იქნებ ჯერ ჩვენი მკვდარი დაგვეტირა... - კვირის პალიტრა

იქნებ ჯერ ჩვენი მკვდარი დაგვეტირა...

სხვისი მკვდრის დამტირებელს, თავისი დარჩა დაუმარხავიო, - ეს ანდაზა უკვე ჩვენს ხელისუფლებას ძვალ-რბილში გაუჯდა.

ამ დღეებში პრეზიდენტმა სხვისი მკვდარი კიდევ ერთხელ დაიტირა. მოტირალის ფუნქცია სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ შეასრულა. კერძოდ, პრეზიდენტი გამოეხმაურა მოსკოვში გამართულ სასამართლო პროცესს, რომლის დროსაც ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი დამნაშავედ ცნეს ქონების დატაცებაში. სააკაშვილმა ამ პროცესს სასაცილო და ცინიკური უწოდა და აღნიშნა, რომ  რუსეთში სასამართლო არ არსებობს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სხვა სახელმწიფოების სასამართლოების თავისუფლებაზე ტირილი, ცოტა არ იყოს, ანეკდოტურია. მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2010 წლის განმავლობაში 26172 საქმიდან მხოლოდ სამი გამამართლებელი და ცხრა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი აქვთ გამოტანილი(!). იქნებ ჯერ ამ საგანგაშო სტატისტიკით დაინტერესებულიყო პრეზიდენტი და მერე ეტირა ხოდორკოვსკი. ან იქნებ ჯერ ჩვენი ხოდორკოვსკებისთვის მიგვეხედა?

საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელების ბედზეც ტირის და ხან ჩერქეზებს ჰპირდება გენოციდის აღიარებას და ხან დიდოელებს უწევს ლობირებას საერთაშორისო ორგანიზაციებში. სამაგიეროდ, თევზივით დუმს საინგილოში მცხოვრები ქართველების შევიწროებაზე, რომ არიქა, თბილისის ცენტრში მდებარე ჰეიდარ ალიევის ბიუსტს არ ეწყინოს, ფეხი არ აიდგას და ბაქოში არ გაიქცეს.

ოფიციალურ თბილისს ისიც შეუძლია, რომ შეიფაროს ათასგვარი უცხოელი ხელმოცარული არქიტექტორი თუ ჟურნალისტი, შეუქმნას მათ სასათბურე პირობები, ააშენებინოს მრავალმილიონიანი ნაგებობები და  თითი თითზე არ დააკაროს საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

უკვე რამდენიმე თვეა ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობაში არიან. ასევე, ქართველი ზღვაოსნები ლიბიაში, ფაქტობრივად, მძევლების მდგომარეობაში არიან და რუსი და უკრაინელი კოლეგები სამადლოდ აჭმევენ. რას იზამ, როდესაც ხელისუფლება "ისტერნ პრომოუშენად" იქცა და, ძირითადად, კონცერტებით არის დაკავებული, "წვრილმანებისთვის" ვეღარ მოიცლის.