"ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც აქამდე იყო შექმნილი" - კვირის პალიტრა

"ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც აქამდე იყო შექმნილი"

პარტია "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო სისტემისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებზე შეთანხმების შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური ან არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების აცილებას.

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ახლა მთავარია შეთანხმება შესრულდეს.

"ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ქვეყანაში ჩატარდეს შედარებით ნორმალური, ან მთლიანად ნორმალური საარჩევნო კამპანია და არჩევნები, არის მიღწეული შეთანხმება. ერთი საკითხია საარჩევნო სისტემის საკითხი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები. ცალკე დოკუმენტად შედგა შეთანხმება ამაზე. ცალკე შედგა შეთნხმება მომორანდუმზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესი იყო - პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ჩვენ გვესმის, რომ სამთავრობო გუნდისთვის სხვა შეხედულება არსებობს და მათ პოლიტპატიმრებს არ ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს შედეგს. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არცერთ მხარეს აღარ ჰქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყველა ამ პირის გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური ან არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების აცილებას. მთავარია ახლა შეთანხმება შესრულდეს.

ყველა პირი, რომელიც რომელიმე მოთამაშისთვის ამ მნიშველოვან პროცესში არის პრობლემატური საკითხი - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბატონი თამლიანი, არიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მათ პოლიტიკურ პატირებად მივიჩნევთ. ამ მემორანდუმს ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პარტიამ, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა“. ირმა ინაშვილმა არ მოაწერა ხელი გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისივე შეფასებით, "ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც შექმნილი იყო აქამდე“.

"დღევანდელი შეხევედრა არ იყო მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, ამიტომ არც ჩემი კომენტარია ამისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა იყო ამ ვითარების განმუხტვა და შემდეგ შედარებით ნორნალურ ატმოსფეროში მაინც ივანიშვილის დამარცხება არჩევნებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.