ვინ მოწამლა აფხაზური ოპოზიციის ლიდერი?! - კვირის პალიტრა

ვინ მოწამლა აფხაზური ოპოზიციის ლიდერი?!

"რუსეთში უკვე მუშაობენ, რომ აფხაზეთში "რუსიფიცირებული" კადრი დასვან"

რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან სოჭში მიმავალი აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მოულოდნელად ისევ ცუდად გახდა, ის საავადმყოფოში მედიკამენტოზური კომით გადაიყვანეს... რუსულმა მედიამ ექიმებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ორგანიზმში გაურკვეველი ნივთიერება აღმოაჩნდა, რაც, სავარაუდოდ, საკვებით მიიღო. ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წლის აპრილში ბჟანია სოხუმიდან მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს, მოგვიანებით კი ბერლინში გადაიყვანეს.

გერმანიაში ჩატარებული ანალიზების თანახმად, ოპოზიციონერის სისხლში მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს. მაშინ აფხაზეთში ხმა დაირხა, რომ მისი მოულოდნელი ავადმყოფობა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, ის არჩევნებს გამოეთიშა. უცნობია, რა მოხდება ახლა. 22 მარტს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შს ექსმინისტრი ლეონიდ ძიაფშბა. გვესაუბრება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ბჟანიას უკან დგას ანქვაბი, რომელიც 4-ჯერ გადაურჩა ტერაქტს, შიდასამთავრობო და კლანური დაპირისპირების გამო ბჟანიას მოწამვლაში რუსების ხელშეწყობით შესაძლოა ეს ძალები არიან ჩარეული. რუსეთში ვიწრო წრეში შესაძლოა მას დახმარებასაც შეჰპირდნენ, მაგრამ არა მგონია, ეს კრემლის დონეზე იყოს გადაწყვეტილი, რადგან რუსეთს არ სჭირდება არეული აფხაზეთი და იმას დაუჭერს მხარს, ვისაც აფხაზი ხალხი აირჩევს. თუ ამ მძიმე ვითარების მიუხედავად, ე.წ. არჩევნები მაინც გაიმართა, ეს რეგიონში უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. ე.წ. აფხაზ ხელმძღვანელობას უნდა ეყოს გონიერება და არჩევნები გადადოს, რადგან როგორც უნდა გამომჯობინდეს ბჟანია, 22 მარტამდე იმდენად მცირე დროა დარჩენილი, ისე კარგად მაინც ვერ გახდება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. კიდევაც რომ მიიღოს, შესაძლოა საზოგადოებამ დაასკვნას, ავადმყოფი პრეზიდენტი რად გვინდაო. ამით დაზარალდება მისი გუნდი, რომელიც ახლა ალექსანდრე ანქვაბთან ერთად თითქმის 100%-იანი გამარჯვებისთვის იბრძვის. ამ შემთხვევაში შესაძლოა გაიმარჯვოს ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ, რაც შემდეგში აუცილებლად დაძაბავს ვითარებას და დაპირისპირება გარდაუვალი გახდება. თუ ახალ ვადამდეც ვერ დადგა ბჟანია ფეხზე, არ არის გამორიცხული, მისი გუნდიდან იყაროს კენჭი ვინმემ, თუნდაც ალხაზ კვიწინიამ, რომელიც აგვისტოს არჩევნებში მონაწილეობდა. მთავარია, ის ანქვაბის რჩეული იყოს.

- აფხაზებისთვისაც გაუგებარია, რა განაპირობებს ანქვაბის ასეთ მაღალ რეიტინგს როგორც პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, ასევე კრიმინალურ წრეებში. - ანქვაბი 2014 წელს სრულიად უსამართლოდ გააგდეს და ხაჯიმბა, პრაქტიკულად, მოსუფთავებულ ადგილზე მივიდა. მას რუსეთი უჭერდა მხარს, რაც აფხაზებს ძალიან არ მოსწონდათ. ხაჯიმბამ ანქვაბის "ნანგრევებზე" კი გაიმარჯვა, მაგრამ ნელ-ნელა კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ ვითარების გაკონტროლების შესაძლებლობა ხელიდან რომ არ გაჰქცეოდა, კრიმინალებს შეეკრა. გარდა ამისა, ანქვაბის დროს რაღაცები მართლა კეთდებოდა: სოხუმში სტადიონი ააშენა, ინფრასტრუქტურაც უფრო განავითარა, მართალია, რუსული ფულით, მაგრამ მაინც. ხაჯიმბას დროს ეს თანხა არც ჩანდა, თუ არ ჩავთვლით კორუფციულ პროექტებს. ამასთან, ანქვაბს რამდენიმე ტერაქტი მოუწყვეს - აშკარა იყო, მას ვიღაც ებრძოდა და ეს არ იყო ხელწამოსაკრავი ძალა.

- რაც მთავარია, გარედან, ანუ რუსეთიდან იმართებოდა, ისევე როგორც ახლა. - შესაძლოა, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილიც ხომ გარედან წამოსული დირექტივებით იმართება. ანქვაბი პროაფხაზურ ძალადაც აღიქმება და როგორც ბოლო დროს ცხადი ხდება, რეგიონში რუსეთის მიმართ იდეალური დამოკიდებულება აღარ არის. პროაფხაზურ ძალასაც რუსეთის იმედი აქვს, მაგრამ პრორუსული ძალა აფხაზებს რუსეთის ნარატივის პირდაპირ შემსრულებლად მიაჩნიათ. აფხაზებს პროაფხაზი მთავრობა სურთ, რომელსაც რუსეთთან დისტანციური ურთიერთობა ექნება, ანუ შიდა საქმეებში ნაკლებად ჩარევს, თუმცა მისგან ფულს მიიღებს.

- ანქვაბი ასე იქცეოდა?

- დიახ... მას ეროვნული კონსენსუსიც სურდა, თუნდაც გალის რაიონის ინტეგრირება, თუმცა შემდეგ მოვიდა ხაჯიმბა თავისი ქართველების მტერი თემურ ნადარაიათი, რომელიც გალის ადმინისტრაციაში დანიშნა და აფხაზები ლამის გალის ქართველობას გადაჰკიდა. ანქვაბს ერთი ძალიან გონიერი კადრი ჰყავს - ლეონიდ ლაკერბაია, რომელსაც ბევრი რამის სწორად დაგეგმვა შეუძლია. მას აფხაზები პატივს სცემენ. გარდა ამისა, ანქვაბის დროს სომეხი მოსახლეობა თავდაჭერილად იქცეოდა, ახლა კი ბიზნესგავლენების გაზრდასთან ერთად, პოლიტიკური ამბიციებიც აქვთ. თავად სომეხი მოსახლეობა ჩუმადაა, ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ დაინახეს, რომ აფხაზები ბჟანიას მხარეს არიან, მას მისცემენ ხმას, თუ ადგურ არძინბასკენ გადაიხრებიან, მას მიემხრობიან. კარგად გრძნობენ, საით ქრის ქარი. თუ მათთვის საწინააღმდეგო მიმართულება იქნება, კბილების გამოჩენაც შეუძლიათ.

- აფხაზურ ბიზნესში სომხური ლობი ძლიერია. თუ რეგიონში პროაფხაზური ლიდერი მოვა, მათ პრობლემებს არ შეუქმნის? - სომხებს პრორუსი ლიდერის მოსვლა ურჩევნიათ, მაგრამ იმავდროულად აფხაზურ კორუფციას სომხური ბიზნესი კვებავს. დიდი ფულით იოლად შედიან აფხაზი მაღალჩინოსნების კაბინეტებში. ბიზნესმენები აფხაზებსაც ჰყავთ, მაგრამ ასეთივე ძლიერი არა. ასე რომ, ნებისმიერ პროაფხაზურ ლიდერს აწყობს "ზომიერი" კორუფცია, რათა სარგებელიც ნახოს და გარიგებული იყოს ისეთ ბიზნესთან, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" არ ემუქრება. ამიტომ მზად არიან შეღავათი გაუწიონ, არ დაარტყან სომხურ ბიზნესს.

- სომხებს, ძირითადად, ტურისტული ბიზნესი აქვთ. - დიახ, მაგრამ მიბმული არიან რუსებზე - კრასნოდარელი რუსი ბიზნესმენების ფული იქ სწორედ სომხების საშუალებით მოძრაობს. ასე რომ, არა მგონია, პროაფხაზურმა მმართველობამ სომხურ ბიზნესს შეუტიოს. უფრო სომხურ პოლიტიკას უტევენ, როდესაც სომხები პრივილეგიებსა და მეტ უფლებებს ითხოვენ.

- სხვა ე.წ. კანდიდატებზეც გკითხავთ, ადგურ არძინბასა და ლეონიდ ძიაფშბაზე.

- ადგურ არძინბა იბრალებს, ვლადისლავ არძინბას ნათესავი ვარო, სინამდვილეში მისი კლანის წევრია. მან სოჭის საავადმყოფოში მოინახულა ბჟანია, მაგრამ ვერ ისაუბრებდნენ, რადგან ანქვაბის ფავორიტს ლაპარაკი არ შეუძლია. ასე რომ, არძინბას აქვს შანსი, ოღონდ მხოლოდ ბჟანიას შემდეგ. ის პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ხალხმა შესაძლოა ხმა მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ ახალგაზრდაა... ლეონიდ ძიაფშბამ თქვა, გადავდოთ არჩევნებიო. მას შანსი არა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ორჯერ იყო "შს მინისტრი" და მის დროს საშინელი კრიმინალური ვითარება იყო. მას უბრალოდ ქულების ჩაწერა სურს.

- ბოლო დროს ისეთი პირებიც წამოტივტივდნენ, როგორიც არის ლუგანსკში მებრძოლი ახრა ავიძბა. აფხაზების ნაწილი მის გმირად წარმოჩენასაც ცდილობს, თუმცა ამ პათოსს ბევრი არ აჰყვა, მეტიც, მას შეიარაღებული ხულიგანი უწოდეს. - აფხაზეთში კრიმინალურ სეგმენტს დიდი გავლენა აქვს. ანქვაბი მათთან ბრძოლას ცდილობდა, ხაჯიმბამ კი პოლიტიკურ წრეებში შეიყვანა და მისი რეჟიმიც ამას შეეწირა - სექტემბერში სოხუმში ავიძბა-შამბას ჩაცხრილვას მოჰყვა ყველაფერი. მაშინ ერთი უდანაშაულო გოგონაც დაიღუპა, რამაც აგრესია უფრო გაამწვავა. აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში თავად ხაჯიმბაც იყო გარეული თავისი დაცვის წევრებით. ახრა ავიძბა ხაჯიმბას ებრძოდა ნათესავის მკვლელობის გამო, მაგრამ ამის გაკეთებას იარაღით აპირებდა. მოსახლეობა კი დაიღალა ამდენი სისხლით, ამდენი საეჭვო დაპირისპირებით. იციან, რომ მათ ალაგმვას ანქვაბივით მკაცრი ხელი სჭირდება.

- რას იტყვით ახალ თაობაზე? - მოდიან ვიღაცები, მაგალითად, ინალ არძინბა, პრორუსი კი არა, თანამედროვე, რუსული ჩინოვნიკური მანერების აფხაზი. იმედია, ის თავისი პოლიტიკით პოპულარული ვერ გახდება და არც უჩანს ასეთი პირი, თუმცა რუსეთი მუდმივად ცდილობს დონბასში მებრძოლ ავიძბასავით მის ჰეროიზაციას. ამის გაგრძელება ის იქნება, რომ 5-6 წელიწადში ასეთი კადრების დახმარებით ის აფხაზეთის ანექსიას ყირიმივით დაუფარავად დაიწყებს და ამას ხვდებიან აფხაზები. რუსეთში უკვე მუშაობენ, რომ აფხაზეთში "რუსიფიცირებული" კადრი დასვან.

- აფხაზეთში რუსეთის "ელჩმა" ალექსეი დვინიანმა განაცხადა, რომ ბჟანიას კიდევ ერთხელ შესაძლო მოწამვლის გამო აფხაზი პოლიტიკოსები "რუსეთის საელჩოს" პიკეტირებას აპირებდნენ. - ეს განცხადება დასაფიქრებელია. დიდი ალბათობით, თავად მოიგონა ეს, რათა რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია გადაეფარა, თუ რა ხდება ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთში, როგორ უსინდისოდ ებრძვიან იქ გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთ ლიდერს მოსკოვის რჩეული ხაჯიმბას კლანის წევრები.

- რის გაკეთება შეუძლია ასეთ დროს ქართულ მხარეს?

- ქართულ მხარეს არც უცდია აფხაზებისთვის კარტ-ბლანშის შეთავაზება - ფედერაციული მოწყობის ფარგლებში ეკონომიკის, სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე საუბარი. ეს შანსი ხელიდან გავუშAვით.