"სააკაშვილი რომ შეხვდეს ოქრუაშვილს, ისე გაიქცევა, როგორც გორში" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი რომ შეხვდეს ოქრუაშვილს, ისე გაიქცევა, როგორც გორში"

"ნეტავ იქ ვყოფილიყავი, მეც დავუმატებდი. აქაც რომ მომეცეს ამის შესაძლებლობა, არ დავაკლებ"

"ბევრად დიდი წარმოდგენის ვიყავი ბადრიზე. როგორ უნდა "ჭამო" ასეთი რამ კაცმა?"

"ბიწაძემ დინამიტს მოუკიდა და ფეხებს შუა ამოიდო"

გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარიზში სასტუმრო "პარკ ჰაიატი ვანდომში" ირაკლი ოქრუაშვილი და დათა ახალაია ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა. შეხვედრის დეტალებსა და მით უმეტეს - ინციდენტზე თავდაცვის ექსმინისტრი ჯერჯერობით არაფერს ამბობს. პარიზში მომხდარ შეხლა-შემოხლაზე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა.

ერთი ვერსიით, ნაცემია დათა ახალაია, მეორე ვერსიით კი ირაკლი ოქრუაშვილს აქვს რამდენიმე მოტეხილობა. როდესაც მეორე ვერსია გავაცანით, ირაკლი ოქრუაშვილი ხუმრობის ხასიათზე დადგა. დეტალების გამხელას მომავლისთვის დაგვპირდა, რადგან არ უნდა ახალ წელს პოლიციაში მოუწიოს ჩვენების მისაცემად წასვლამ.

გოგა ხაინდრავამ, რომელიც ამ ინციდენტზე ოქრუაშვილს ესაუბრა, გვიამბო:

- ირაკლიმ ცხვირ-პირი დაუმტვრია დათა ახალაიას და ზედ "გლობუსა" (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი) მიაყოლა. როგორც ირაკლისგან ვიცი, ახალაიასა და "გლობუსას" ოთხი ქალი ახლდათ, მათგან ერთ-ერთი მერაბიშვილის ცოლი, თაკო სალაყაია იყო.

ირაკლი შვილებთან ერთად ყოფილა. უმცროსს, ანდრიას, ქუჩაში საპირფარეშოში შეყვანა უთხოვია. რადგან "ჰაიატთან" იყვნენ, ირაკლიმ იქ შეიყვანა და ამ დროს დაინახა ახალაია და კომპანია. მათ ვერ შეუმჩნევიათ. ირაკლიმ ბავშვები სასტუმროდან გამოიყვანა, მანქანაში ჩასხა, უკან შებრუნდა და დათა ახალაიას ცხვირ-პირი დაუნგრია.

რა უნდოდათ პარიზში, სასტუმრო "ჰაიატში" არდადეგებზე?

ეს ხალხი საქართველოს ბიუჯეტის ფულით არდადეგებზე დაბრძანდება იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 95% ლობიოს ვერ ყიდულობს. დევნილმა ნანა ფიფიამ თავი დაიწვა იმის გამო, რომ ქუჩაში, გამოაგდეს ახალაიასთანებმა, რომლებიც თვითონ  პარიზში ნავარდობენ. კარგი ნავარდობა კი გამოუვიდა. რატომ მეტი არ მოხვდათ! ნეტავ იქ ვყოფილიყავი, მეც დავუმატებდი. აქაც რომ მომეცეს ამის შესაძლებლობა, არ დავაკლებ.

- ინციდენტამდე ახალაიასა და ოქრუაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ?

- რა აქვს ოქრუაშვილს ახალაიასთან სალაპარაკო? ეს ორი სადისტი ძმა იყო ირაკლისთან, როდესაც ის ჯურღმულში ჰყავდათ. მაშინ ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო, დათა კი - კუდ-ის. ეს ნაძირალები აქტიურობდნენ ირაკლის საქმეში. ვენაცვალე ირაკლის ხელებში, რატომ მეტი არ უქნა.

- ერთი ვერსიით, ოქრუაშვილიც დაშავებულა.

- ახალაია როგორ სცემდა ირაკლის?

საკუთარი თვალით არაერთხელ ნანახს გეუბნებით, სააკაშვილით დაწყებული, მაგათ ყველას ელეთმელეთი ემართებოდათ ირაკლის დანახვაზე. თვალებში შეხედვას ვერ უბედავდნენ და რომელ გალახვაზეა ლაპარაკი? Mმეტსაც გეტყვით, როდესაც სასტუმროს დაცვამ გააშველა, ირაკლიმ ახალაიას დაურეკა, ჩამოდითო, მაგრამ სასტუმროს ნომერში ჩაიკეტნენ. როგორც ვიცი, ახალაიას სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, გვარიანად მოხვდა გიორგობიანსაც.

ეგენი მთელი ცხოვრება შნირები იყვნენ, ირაკლის გამოჩენაზე ფეხზე დგებოდნენ. ირაკლი ოქრუაშვილი მაგათთვის ყოველთვის იქნება, როგორც მახრჩობელა ბაყაყებისათვის. მერაბიშვილი ვერ ბედავდა მის კაბინეტში შესვლას და მაგის ძუკნები გაბედავდნენ?

როგორც ვიცი, ეს ამბავი სასტუმროს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს და მალე საშუალება გვექნება ყოუტუბე-ზე ვნახოთ.

ახალაია კი არა, სააკაშვილი რომ შეხვდეს ოქრუაშვილს, ისე გაიქცევა, როგორც გორში. ეგენი მხოლოდ საკუთარი თანამდებობებით წარმოადგენენ ვითომ რამეს, თორემ არც ერთი კაცი არ არის. ახალაიას მხოლოდ ის შეუძლია, ბორკილებდადებული პატიმარი გალახოს. გავიგე, "მასტერა" დაუნიშნავს ბაჩო ახალაიას სამხედრო პოლიციის უფროსად. ეს ის "მასტერაა", ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაში, მასზე ტერორისტული აქტის მომზადებასა და სანდრო გირგვლიანის საქმესა და ათას სიბილწეში რომ მონაწილეობდა.

- მინდა გკითხოთ იმ ბრალდებებზე, ლევან გაჩეჩილაძეს რომ ეხება.

- ის, რომ პრეზიდენტის დავალებით შს მინისტრი თავის მოადგილეს, ბადრი ბიწაძეს ავალებს, 5 მილიონი გაათეთრე და 2 მლნ ვისაც გინდა, მიუტანეო, კარგად მეტყველებს, ვისთანაც გვაქვს საქმე.

ბევრად დიდი წარმოდგენის ვიყავი ბადრი ბიწაძეზე. როგორ უნდა "ჭამო" ასეთი რამ კაცმა? რატომ დაგიძახა ვანო მერაბიშვილმა და გითხრა, ფული გამითეთრე და მიეცი "გრეჩიხასო"? არ უნდა იფიქრო, რატომ გითხრა ეს? გენდობა, მისი მეგობარი ხარ, თუ რადგან ბურჯანაძის ქმარი ხარ (რომელიც ყოველთვის მოწინააღმდეგედ მიაჩნდა მერაბიშვილის გუნდს),  ამიტომ აგირჩევდა?

სინამდვილეში ამით ბურჯანაძე შეაშინეს, იცოდე, ყველა გაყიდულიაო, მაგრამ ბიწაძე უფრო გონიერი და შორსმჭვრეტელი მეგონა.

- რატომ შეუტია ბიწაძემ გაჩეჩილაძეს, როდესაც ოქრუაშვილზე უნდა გაბრაზებულიყო?

- მაგას არ ვკითხულობ?! ეყოლება ბურჯანაძეს გვერდით ვინმე ვანოს მიგზავნილი "კეთილისმყოფელი" და ქალაქურად რომ ვთქვათ, ბადრი ააგდეს, მაგრად აჭამეს.

ლევანი არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც პოლიტიკურად ნაცემი ჰყავს სააკაშვილი. სააკაშვილი ფობიებით სავსე, ავადმყოფი კაცია, რადგან ლევანმა პოლიტიკურად სთხლიშა და ასფალტზე დააგდო.

ეს არ ავიწყდება. სააკაშვილისთვის #1 მოწინააღმდეგე ლევან გაჩეჩილაძეა. ოქრუაშვილმა ხელი მოგიქნია და ლევანს რატომ ურტყამ, ვერ გავიგე. ლევანი ერთი ჩუმი კაცია. არც ერთ ოპოზიციონერზე აუგი არ უთქვამს, მით უმეტეს - ნინოსა და "სახალხო კრებაზე". რომ გავიწ-გამოვიწიეთ და დიდი კითხვის ნიშნების მიუხედავად ოპოზიციაში ყოფნის საშუალება მოგეცით, ამიტომ გვესვრით ტალახს?

ბიწაძემ უპირველესად საკუთარ თავს ესროლა ტალახი. დინამიტს მოუკიდა, ფეხებშუა ამოიდო და თავის ცოლიც წაიყოლა. მან ნინოს უფრო გაუფუჭა საქმე, ვიდრე ლევანს.