"საარჩევნო მოდელზე შეთანხმება არის ქვეყნის გამარჯვება, მიმანიშნებელი, რომ საქართველოში ჩატარდება არჩევნები და არა ორთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად" - კვირის პალიტრა

"საარჩევნო მოდელზე შეთანხმება არის ქვეყნის გამარჯვება, მიმანიშნებელი, რომ საქართველოში ჩატარდება არჩევნები და არა ორთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად"

პარტია "ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო მოდელზე შეთანხმება ეს არ არის არავისი გამარჯვება და არავისი დამარცხება. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეს არის გამარჯვება ქვეყნის, მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები და ბევრთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად.

“საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და მას ხელი მოაწერა ყველა პარტიამ, ვინც აქ იყო წარმოდგენილი - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული, 1%-იანი ბარიერი და 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რომ პარტია, ვინც 40 %-ზე ნაკლებს მიიღებს ვერ შეძლოს უმრავლესობის მიღება. ეს არის ტექსტი, რომელზეც ხელი მოეწერა და აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებში. ეს ცვლილებები მომავალ კვირაში პარლამენტში შევა დადგენილი წესით. გარდა ამისა, ხელი მოეწერა მემორანდუმს. განსაკუთრებით ყურადღებაა მისაქცევი მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სისტემის მხრიდან საარჩევნო წელს კანონის დაცვის თაობაზე, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივებით ვინმეს დევნა, ან დევნილი პირების საქმეების ამ თვალით შეხედვა და გადახედვა. კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე აქ საუბარი არ არის. მემორანდუმი ეხება პრინციპს და ამ პრინციპის შესაბამისად ყველა კონკრეტული საკითხის, ყველა კონკრეტული გვარის და კონკრეტული საქმის ბედი გადაწყდება შემდეგომში ამ პროცესში.

ეს არ არის არავისი გამარჯვება და არავისი დამარცხება. გამარჯვებულებს ჩვენ დავითვლით ოქტომბერში, არჩევნებზე. ეს არის გამარჯვება ქვეყნის, მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები და ბევრთაბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად და ეს არის კარგი. ამასობაში, წინ გრძელი გზაა. დაახლოებით, ორთვენახევარი დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციად ქცევას. პარალელურად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია: "ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".