თინა ხიდაშელი: "ოპოზიციის ერთიანობა არ მხიბლავს და მისი არსებობის არც არანაირი ინტერესი მაქვს" - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელი: "ოპოზიციის ერთიანობა არ მხიბლავს და მისი არსებობის არც არანაირი ინტერესი მაქვს"

"როგორც ჩანს, ძოძუაშვილმა ღარიბაშვილსაც დააკარგვინა მოთმინება"

"დელტას" გენერალური დირექტორის მოულოდნელ გადადგომაზე და ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებაზე "კვირის პალიტრა" თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს ესაუბრა.

- რატომ გადადგა "დელტას" გენდირექტორი, არ ვიცი, მაგრამ მე თავის დროზე რატომ გავათავისუფლე და როგორი წინააღმდეგი იყო ამის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, კარგად ვიცი. როგორც ჩანს, მასაც დააკარგვინა მოთმინება.

- ძოძუაშვილის წინააღმდეგ რა დოკუმენტები გაქვთ? - თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციამ მოიკვლია ძოძუაშვილის საქმიანობა და საჭიროდ ჩათვალა დოკუმენტების პროკურატურაში გადაგზავნა. სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, მე მყისიერად მივიღე მისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება, მაგრამ იზორიამ დააბრუნა.

მაშინ მოკვლევა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამო დაიწყო და დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. მოგვიანებით სხვა ფაქტორებიც გახდა ცნობილი. დანარჩენი სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება...

- ადრე განაცხადეთ, რომ "დელტა" თავად უნდა გახდეს სამინისტროსთვის სასარგებლო კომპანია. მოახერხა ამ კომპანიამ ეს? - როგორც ჩანს, ვერა, და ღარიბაშვილმაც იმიტომ გადაწყვიტა ძოძუაშვილის გათავისუფლება.

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების ბოლო რაუნდზე მინდა გკითხოთ... ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან არაფორმალური შეხვედრების შემდეგაც უცნობია, შეთანხმდებიან თუ არა. - არ ველი, რომ კრიზისიდან გამოსავალი უმრავლესობას გააზრებული აქვს და შეთავაზებისთვის მზად არის. თუმცა მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორები ასე აქტიურად არიან ჩართული და იმის გაკეთებას ცდილობენ, რასაც საქართველოს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს.

- შეხვედრების პარალელურად გახმაურდა კონგრესმენ კინზინგერის მუქარაც. რა შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების გაჯიქებას? - ვინც მეტ-ნაკლებად იცის, როგორ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ნათელი წარმოდგენა ექნება, რა ემართებათ იმ ქვეყნებს, სადაც არადემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არჩევნებიც არადემოკრატიულად ტარდება. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, ამით არის გამოწვეული ისიც, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ ამის თავიდან ასაცილებლად.

- "ქართული ოცნების" შეთავაზებით 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. - როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლება ადეკვატური შეთავაზებისთვის მზად არ არის, შესაბამისად, არც ეს მგონია ადეკვატური შეთავაზება.

- 110/40 სისტემაზე რა აზრის ხართ? - ერთადერთი სწორი ფორმაა პროპორციული არჩევნები, სხვა ყველაფერი არასერიოზულია. დროის გასაყვანად ვაჭრობენ. ჩვენ ორი ვერსია გვაქვს: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდება, პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეთ, ხოლო, თუ საამისო რაოდენობა არა აქვთ, მაშინ გერმანულ მოდელს დათანხმდნენ. დანარჩენი თამაში და მაქინაციის მცდელობაა. საბედნიეროდ, ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ამას ძალიან კარგად ხვდებიან და მათი მოტყუება შეუძლებელია.

- რამდენად შეძლებს ამ ვითარებაში ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას?

- პროპორციულ არჩევნებზე ერთიანობა მარტო ოპოზიციას კი არა, სრულიად საზოგადოებასაც აქვს. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, არ მხიბლავს და მისი არსებობის არც არანაირი ინტერესი მაქვს.

- დაქსაქსული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე არ ასხამს წყალს?

- ივანიშვილი არ არის ამ ქვეყნის ერთადერთი პრობლემა. ანალოგიური პრობლემაა მიხეილ სააკაშვილიც.

- თქვენი აზრით, რა ტაქტიკას შეიმუშავებს "ქართული ოცნება" არჩევნების მოსაგებად? - გამალებული ბრძოლა მაჟორიტარული სისტემის გადარჩენისთვის, ნიშანია, რომ ხელისუფლება საკუთარ დამარცხებაში დარწმუნებულია. ამიტომ ცდილობს მექანიკური საშუალებებით დააბალანსოს გარდაუვალი მარცხი. ეს საშუალებები, ადმინისტრაციული რესურსით მანიპულაცია, ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმა იქნება, მომავალში გამოჩნდება. დანარჩენი ფანტაზიის ამბავია და იმისა, თუ ბიძინა ივანიშვილი რამდენზე გაიკრავს ჯიბეზე ხელს.

- ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სისტემით შეძლებენ ხელისუფლების დამარცხებას. - ამაში მეც დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს...