"უმრავლესობის შეხვედრაზე, ფაქტობრივად, ომი იყო და დეპუტატები ერთმანეთს უცენზუროდაც მიმართავდნენ" - კვირის პალიტრა

"უმრავლესობის შეხვედრაზე, ფაქტობრივად, ომი იყო და დეპუტატები ერთმანეთს უცენზუროდაც მიმართავდნენ"

სახელისუფლო პარტიასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც უცხოელი დიპლომატების ინიციატივით იმართებოდა, 8 მარტს კონკრეტული შედეგით დასრულდა. როგორც ვიცით, აშშ-ის საელჩოში გამართულ ბოლო შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ერთობლივად ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე  წესდება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმადვე, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ასევე შეთანხმდნენ ე.წ. პოლიტპატიმრების თაობაზე, თუმცა ოპოზიციისგან სრულიად სხვა განცხადებებს ვისმენთ. "მიღწეული შეთანხმებით, თამლიანს, ოქრუაშვილსა და რურუას აღკვეთი ღონისძიება უნდა შეეცვალოთ, ხოლო გიგი უგულავას მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმების აღსრულება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს, რადგან ეს აუცილებელია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

ცხადია, რომ ეს შეთანხმება ჩვენს ხელისუფლებაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის გამოძახილია. როგორც ჩანს, კარგად აუხსნეს "ქართულ ოცნებას", რომ არსებული საარჩევნო პირობებით ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდებოდა და "ქართული ოცნება" იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო.

აშკარაა, რომ სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება "ქართულ ოცნებაში" ყველას არ მოსწონს, მეტიც, ყველა ის პუნქტები, რაც მემორანდუმის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, ამბობენ, რომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რამაც უმარვლესობის არაერთი დეპუტატი აღაშფოთა. აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების" წარგზავნილებს, უკვე უმრავლესობის შიგნით მოუწიათ ახსნა-განმარტებების გაკეთება. უმრავლესობის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი არ დასწრებია, თუმცა დისტანციურად ეურთიერთა დეპუტატებს.

"უმრავლესობის შეხვედრაზე, ფაქტობრივად, ომი იყო და დეპუტატები ერთმანეთს უცენზუროდაც მიმართავდნენ", - უთხრა kvirispalitra.ge-ს სანდო წყარომ. რა თქმა უნდა, გულისწყრომას უმეტესად გამოხატავდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც თავს მოტყუებულად მიიჩნევენ. მათ არ მოსწონთ მაჟორიტარობის მანდატების 30-მდე შემცირება. მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე სწორედ მათ "დაბრალდათ" პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისთვის მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუმცა ეს მათი მხრიდან უფრო მმართველი გუნდისთვის გაწეული სამსახური იყო. ამიტომაც დღეს უკვე ისინი მიიჩნევენ თავს "გადაგდებულად".

ამიტომაც უკმაყოფილონი არიან, თუმცა მაჟორიტარების გარდა, უმრავლესობაში განაწყენებულები არიან ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებითაც. ნუკრი ქანთარია

"ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენს იმ წევრებს, ვინც იყვნენ, არ უთქვამთ, რომ ვინმე კონკრეტულზე იყო ლაპარაკი. როგორც ვიცი, ეს იყო ზოგადი ჩანაწერი. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება და მათზე ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები არიან, რასაც ვერაფრით დავეთანხმები. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარი არ უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ კაცს, რომელსაც მილიონები აქვს მოპარული, რანაირი პოლიტპატიმარია?! ან პარტიამ როგორ უნდა გაათავისუფლოს სასმართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანი?! რასაც ახლა ითხოვენ, აბსოლუტური ნონსენსია. ერთადერთი ბერკეტი პრეზიდენტს აქვს, მაგრამ არ მგონია, დამნაშავე ხალხი შეიწყალოს, შეიძლება, კულუარული მოლაპარაკებისას ახსენეს უგულავა ან სხვა გვარი, მაგრამ ის, რომ ვინმემ ამაზე დასტური მიიღო, ტყუილია",  - გვითხრა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

მოკლედ, ვითარება საკამოდ დაძაბულია პარტიის შიგნით, თუმცა, როგორც ამბობენ, პარტიის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა ყველას მიანიშნა, რომ გადაწყვეტილება აღარ გადაიხედება. სავარაუდოდ, ის პერსონალურად ელაპრაკა რიგ მაჟორიტარებს, რომელთაც გარკვეუული დაპირებები მიიღეს. შესაბამისად, მათი ნაწილი აცხადებს, რომ აპირებს ცვლილებებს დაუჭიროს მხარი, თუმცა არიან, ისეთებიც, ვინც საჯაროდაც გამოთქვეს უკმაყოფილება. წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, ის კვლავ მაჟორიტარად იყრის კენჭს და პროპორციულ სიაში რომც შესთავაზონ ადგილი, უარს იტყვის.

ნუკრი ქანთარია: "მე ვიყავი უმრავლესობის სხდომაზე, ვიცოდით, რომ ჩვენგან 110/40 მანდატების ასეთი შეფარდება იყო შეთავაზებული, მაჟორიტარების 10 მანდატი კიდევ მოაკლდა, იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა წარსულზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. რაც შეეხება ივანიშვილთან მაჟორიტარებთან საუბარს, ამაზე არაფერი ვიცი, მე მას ნამდვილად არ შევხვედრივარ. შეიძლება სხვას შეხვდა და ესაუბრა, მაგრამ მე ეს არ ვიცი. დანარჩენი კი, ვნახოთ როგორ წავა პროცესი, იმედი მაქვს, რომ უმრავლესობის ის ნაწილი, რომელმაც წინა საკონსტიტუციო ვარიანტი ჩააგდო, ახლა მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება იმას, რა შედეგებს მოუტანს შექნილი ვითარება "ქართულ ოცნებას", რამდენად აღიქმება ეს დათმობები ოპოზიციის გამარჯვებად? თუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ეს საკუთარი პარტიის მარცხად აღიქვეს, ამან პარტიის შიგნით შესაძლოა გარკვეული ძვრები გამოიწვიოს. მოგეხსენებათ ძალის ცენტრს გარკვეულწილად აქვს თავისებური მიზიდულობის ძალა.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებდა: "მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარეც - თუ შეთანხმებას მიაღწიეს, ვის ჩაეთვლება ეს გამარჯვებად. თუ ოპოზიციამ მიაღწია სასურველ შედეგს, გამარჯვებულის ფსიქოლოგიით გააგრძელებს არჩევნებისთვის მზადებას, რაც მნიშვნელოვანია მისი მორალური სტატუსისთვის. მეორე მხრივ, ხელისუფლებასაც სჭირდება გამარჯვებულის რენომე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" პარტიული ვერტიკალისთვის. თუ იგრძნეს, რომ დასავლეთმა ისინი კედელთან მიაყენა და იმავდროულად, ცნობიერებაში ამოტივტივდა 2003 და 2012 წლების ანალოგიები, მაშინ შეიძლება "ოცნების" პარტიულ-სახელისუფლებო ვერტიკალში ფსიქოლოგიური რყევა დაიწყოს. თუმცა იმ წლებში არსებულ ვითარებასთან შედარებით, დღეს მნიშვნელოვნად სხვა გარემოა და ეს ოპოზიციას შეეხება. 2003 და 2012 წლებშიც ამომრჩეველს სახელგატეხილ ხელისუფლებასა და ახალ პოლიტიკურ ძალას შორის არჩევნის გაკეთების საშუალება ჰქონდა. ხალხი მას დიდი იმედით შეჰყურებდა. დღეს ამ ტიპის ოპოზიცია არა გვყავს".

ანა გიორგაძე თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)