შორის ბატონი კინზინგერი, ჩვენი მეგობრები არიან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ კითხვებზე პასუხი გავცეთ.

- ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითხოვს... - პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს. ამის დაკავშირება საარჩევნო სისტემასთან არასწორია. მგონი, მიხვდნენ კიდეც ამას და ამიტომაც გააკეთა უგულავამ განცხადება.

- სააკაშვილის შტაბზე რას ფიქრობთ?

- სერიოზულად არ ვუყურებ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რა შანსებიც აქვს, ამიტომ ეძებს მუდმივად დესტაბილიზაციის საბაბს. ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ მიზნის მიღწევას, მაგრამ საქართველოში რევოლუცია ან მსგავსი რამ რომ არ ყოფილა, მეტყველებს, რომ ხელისუფლება თავის სიმაღლეზეა.