ეკა ბესელია: "წინ რთული ამოცანა გვაქვს: ვითარება ისე უნდა შევცვალოთ, რომ წარსული არ დავაბრუნოთ" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "წინ რთული ამოცანა გვაქვს: ვითარება ისე უნდა შევცვალოთ, რომ წარსული არ დავაბრუნოთ"

ოპოზიციონერი ლიდერები იმედოვნებენ, რომ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა რიგი მოთხოვნებიც აქვთ - ადეკვატური წინადადებების შეთავაზებას და დათქმული პირობების შესრულებას მოითხოვენ. რას მიიჩნევს ოპოზიცია ადეკვატურად და რა დათქმებზე შეიძლება იყოს მათ შორის საუბარი, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია გვესაუბრება.

- ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად პასუხისმგებლიანია მისი მოქმედება. ლაპარაკი კი არ უნდა კომპრომისს, არამედ ფურცელზე დაწერა, თუ რას ცვლიან და როგორ. კომპრომისი კი არის საარჩევნო მოდელის რეალური რეფორმა, სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინა პირობა, კონსტიტუციური ცვლილებები, პროპორციული სიის გაზრდა და მაჟორიტარების ისე გადანაწილება, რომ ოლქები არ დაიჩეხოს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადანაწილდება ოლქები, უნდა იყოს არაძალადობრივი გარემო და შეწყდეს რეპრესიები.

- რამდენად მისაღებია თქვენთვის ხელისუფლების ინიციატივა დამზღვევ-ჩამკეტ მექანიზმებსა და მანდატების მაქსიმალურ ზღვარზე? - ეს ზეპირი განცხადებებია. ამიტომაც ვამბობ, რომ საჭიროა ფურცელზე დაწერონ ის ვერსია, რასაც გვთავაზობენ.

- როგორ აღიქვით კალაძის განცხადება, რომ ვერ ხედავს პრობლემას 110/40-ზე იქნება, 120/30-ზე, თუ პროპორციული არჩევნები? - თუ ასე ფიქრობენ, რატომ ვერ გააქვთ ეს წინადადება? საკმარისი წონა არა აქვთ კალაძეს ან ივანიშვილს? რას გვიმტკიცებენ, ეგენი ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს და ბერაიასა და მის მსგავსებზეა ყველაფერი დამოკიდებული? სინამდვილეში ხომ მათ არავინ არაფერს ეკითხება?!

- 1%-იანი ბარიერი ისევე მისაღებია "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოსთვის", როგორც ვთქვათ, თქვენთვის? - ეს საკითხი მე არასოდეს დამიყენებია. ჩემს ახალ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვისაა, 3%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არა აქვს. არჩევნები მართლაც რთული იქნება. ფაქტია, არათანაბარ პირობებში ვართ, ფინანსური რესურსი მხოლოდ მმართველ გუნდსა და დიდ პარტიებს აქვთ. ჩვენ მხოლოდ ადამიანური რესურსის გამოყენება მოგვიწევს. წინ მომავლის არჩევნები გველის. შესაბამისად, უფრო რთული ამოცანა გვაქვს - დღევანდელი ვითარება ისე უნდა შევცვალოთ, რომ წარსული არ დავაბრუნოთ.

- ამ მოლაპარაკებაში წარმმართველი ძალები "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არიან და ეს დისკომფორტს არ გიქმნით? - მე ასე არ ვფიქრობ. ყველას თავისი ხმა და თავისი ადგილი აქვს. ივანიშვილმა, ანუ საკუთარი პარტიის ლიდერმა, ვერ მომახვია თავს ის აზრი, რასაც არ ვეთანხმებოდი, სხვა პარტიები როგორ მაიძულებენ იმის გაკეთებას, რაც არასწორად მიმაჩნია?

- პროპორციული სისტემის გამო თქვენ პრინციპულად განსხვავებული პოზიციის მქონე ძალებთან თანამშრომლობა შეძელით. რა იქნება შემდეგი საკითხი, რის გამოც ისევ შეძლებთ ოპოზიციურ ერთობასთან თანამშრომლობას? - ერთადერთი, რის გამოც ვთანამშრომლობ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, საარჩევნო სისტემაა. მთავარია, როგორი იქნება სასამართლო ხელისუფლება და სასამართლო რეფორმა. აი, ამაზე შეთანხმება პრინციპულ საკითხად მიმაჩნია.

ხათუნა ბახტურიძე