გია ხუხაშვილი: "120/30 მოდელს მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი და "გამიშვი და გამაკავე" არ სჭირდება..." - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილი: "120/30 მოდელს მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი და "გამიშვი და გამაკავე" არ სჭირდება..."

"უგულავასა და რურუას წერილებმა ოპოზიციას საშუალება მისცა, სახე შეენარჩუნებინა და ისე წასულიყო კომპრომისზე"

ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ. "ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ შეთანხმების კარი ღიაა და ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების შეგნებასა და მზადყოფნაზე... უგულავასა და რურუას განცხადებებმა გახსნა შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს და საქართველო გამოვიდეს ამ ღრმა კრიზისიდან", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ "ფეისბუქის" საშუალებით განაცხადეს, რომ პოლიტპატიმრების საკითხმა ხელი არ უნდა შეუშალოს შეთანხმებას პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღებაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა აუცილებელია. "ოპოზიციას ვუთხარით, რომ პრინციპი, რომელიც აწუხებდათ - 40-პროცენტიანი, რამდენიმე მექანიზმით იქნება დაზღვეული. ოპოზიციას შეუძლია ისიც თქვას, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოიყვანეს. ვნახეთ გზავნილი, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემა ჩაიხსნა - ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან"... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს.

- ვითარებას ფრთხილი ოპტიმიზმით შევაფასებდი. საყურადღებო იყო კალაძის განცხადებაც, რომ ის საარჩევნო სისტემის 120/30 მოდელის მომხრეა. არ ვიცი, ეს პოლიტიკური მანევრია თუ დაანონსება იმისა, რომ ხელისუფლება ამ მოდელს დათანხმდება, თუმცა ეს შეთანხმებისთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან 110/40 ვერ უზრუნველყოფს 40%-იან თამასას მთავრობის დაკომპლექტებისთვის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება კარი ჩაკეტო, მაგრამ ფანჯრიდან გადაძრომის საშუალებას იტოვებ, რასაც ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს...

- ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ 2020 წლის და შემდეგი მოწვევის პარლამენტებში პლურალისტური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად 1%-იან ბარიერს განიხილავს. ამაშიც რაიმე ინტრიგაა ჩადებული? - ინტრიგის შესაქმნელი უფრო 1%-იანი ბარიერია. ეს ხელისუფლების ტაქტიკური ცდაა, არ დაუშვას მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების წარმოშობა. ასეთი ბარიერი სხვა მიზეზითაც არ მომწონს - პარტია, რომელიც 1%-ის ზღვარზეა და სხვა ძალასთან კოორდინირების გარეშე მიდის არჩევნებზე, ქაოსის წინა პირობას ქმნის. ეს შემოგდებული თემაა, რათა ვიღაცას ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილების შეტანის, ვიღაცას კი მცირერიცხოვანი პარტიების გადმობირების იმედი ჰქონდა...

120/30-ზე ნამდვილად არის მოდელი, რომელზეც შეიძლება კონსენსუსის მიღწევა. სხვათა შორის, სულაც აღარ არის საჭირო მოლაპარაკების გაგრძელება. თუ ხელისუფლებას მართლა აქვს ნება, რომ 120/30 მოდელით ჩატარდეს არჩევნები, შეუძლია ინიციატივას კანონპროექტის სახე მისცეს და კენჭისყრაზე გაიტანოს. აAმის შემდეგ ოპოზიციას გაუჭირდება დასაბუთება, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი.

- იმის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, რომ 120/30 შესაძლოა არ არის "ოცნების" ნება? - ხომ გვახსოვს, "ოცნებამ" პროპორციული არჩევნების დაპირების შემდეგ როგორ გადაგვაგდო?! ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ ჰაერზე არ ლაპარაკობს?! თუ "ოცნება" ნამდვილად მზად არის 120/30 მოდელისთვის, ეს კანონის სახით უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. ამას მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი და "გამიშვი და გამაკავე" არ სჭირდება. ნახეთ, ხელისუფლებას როგორი ურთიერთწინააღმდეგობრივი რიტორიკა აქვს - ერთი მხრივ, ამბობს, რომ აქვს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა და არჩევნებში 40%-ს კი არა, 60%-ს აიღებს; მეორე მხრივ, თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატზე ვაჭრობს და აპოკალიფსურ სურათს ხატავს. შე კაი კაცო, თუ ასე დარწმუნებული ხარ, რომ 60%-იანი მხარდაჭერა გექნება, მაშინ პროპორციული სისტემის ჩაგდების საშინელი ისტორია რატომ შეკერე და რისთვის მიიღე ამხელა რეპუტაციული დარტყმა?!

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დასავლეთს და ამერიკელ კოლეგებს უწევენ ანგარიშს და გადაწყვეტილებებსაც მათი გულის მოსაგებად იღებენ. - ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ მის პირად კეთილდღეობას არ შეექმნას დასავლეთიდან საფრთხე. იცის, რომ ამ კრიტიკულ რიტორიკას მალე კონკრეტული შედეგებიც მოჰყვება. ამიტომ ათამაშებს ხელისუფლებას კონსტრუქციობანას. რაც შეეხება ოპოზიციას, უგულავასა და რურუას წერილებმა ოპოზიციას საშუალება მისცა, სახე შეენარჩუნებინა და ისე წასულიყო კომპრომისზე. ოპოზიცია პოლიტპატიმრების თემით აპელირებდა, ხელისუფლება კი დათმობაზე ვერ წავიდოდა - მათი გათავისუფლებით იძულებული იქნებოდა ეღიარებინა, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს. ეს იყო ჩიხი, რომლის გახსნის შესაძლებლობა შექმნეს რურუამ და უგულავამ.

- ხელისუფლება ამ გამოცდილებას "ლელოს" ან სხვა პოლიტიკური ლიდერების შემთხვევაში თუ გაითვალისწინებს? - პოლიტიკაში დაუწერელი კანონია - საარჩევნო წელს ოპოზიციური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყო მაშინაც კი, როცა რეალური საფუძველი გაქვს, ვინაიდან ეს საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაციის რისკს ქმნის.

- ვანო მერაბიშვილის განცხადებამ, რომ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს ჩართვას, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რა ტიპის მოლაპარაკება მიმდინარეობს ოპოზიციურ კულუარებში? - საჯარო პოლიტიკა მერაბიშვილის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, თავის ფუნქციას "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის ხიდის გადებაში ხედავს. შესაბამისად, კულუარებში იმუშავებს...

- დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის სასწორის პინა ვის მხარეს უფრო იხრება? - ისევ "ოცნების". იმიტომ არა, რომ ხალხს უყვარს. ხალხს ორივე ეზიზღება. მაგრამ "ოცნების" უპირატესობა ის არის, რომ მის ხელში მეტი რესურსია. ახლა ამ ორ ძალას შორის რესურსების ჭიდილია, თუმცა ხელისუფლებაში ვერც ერთი ვერ მოვა. მომავალი ხელისუფლება ალტერნატიული პოლიტცენტრების ხელშია.

- "ლელოზე" არაერთხელ გითქვამთ, რომ ვერ შექმნის მესამე ძალას. შესაბამისად, რომელ ალტერნატიულ ცენტრებს გულისხმობთ? - "ლელოს" პერსპექტივა მართლაც ბუნდოვანია. ერთი მხრივ, არის დიდი ელექტორალური ბაზა, რომელსაც არც "ნაციონალები" უნდა და არც "ოცნება". ეს არის სეგმენტი, რომელზე გასვლაც "ლელოს" შეუძლია, თუმცა ის ვერ პასუხობს ამ საპროტესტო ელექტორატის მოთხოვნებს, უჭირს მისი დარწმუნება, რომ "ლელოს" უნდა მისცეს ხმა. მე ვერც სხვა, უფრო პერსპექტიულ ცენტრებს ვხედავ, მაგრამ თუ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა გვექნება, მივიღებთ მულტიპარტიულ დემოკრატიებს. ე.ი. ვერც "ნაცები" იქნებიან და ვერც "ქოცები" - ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად ორივეს დასჭირდება შედარებით სუსტი პარტნიორები და იქმნება შესაძლებლობა, რომ სწორედ მათ ხელში აღმოჩნდეს ის ოქროს გასაღები, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურ ცვლილებას მოიტანს. მულტიპარტიული დემოკრატია შექმნის იმის საფუძველს, რომ დასრულდეს ძალაუფლების უზურპაცია - ამ 30-წლიანი ციკლის მთავარი მანკიერება.

ხათუნა ბახტურიძე